ასტროლოგებმა 2024 წლის ზაფხულის ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღები დაასახელეს
2024 წლის ზაფხული არაერთი ასტროლოგიური მოვლენით იქნება დატვირთული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბევრ სიახლესა და ცვლილებას უნდა დაველოდოთ. ზაფხულშია სწორედ ისეთი საკვანძო თარიღი, რომელსაც დაბნელებებს შორის შუა წერტილს უწოდებენ და ხშირად მას ენერგეტიკულად იმაზე ძლიერი გავლენა აქვს ადამიანებზე, ვიდრე თავად დაბნელებას. ასევე, ზაფხულში შავი მთვარე სასწორის ნიშანში გადადის. შავი მთვარე სასწორის ნიშანში ურთიერთობებსა და რომანებზეა პასუხისმგებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ სასიყვარულო ურთიერთობების თვალსაზრისით, 2024 წლის ზაფხული ბევრი ადამიანისათვის გამოცდა იქნება. უფრო კონკრეტულად, ასტროლოგებმა დაასახელეს რამდენიმე მნიშვნელოვანი თარიღი, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობაზე დიდ გავლენას მოახდენს:
შუა წერტილები დაბნელებებს შორის
21 ივნისი, 29 ივლისი და 6 ივლისი - ეს ის დღეებია, რომლებმაც შესაძლოა, არაერთი უჩვეულო მოვლენის წინაშე დაგვაყენოს. შეიძლება, ის მოვლენები, რომლებიც აღნიშნულ დღეებში მოხდება, რაღაც კუთხით დაუკავშირდეს 25 მარტიდან 8 აპრილამდე არსებული დაბნელების დერეფნის დროს დაწყებულ საქმეებსა თუ ურთიერთობებს. ასევე, ის, რაც მოცემულ დღეებში მოხდება, შესაძლოა, 2024 წლის მეორე დაბნელების დერეფნის დროს - 18 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდში გაგრძელდეს.
მაგალითად, თუ 25 მარტიდან 8 აპრილამდე პერიოდში გაიცანით ვინმე, ან წამოიწყეთ ახალი საქმე, პროექტი, გაგრძელდება და შედეგი შესაძლოა, სწორედ დაბნელებებს შორის არსებულ შუა თარიღებში იხილოთ. თუ მაშინ გასაუბრებაზე იყავით და კარიერულ წინსვლას ცდილობდით, ახლა შესაძლოა, სასურველი პოზიცია მიიღოთ ან საბოლოოდ გაწყვიტოთ კონტრაქტი იმ კომპანიასთან, სადაც საკუთარი თავის განვითარების პერსპექტივას ვეღარ ხედავთ.
სავსე მთვარე თხის რქის ნიშანში
როგორც წესი, ზოდიაქოს თითოეულ ნიშანში წლის განმავლობაში ორი მთვარეა - ახალი მთვარე და სავსე მთვარე, რაც ციკლის ლოგიკური დასაწყისი და დასასრულია. თუმცა, 2024 წლის ზაფხულში თხის რქის ნიშანში ორი სავსე მთვარე იქნება. ერთი 22 ივნისს, მეორე კი 24 ივლისს. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ დღეებს განსაკუთრებული ენერგეტიკული პოტენციალი აქვთ და ამიტომაც, თითოეულ გადაწყვეტილებას დიდი ყურადღებითა და პასუხისმგებლობით მოეპყარით. შესაძლოა, გაორმაგებული შედეგი მიიღოთ. ამიტომაც, შეეცადეთ, სასიკეთო საქმეებით დაკავდეთ, მოერიდეთ კონფლიქტებს, ნეგატივის გამოხატვასა და დაპირისპირებას. იყავით კეთილგანწყობილი და ფოკუსირდით იმ საქმეებზე, რომლებიც გინდათ, რომ გამოგივიდეთ.
შავი მთვარე, ლილიტი, სასწორის ნიშანში
30 ივნისიდან შავი მთვარე, იგივე ლილიტი, სასწორი ნიშანში გადადის, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში სასიყვარულო ურთიერთობების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი გამოცდა გელით. თუკი თქვენს ურთიერთობას ბზარი გაუჩნდა და პარტნიორთან ჰარმონიულად ცხოვრებას ვეღარ ახერხებთ, შესაძლოა, ეს კავშირი სწორედ ამ პერიოდში საბოლოოდ დაიშალოს. ასევე, დიდია სასიყვარულო სამკუთხედში აღმოჩენისა და ღალატის რისკებიც. შესაძლოა, მოულოდნელად ყოფილი პარტნიორები, შეყვარებულები გამოჩნდნენ და ურთიერთობის განახლება შემოგთავაზონ. ლილიტი წარსულის კვანძის ნიშანს მიჰყვება. ამიტომაც, მოგინდებათ, მეორედ დაიწყოთ ის რომანი, რომელიც ადრე თქვენთვის მნიშვნელოვანი იყო და გარკვეული მიზეზების გამო დასრულდა. ემოციურად ეს პერიოდი შედარებით რთული და დამაბნეველი იქნება, რადგანაც შესაძლოა, არჩევანის გაკეთება გაგიჭირდეთ.
რეტროგრადული მერკური ლომის ნიშანში
5 აგვისტოდან 28 აგვისტოს ჩათვლით პლანეტა მერკური რეტროგრადულ მოძრაობაში იქნება. ლომის ნიშანში რეტროგრადული მერკური წარსულის ურთიერთობებთან დაგაბრუნებთ და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ. გადაწყვეტილება კი, რა თქმა უნდა, თქვენს პრიორიტეტებზე იქნება დამოკიდებული.
მარსისა და იუპიტერის შეერთება ტყუპების ნიშანში
16 აგვისტოს პლანეტა მარსი და იუპიტერი ტყუპების ნიშანში შეერთდებიან. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს მოვლენა თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში არაერთ ახალ ადამიან შემოიყვანს. ბევრად უფრო თავდაჯერებულები გავხდებით, იმაზე გაცილებით მარტივად შევძლებთ მასშტაბური პროექტების დაწყებას, ვიდრე აქამდე. საკუთარ თავში ბევრ ახალ უნარსა და ჩვევას აღმოვაჩენთ და ცხოვრების განახლებული ეტაპის დაწყებას გადავწყვეტთ.