„კლინიკებში და პროზექტურებში ვეძებთ... უნივერსიტეტში მიდიოდა, გაჩერებაზე დავტოვე და მას შემდეგ არაფერი ვიცი" - რას ჰყვება დაკარგული პროფესორის მეუღლე?
მეორე დღეა, რაც თბილისში ილიაუნისა და საპატრიარქოს უნივერსიტეტის პროფესორს გიორგი გახელაძეს ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა მეუღლემ ირმა მალაციძემ გაავრცელა.
სამძებრო საქმიანობაში სამართალდამცველებიც ჩაერთნენ, თუმცა აქამდე მის შესახებ ოჯახს არანაირი ინფორმაცია არ აქვს.
AMBEBI.GE ირმა მალაციძეს ესაუბრა:
"ახალი საერთოდ არაფერია. გიორგი გუშინ დილას უნივერსიტეტში მიდიოდა თავის საქმეზე, მეორე უნივერსიტეტში გამოცდა ჰქონდა, მაგრამ არც ერთგან მისულა. ჩვეულებრივად იყო, მანამდე სტუდენტებს ელაპარაკა, დავალება მისცა, უნდა გადმოეგზავნათ და საღამოს შეეფასებინა, ანუ ჩვეულებრივი რუტინა ჰქონდა. დილით მე ჩავიყვანე მანქანით, გაჩერებაზე დავტოვე, არ მეცალა, მიმეყვანა და რით წავიდა - ავტობუსში ავიდა, ტაქსიში ჩაჯდა, თუ რა ქნა, არაფერი ვიცი.
გიორგი ილიაუნიშიც მუშაობს და საპატრიარქოს უნივერსიტეტშიც, რომელში მიდიოდა, არ დაუკონკრეტებია, მითხრა, ვაკეში მივდივარო. მესამე უნივერსიტეტშიცაა - აღმოსავლეთ ევროპის, სადაც საღამოს აქვს ხოლმე ლექციები. ჯერჯერობით არავინ გამოჩნდა თვითმხილველი. პოლიციაც ჩართულია და ყველანი ვეძებთ. მსგავსი აქამდე არაფერი ყოფილა, იმდენად მოწესრიგებული ადამიანია, ამიტომ ავტეხე პანიკა, ტელეფონზე არ მიპასუხა და მერე გაითიშა საერთოდ, მივხვდი, რაღაც ხდებოდა.
ერთი თვის წინ გიორგი ძალიან ცუდად იყო - გონება დაკარგა, დაეცა და ინსულტის ნიშნები ჰქონდა, კლინიკაში იწვა, სავარაუდოდ, გარდამავალი იშემია იყო, ერთი დღით მეტყველებაც შეფერხებული ჰქონდა. მას მერე ყველაფერი გამოვიკვლიეთ, ვიმკურნალეთ, ძალიან ვუფრთხილდებოდი. გიორგიმ მოწევას თავი დაანება, სასმელსაც წვეთს აღარ იღებდა (ისედაც არ სვამდა დიდად), ანუ დიეტის რეჟიმში იყო, ძალიან ვუფრთხილდებოდი, რომ არ გადაღლილიყო... ახლა იმის მეშინია, მსგავსი ხომ არა მოხდა რა, ამ სიცხეში რომ იარა, ინსულტი ხომ არ განმეორდა. კლინიკებში და პროზექტურებშიც კი დავეძებთ, მაგრამ აქამდე არაფერი ისმის. ერთადერთი, ინგოროყვას კლინიკა გამოგვეხმაურა, სადაც ტვინში სისხლჩაქცევით მიუყვანიათ პაციენტი, ფოტოები გადმოგვიგზავნეს, მაგრამ ის გიორგი არ არის. ძალიან დიდ განცდებში ვარ და არ ვიცი, რა ვქნა“.
თუ რაიმე ინფორმაცია გაქვთ, დაუკავშირდით ოჯახის წევრებს - 599311090