“მაღალია ალბათობა, რომ საქართველო გახდება მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელიც 2030 წლისთვის აივ/შიდსს, C ჰეპატიტს და B ჰეპატიტს დასძლევს” - თენგიზ ცერცვაძე
ჯანმო-ს სამიზნე არის 2030 წლისთვის B ჰეპატიტის ახალი შემთხვევების 90%-ით და სიკვდილობის 65%-ით შემცირება - ალბათობა, რომ საქართველო გახდება მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს 2030 წლისთვის (უფრო ადრეც) ერთდროულად დაძლიოს მსოფლიოს სამი ძირითადი ეპიდემია: აივ/შიდსი, C ჰეპატიტი და B ჰეპატიტი - ძალიან მაღალია,- ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში მკურნალობა ჩაუტარდა დაახლოებით 87 000 პაციენტს, მათი 99% (დაახლოებით 86 000 პაციენტი) სრულად განიკურნა.
„პაციენტების იმ ერთ პროცენტში, რომელთა განკურნება მკურნალობის პირველი კურსით ვერ მოხდა, მათ უტარდებათ მკურნალობის განმეორებითი კურსი გაძლიერებული/გახანგრძლივებული რეჟიმით, რომლის შემდეგაც განკურნება პრაქტიკულად 100%-ია. აღსანიშნავია, რომ საქართველო იყო პირველი ქვეყანა, სადაც მიღწეულ იქნა ქრონიკული C ჰეპატიტისგან განკურნების ასეთი მაღალი მაჩვენებელი.
იმის ალბათობა, რომ საქართველო გახდება მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს 2030 წლისთვის (უფრო ადრეც) ერთდროულად დაძლიოს მსოფლიოს სამი ძირითადი ეპიდემია აივ/შიდსი, C ჰეპატიტი და B ჰეპატიტი - ძალიან მაღალია.
კერძოდ, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დაწყების წინ C ჰეპატიტის გავრცელება ქვეყანაში იყო 5.4%, ხოლო 2021 წელს ამერიკის მხარესთან ერთად ჩატარებული განმეორებითი სეროპრევალენტობის კვლევის მიხედვით, ქრონიკული C ჰეპატიტის პრევალენტობა შემცირდა 1.8%-მდე (67%-იანი შემცირება), რაც გარანტიას იძლევა, რომ 2030 წლისთვის ქვეყანაში C ჰეპატიტის ელიმინაცია მიღწეული იქნება.
აივ/შიდსში ჯანმოს და შიდსის გაერთიანებული პროგრამის (UNAIDS) ეპიდემიის დაძლევის სამიზნეებია 95-95-95, რაც ნიშნავს, რომ აივ ინფიცირებული პირების 95% უნდა იყოს გამოვლენილი, გამოვლენილთა 95% უნდა იყოს ანტირეტროვირუსულ (არვ) მკურნალობაზე და მკურნალობაზე მყოფთა 95%-ში უნდა იქნეს მიღწეული ვირუსის სუპრესია (სისხლში ვირუსის კონცენტრაციის განულება). სადღეისოდ საქართველოში გვაქვს შემდეგი მაჩვენებლები: გამოვლენილია ყველა აივ ინფიცირებული პირების 85%, ანტივირუსულ მკურნალობაზე იმყოფება მათი 84% და მკურნალობაზე მყოფთა 94%-ში მიღწეულია ვირუსის სუპრესია (სისხლში ვირუსის განულება). ამ მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე სისტემატურად ვმუშაობთ და თუ გავითვალისწინებთ, რომ წინ კიდევ 6 წელია, სამიზნეების მიღწევის ალბათობა ეჭვს არ იწვევს.
რაც შეეხება B ჰეპატიტს. ჯანმო-ს სამიზნე არის 2030 წლისთვის B ჰეპატიტის ახალი შემთხვევების 90%-ით და სიკვდილობის 65%-ით შემცირება.
როგორც მოგეხსენებათ, B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა ახლახან დაიწყო. იმედს გამოვთქვამთ, რომ C ჰეპატიტისა და აივ/შიდსის დარგში მუშაობის ძალიან წარმატებული გამოცდილება, ქვეყანაში არსებული მაღალპროფესიული სამედიცინო პერსონალი და ქვეყნის და ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის ძლიერი ნება იმის გარანტიაა, რომ საქართველო ასევე შეძლებს 2030 წლისთვის B ჰეპატიტის ეპიდემიის დაძლევას”,- აღნიშნა ცერცვაძემ.