„დახეული მოდა“ - ვინ და როდის შექმნა დახეული ტანსაცმელი და რას ნიშნავს ეს ტენდენცია?
თუ ფიქრობთ, რომ დახეული ტანსაცმლის მოდა 21-ე საუკუნემ შექმნა, ძალიან ცდებით. მისი შექმნისთვის მადლობა ელიტურ სამხედრო დაქირავებულ მებრძოლებს - ლანდსკნეხტებს უნდა გადავუხადოთ, რომლებმაც ჭრილებიანი და ნახვრეტებიანი ტანსაცმლის ტარება ტრენდად აქციეს.
ლანდსკნეხტები თავისუფალი ადამიანები იყვნენ, რომლებიც წესებს არ აღიარებდნენ და ზნეობრივი ნორმები არ ადარდებდათ, რაც მათი ცხოვრების წესსა და ჩაცმულობაზეც აისახებოდა. ლანდსკნეხტები თავიანთი ფერადი ჩაცმულობით ყველასგან გამოირჩეოდნენ. მათ მდიდრული უნიფორმები ეცვათ, რომლებიც სხვადასხვა ფერის ზოლებით იყო გაფორმებული და ბუმბულებიანი, ფერადი თავსაბურავები ეხურათ. ლანდსკნეხტებს ჩაცმულობით ვერც ერთი ჯარის ნაწილი ვერ შეედრებოდა, უფრო მეტიც, მათი ტანსაცმლის სტილს მეფეებიც კი იმეორებდნენ.
თქმულების თანახმად, ერთ-ერთი ცხარე ბრძოლის შემდეგ ლანდსკნეხტების სამოსი ნაკუწებად იქცა. ჯარისკაცები იძულებულები გახდნენ, რომ ნემსი და ძაფი აეღოთ და სამოსი მტრის ალმების დახმარებით, პირდაპირ ბრძოლის ველზე, დაეკემსათ. ნაცრისფერი სამხედრო ფორმების ჭრილებში ფერადი ალმები უჩვეულოდ და ოროგინალურად გამოჩნდა. მოგვიანებით, „ლანდსკნეხტების საბრძოლო სტილი“ სამეფო კარის დიდებულებმაც მოირგეს და ძალიან მოეწონათ.
ლანდსკნეხტების ორი ერთნაირი სამოსი არ არსებობდა, რადგან სტილს თითოეული მებრძოლი თავისი ფანტაზიით არჩევდა და მკერავს უკვეთავდა, რომელიც ყველა საბრძოლო კამპანიაში დაჰყვებოდა. ლანდსკნეხტების სამოსი ძალიან ფერადი და ნათელი ქსოვილებისგან იკერებოდა. საზოგადოების სხვა ფენებს ასე ჩაცმა არ შეეძლოთ, მაგრამ ლანდსკნეხტებზე შეზღუდვები არ ვრცელდებოდა - მაქსიმილიან I-მა გადაწყვიტა, რომ მეომრის სიცოცხლე იმდენად ხანმოკლეა, რომ შეზღუდვები არ უნდა შეეხოს.
ჭრილებიანი სამოსი - რენესანსის მოდა
მე-15-16 საუკუნეებში ვენეცია და ფლორენცია მოდაში ახალი სტილის მთავარი კანონმდებლები გახდნენ. სწორედ ამ დროს ერთფეროვან, ნაცრისფერ სამოსში მრავალფეროვნება შემოიჭრა, რომელიც იმდროინდელ სტილისტებს ესთეტიკურად ლამაზი სტილის შექმნაში დაეხმარა. კოსტიუმების შექმნაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჭრილებმა, რომლებიც ტანსაცმლის ზედა ნაწილზე კეთდებოდა. საბოლოოდ, ლამაზი ფერებისა და მდიდრული სამკაულების შეხამება რენესანის ეპოქის სიმდიდრისა და ბრწყინვალების იმიჯს ქმნიდა.
XX-XXI საუკუნეების „დახეული მოდა“
1980-იან წლებში Comme Des Garcons-ის დიზაინერმა, რეი კავაკუბომ მოქსოვა სვიტერი, რომელზეც სხვადასხვა ზომის ნახვრეტები ჩანდა. მოგვიანებით, ეს სვიტერი Comme des Garçons-ის ბრენდის სიმბოლო გახდა.
1991 წელს პოდიუმებზე გამოჩნდა ატლასის ნაჭრებიანი სამოსი, რომლის ქვეშ ერთფეროვანი, მაგრამ კონტრასტული ფერის სამოსი მოჩანს. ვივიენ ვესტვუდის კოლექციამ ადამიანებს აჩვენა, რომ ქსოვილისა და ფერის კონტრასტულობა მრავალფეროვან სტილს ქმნის. 2018 წელს პოდიუმზე დახეული ჯინსი გამოჩნდა. ის ვინტაჟური პროდუქციის მიმართულებით მომუშავვე ბრენდებმა შექმნეს. მაგალითად, ჯიჯი ჰადიდის ბრენდი R13 სწორდ „დახეულ“ შარვალებს და მაისურებს აწარმოებს.
ვინ და რატომ ატარებს დახეულ ჯინსს? - თორსტეინ ვებლენის დასკვნა
ტანსაცმლის არჩევის მიდგომა და პრინციპი მე-19 საუკუნის სოციოლოგმა თორსტეინ ვებლენმა თავის ნაშრომში „უსაქმური კლასის თეორია“ აღწერა. ვებლენი განმარტავს, რომ მოდა დაღმავალი კიბის გასწვრივ ანუ მაღალი ფენიდან უბრალო მუშამდე და გლეხამდე მოძრაობს. დახეული ტანსაცმლის შემთხვევაში ყველაფერი პირიქით ხდება - უზრუნველყოფილი ადამიანი ღარიბის სამოსის ტარებას არჩევს, თუმცა ასე მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს. დავიწყოთ იმით, რომ განგებ „დახეული“ სამოსი საკმაოდ ძვირი ღირს, თანაც ასეთი სამოსით მუშაობა მოუხერხებელია. გამოდის, რომ „დახეული სამოსი“ ისეთ ადამიანს აცვია, რომელსაც მუშაობა არ სჭირდება. სწორედ ასეთი მოუხერხებელი სამოსი გამოარჩევდათ მე-18 საუკუნის დიდებულებსაც, რომლებიც ძალიან ვიწრო კორსეტებში და ძალიან ფუშფუშა კაბებში იტანჯებოდნენ. გლეხებსა და მსახურებს ყოველთვის უბრალო და მოხერხებული სამოსი ეცვათ, რომელიც მუშაობაში ხელს არ უშლიდათ.
თანამედროვე მსოფლიოში ყველაფერი პირიქითაა - ზედმეტი აქსესუარებით გადატვირთული სამოსი ხშირად მოკრძალებული შემოსავლის მქონე ადამიანებს აცვიათ, ხოლო უბრალო და მარტივი სტილი მდიდრებმა შეიყვარს. მაგალითად, მარკ ცუკერბერგს ხშირად ნახავთ უბრალო ჯინსებსა და ჩვეულებრივ მაისურში. რა ხდება, ელიტა უბრალო ადამიანებს დაუახლოვდა? სულაც არა. რიგით თანამშრომლებს სამსახურში უმეტესად, საქმიანი სტილის სამოსით მისვლა უწევს და დახეული ჯინსებით თუ უბრალო მაისურით ვერ გამოცხადდება.
და ბოლოს, თანამედროვე სამყაროში მოდა თავისუფლებისთვის ბრძოლის ერთ-ერთი მძავრი ბერკეტი და საკუთარი იდენტობის გამოხატვის საშუალებაა და მაინც, ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია.