აქვს სახის რბილი ქსოვილების ტრავმა, უტარდება კვლევები - რას ამბობს ექიმი ზუკა ბერძენიშვილზე?
ზუკა ბერძენიშვილი, რომელსაც დღეს, 11 ივნისს, დილით, თბილისში თავს დაესხნენ, ბოჭორიშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. საავადმყოფოში ამბობენ, რომ მას ძირითადად სახის რბილი ქსოვილების ტრავმა აღენიშნება. ექიმების თქმით, აქვს თუ არა მოტეხილობა ან ტვინის შერყევა, გამოკვლევების შემდეგ დადგინდება.
„პაციენტმა მოგვმართა კლინიკაში თვითდინებით. აღენიშნება, ძირითადად, სახის მიდამოს რბილი ქსოვილების ტრავმა. ამ ეტაპზე, იმყოფება კვლევის პროცესში. დინამიკაში განვსაზღვრავთ მკურნალობის ტაქტიკას,“ — თქვა ჟურნალისტებთან ბოჭორიშვილის კლინიკის ექიმმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე 1′ მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს. აქამდეც არაერთ აქტივისტსა თუ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს დაესხნენ თავს, თუმცა უწყებას ამ დრომდე არავინ დაუკავებია.
ზუკა ბერძენიშვილი 3 ივნისს ფეისბუზკე დაწერა, რომ უცნობი პირები უთვალთვალებდნენ და ჩაუსაფრდნენ კიდეც. მაშინ, ბერძენიშვილი ოჯახის წევრებთან ერთად გურიაში, სოფელში იმყოფებოდა. ამჯერად, მასზე თავს თბილისში, იმ დროს დაესხნენ, როცა სახლიდან სამსახურის მიმართულებით დაიძრა. მისი თქმით, 3 თავდამსხმელი ზურგიდან მიეპარა და ფიზიკურად გაუსწორდა
თავდასხმამდე დაახლოებით 1 საათით ადრე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ფეისბუკზე დაწერა ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომლები, პარლამენტის წევრებს ურეკავდნენ მუქარით, უპირისპირდებიან პირადად და ემუქრებიან სოციალურ ქსელში. პაპუაშვილმა დაასახელა რამდენიმე აქტივისტი, მათ შორის ზუკა ბერძენიშვილი და სალომე ნიკოლეიშვილი და ისინი მოძაობა „სირცხვილიას“ წევრებად მოიხსენია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ არც ბერძენიშვილი და არც ნიკოლეიშვილი „სირცხვილიას“ წევრები აღარ არიან.