თეგებით ძიება

„ზუსტად ის პროცესები დაიწყო და დაჩქარდა, რისიც გვეშინოდა“ - რას ამბობენ ეკოლოგები საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე?

ეჭვი, რომ რიკოთის უღელტეხილზე გადაადგილება უსაფრთხო არაა, მაის-ივნისის ძლიერმა წვიმებმა კიდევ უფრო გაამყარა. მაგისტრალზე, სადაც სამშენებლო სამუშაოებს ჩინური კომპანია აწამოებს, 70-ზე მეტი მეწყერ საშიში კერაა და უხვი ნალექის შემდეგ რამდენიმეჯერმე მეწყრული პროცესები განვითარდა და ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა. სპეციალისტების ნაწილი ვარაუდობს, რომ ზაფხულის გვალვების შემდეგ რიკოთზე ვითარება უფრო დამძიმდება, თუმცა უკეთესი მდგომარეობა არც თბილისშია, სადაც ძლიერმა წვიმებმა რამდენიმე მონაკვეთზე (მათ შორის, ვაშლიჯვარში) პრობლემები შექმნა. შექმნილ ვითარებაში როგორ უნდა იმოქმედოს ხელისუფლებამ და უბრალო ადამიანებმა, ამ კითხვებით TIA.GE-მ სპეციალისტებს მიმართა.

საქართველოს საბუნებისმეტყველო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე თვალჭრელიძე:

- რიკოთზე არ ვყოფილვარ და საკუთარი თვალით არ მინახავს რა ხდებოდა, ამიტომ პროფესიულად ვერაფერს გეტყვით, მაგრამ არა მგონია, ზაფხულში მდგომარება დამძიმდეს. რაც შეეხება თბილისში შექმნილ ვითარებას, ეს ბატონ კახა კალაძეს და იმ არაპროფსიონალებს უნდა მოჰკითხოთ, რომლებიც მერიაში სხედან. დიდი ხანია ვამბობ, რომ პრობლემების მიზეზი არაპროფესიული დაგეგმარება და არასწორად მოწყობილი სანიაღვრე სისტემებია. მერიას რამდენჯერმე შევთავაზე, რომ ძალიან დეტალური გეოფიზიკური რუკა უნდა გაკეთდეს. თბილისი მთაგორიანი ქალაქია და მუნიციპალიტეტმა უნდა იცოდეს რა არის ასფალტის საფარის ქვეშ 20 მეტრის სიღრმეზე. უნდა გაკეთდეს გეოფიზიკური ტომოგრაფია სიეისმური გრავიტაციული და ელექტრო. რაც შეეხება ვაშლიჯვარს, ეს ცალკე პრობლემაა, რომელზეც არაერთხელ ვისაუბრე. პრობლემა გამოიწვია იმან, რომ გზის გაყვანის დროს მეწყერს ფუძე მოუჭრეს. ამასაც ეშველება, მაგრამ არა ისე, როგორც გერმანელები აკეთებენ. 

გარემოს დაცვითი ორგანიზაცია „მწვანე ატერნატივას“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მანანა ქოჩლაძე:

- რაც კადრებიდან ჩანს, რიკოთში საკმაოდ მძიმე ვითარებაა იმიტომ, რომ როდესაც კარგად აშენებ, მეწყერები ასე არ უნდა მოდიოდეს. ზოგადად, რიკოთი იქნება, ვაშლიჯვარი თუ სხვა ადგილი, თუ სპეციალისტებს არ მოუსმენენ, არაფერი გამოვა. ვაშლიჯვარზე ბევრი სხვადასხვა ტიპის დასკვნა იყო. მერია ცდილობს, რომ რაღაც სისულეეები აკეთოს და ეს შემოგვასაღოს, როგორც განვითარება. ჩემი კომენტარი არის ის, რომ სპეციალისტებს უნდა მოუსმინონ, ამ შეთხვევაში სულ ერთია კალაძე იქნება, უგულავა თუ სხვა. თბილისისთვის არსებობს წითელი ხაზების გეგმა, შესაბამისად, ამ წითელ ხაზებს არ უნდა გაცდენოდა არავინ და არანაირი ნებართვები არ უნდა გაცემულიყო. 

- კონკრეტულ ლოკაციებს რა ეშველება, სადაც წითელ ხაზებს გასცდნენ და ნებართვები გაიცა?

- რაც შეეხება კონკრეტულ ლოკაციებს, სადაც უკვე დაარღვიეს, იქ უკვე უნდა დაიწყონ მსჯელობა მეცნიერებთან ერთად. გერმანიაში კი არ უნდა გაიქცნენ და უცნაური კონტრაქტები გააფორმონ, არამედ ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად უნდა იმსჯელონ. კი ბატონო, იყვნენ უცხოელებიც, მაგრამ ჯერ გამოსავალი უნდა ინახოს ამ რამდენიმე შემთხვევიდან, რამდენიმე სცენარი უნდა დაიდოს და ის სცენარი უნდა ეირჩეს, რომელიც ყველაზე მდგრადი და მიზანშეწონილია. დაგეგმარებას ასე არავინ აკეთებს ჩვენთან და რა გითხრათ?

- კლიმატის ცვლილებებმა მსოფლიო ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. წყალდიდობებს მეზობელ თურქეთში თუ ევროპაში უამრავი პრობლემა და მსხვერპლიც კი მოჰყვა. ახალი გამოწვევების პირობებში როგორ უნდა იმოქმედოს ხელისუფლებამ და უბრალო ადამიანებმა? 

- კლიმატის ცვლილება რომ პრობლემაა, ამაზე 20 წელია ვლაპარაკობთ.  ახლა ზუსტად ის პროცესები დაიწყო და დაჩქარდა, რისიც გვეშინოდა. შესაბამისად, ახლა საჭიროა, რომ ადგილზე მოხდეს მოსახლეობისთვის გაფრთხილების სისტემების დანერგვა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რომ დაგეგმარებაში იყოს შეტანილი მედეგობის კომპონენტები. ეს ჯერ კიდევ 2013 წლის ტრაგედიის შემდეგ უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. რაც შეეხება მოსახლეობას, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს.ჯერ ერთი,  არ არის საჭირო ყველგან ბინების ყიდვა და მეორე, თუ რამე უცნაურობა შენიშნეს, სასწრაფოდ განგაში უნდა ატეხონ. გარშემო რაღაც რომ იცვლება, ამას ყველაზე კარგად მოსახლეობა ხედავს და თუ ადგილობრივი მთავრობიდან ამაზე რეაგირება არ არის, საჭიროა მედიის და ცენტრალური ორგანოების ჩართვა. 

თბილისი არ არის შეუსწავლელი ტერიტორია. უკკვე შესწავლილია სად შეიძლება და რა შეიძლება, თუმცა იმას არავინ უყურებს. როდესაც მთავრობას არ ადარდებს ეს საკითხი, მშენებელს ვერაფერს მოვთხოვთ. ის კანონმდებლობა რაც გვაქვს შეიძლება გადასარევი არ არის, მაგრამ ყველას აძლევს საშუალებას რომ სადაც წითელი ხაზებია, იქ მშენებლობა არ  დაგეგმოს. ნუ დავარღვევთ და ნაკლები პრობლემა გვექნება. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა