გალუზინი: საქართველოს დემოკრატიული განვითარება გვაინტერესებს, მის საქმეში არ ვერევით
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიასთან საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ისაუბრა.
გალუზინი ირწმუნება, რომ დასავლეთს საქართველოში ხელისუფლების "მაიდანის სცენარით" ცვლილება და რუსეთის საზღვრებთან დაძაბულობის ახალი კერის შექმნა სურს.
"ვხედავთ დასავლელთა მცდელობებს, გაამწვავონ სიტუაცია საქართველოში ოქტომბერში ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში. არ გამოვრიცხავთ, რომ მიზანი მაიდანისებრი სცენარით ხელისუფლების ცვლილების მცდელობაა, რუსეთის საზღვრებთან დაძაბულობის კიდევ ერთი კერის შექმნის იმედით." – თქვა გალუზინმა ТАСС-თან საუბარში.
გალუზინის მტკიცებით, ბრალდება, რომ საქართველოში დემოკრატია შეილახა, "თვალთმაქცურია".
"ამჯერად დასავლელებმა გადაწყვიტეს ყურადღება საქართველოზე გადაეტანათ იქ განხილულ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ თავად აშშ-სა და სხვა მსოფლიოს "უმცირესობების" ქვეყნებში ამ თემაზე უკვე არსებობს ან განიხილება ბევრად უფრო მკაცრი ნორმები. ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან წამოვიდა თვალთმაქცური ბრალდებები "დემოკრატიის შელახვის", "ევროპულ" და "ევროატლანტიკურ" ღირებულებებთან შეუსაბამობის შესახებ, ასევე პერსონალური სანქციების მუქარა, საქართველოსთვის "ევროატლანტიკური პერსპექტივის" დაბლოკვის, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევისა და ამ ქვეყნის მოქალაქეთათვის უვიზო რეჟიმის შეწყვეტის მუქარა." – თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
გალუზინი შეეხო ესტონეთისა და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრების თბილისში გამართულ საპროტესტო აქციებზე გამოჩენასაც და მან გაიმეორა ქართული ოცნების ნარატივი, თითქოს ეს ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევაა.
"ეს არის დამოუკიდებელი ქვეყნის საშინაო საქმეებში აშკარა ჩარევა, სხვანაირად ვერ დაახასიათებ. ეს ყველაფერი არის ნეოკოლონიური პრაქტიკის ამაზრზენი მაგალითები, როგორ ახვევენ თავიანთ ნებას ქვეყნებს, რომელთა სუვერენიტეტის შეზღუდვასაც ცდილობენ." – თქვა გალუზინმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირწმუნება, რომ რუსეთი საქართველოს დემოკრატიული და სტაბილური განვითარებითაა დაინტერესებული და მოსკოვი თბილისის საშინაო საქმეებში არ ერევა.
"ჩვენი მხრივ, დაინტერესებული ვართ საქართველოს სტაბილურ დემოკრატიულ განვითარებაში. ამასთანავე, აშშ-სა და ევროკავშირისგან განსხვავებით, არ ვერევით სუვერენულ სახელმწიფოთა საშინაო საქმეებში." – თქვა რუსეთის საგარეო უწყების მაღალჩინოსანმა ТАСС-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.