ვენეციის კომისია გვირჩევს, რომ უმსგავსობა დავაკანონოთ.. სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებთ და არავის გავატანინებთ - მეუფე იაკობი
ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა საკვირაო წირვა ხირსის მამათა მონასტერში აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ კი მრევლს ქადაგებით მიმართა. მეუფე იაკობმა ისაუბრა საქართველოს ნაკრების ისტორიულ გამარჯვებაზე, ერთიანობის მნიშვნელობაზე და გააკრიტიკა საქართველოში გარე ძალების ჩარევის მცდელობები. მან მშვიდობის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.
„ძალიან კარგი რამ მოხდა რამდენიმე დღის წინ. მართლაც გმირი ბიჭები არიან, რომლებმაც ეს სიხარული გვაჩუქეს. შეხედეთ, სულ ცოტა ხნის წინ, დადგმული სპექტაკლებივით რომ იყო და ძალიან ბევრი რომ გაიძახოდა - არა რუსულ კანონსო, ახლა ნახეთ რა ხდება, ყველა ხუთჯვრიან დროშებშია გახვეული - საქართველო, საქართველოო და ადიდებენ ღმერთს. რუსი ის არის, ვინც ამ კანონს [რუსულს] ეძახის. სხვა ქვეყნებს თუ შეუძლიათ თავიანთი კანონები ჰქონდეთ, არავის ეკითხება, არცერთ ქვეყანას ჩვენ რა კანონს მივიღებთ. ჩვენც უნდა ვისწავლოთ და ჩვენი დროშა წინ გამოვიტანოთ. ხუთ ჯვარზე ლამაზი რა უნდა იყოს. ხან რას და ხან რა რეზოლუციას იღებენ. მე არც ესტონეთის მიკვირს და არც ლიეტუვის, ჩვენზე ძალიან ცუდ გადაწყვეტილებებს რომ იღებენ. შიში აქვთ, უკრაინაში ომი რომ დამთავრდება, თვითონ არ გახდნენ დარტყმის ობიექტები, თუ საქართველო გახდა დარტყმის ობიექტი, ისინი თავისთავად აირიდებენ დარტყმას. ჩვენ ამას ხელს ნუ შევუწყობთ.
ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონის მიღება უნდათ და ოპოზიცია ამბობს, ეს არ არის აქტუალურიო. ვენეციის კომისია გვირჩევს, თურმე კონსტიტუციაში შევიტანოთ ცვლილება და უმსგავსობა დავაკანონოთ. თუ კარგად მიაჩნიათ ეს, თავიანთ ქვეყანაში ჰქონდეთ, ჩვენთვის ეს სისულელეა და იმათთვის შეიძლება ჭკვიანური იყოს. ამას საქართველოში ვერ ეღირსებიან. სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებთ და მაგას არავის გავატანინებთ“, - აცხადებს მეუფე იაკობი.