თეგებით ძიება

სანამ ამ ოთხ კანონს არ შეცვლიან, არ დავიჯერებ, რომ ხელისუფლებამ სუვერენიტეტისთვის ბრძოლა დაიწყო - მანანა ნიკოლაიშვილი

რატომ არ მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მიღებული კანონმდებლობის შეცვლა და მიტაცებული ქონების სახელმწიფოსთვის დაბრუნება და რატომ ფიქრობს, რომ „ქართული ოცნების“ ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიასთან დაპირისპირება და სუვერენიტეტისთვის ბრძოლა სატყუარაა? - ამის შესახებ TIA.GE-ს განათლების ექსპერტი მანანა ნიკოლაიშვილი ესაუბრა:

- სანამ „ქართული ოცნების“ სუვერენიტეტისთვის ბრძოლას შევეხები, გაგახსენებთ, როგორ დაიწყო რეფორმები განათლებისა და მეცნიერების სისტემაში. პირველ რიგში, მეცნიერებათა აკადემიას დაქვემდებარებულ კვლევით ინსტიტუტებს და უნივერსიტეტებს ეკვეთნენ, დაშალეს და კვალიფიციური კადრები განდევნეს. რეფორმას კორუფციასთან ბრძოლის ლოზუნგით ახორციელებდნენ, თუმცა მათ მიერ ჩატარებული კონკურსების შედეგად თანამდებობებზე სწორედ ის კორუმპირებული კადრები დარჩნენ. პროფესიონალების ნაცვლად, რომლებიც ერთი ხელის მოსმით „ჩარეცხეს“, უნივერსიტეტებშიც, სასკოლო და სკოლამდელი განათლების სისტემაშიც არაპროფესიონალები შეყარეს,  პროფესიული განათლების სისტემა კი საერთოდ მიწასთან გაასწორეს და ყველა პროფესიული სასწავლებელი ლიკვიდაციაში გაუშვეს.  

- როგორც მახსოვს, გაუქმებული სასწავლებლების შენობებს კერძო პირები ისაკუთრებდნენ და კერძო სკოლებს თუ საბავშვო ბაღებს ხსნიდნენ. 

- რა თქმა უნდა, ზემოთ ხსენებული პროცესების პარალელურად, სახელმწიფო ქონების დატაცება მიმდინარეობდა. უმეტეს შემთხვევაში, ფორმალური პრივატიზაციის სახით, საკუთარ თავებს და ახლობლებს სახელმწიფოსა და ახალგაზრდების საკუთრება აჩუქეს. ამ პერიოდში 1117 სკოლა და სკოლამდე აღზრდის დაწესებულებების ნახევარი დაიხურა და განიავდა. რა თქმა უნდა, ამ შენობებს მიწის დიდ ნაკვეთები ჰქონდა მიმაგრებული - კომუნისტების დროს სკოლებს, უმაღლეს სასწავლებლებს თუ საბავშვო ბაღებს ჰექტრობით ეზოები ჰქონდათ. ჩვენი „რეფორმატორები“ შენობებს ანგრევდნენ ან ძარცვავდნენ, მიწის ნაკვეთებს კი ზოგს თავისთვის იტოვებდნენ და სამშენებლო ბიზნესისთვის იყენებდნენ, ზოგს კი ყიდდნენ. როდესაც ნაციონალური მოძრაობის შესაცვლელად ვიბრძოდით, გვეგონა რომ ახალი ხელისუფლება მატერიალურ-ტექნიკური ბაზის და უძრავ-მოძრავი ქონების განადგურების და განიავების შესწავლის მიზნით კომისიას შექმნიდა და დამნაშავეებს პასუხს მოთხოვდა, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. ის კი არა, კანონების ცვლილება იყო დაგეგმილი და კანონებიც კი არ შეუცვლიათ და უხმოდ, იგივე კადრებით და კანონებით დაიწყეს მუშაობა.

- თქვენი აზრით, რატომ არ მოსთხოვა „ქართულმა ოცნებამ“ ნაცმოძრაობას პასუხი მიტაცებულ ქონებაზე და რატომ არ შეცვალა კანონმდებლობა?

- იმიტომ, რომ ამ რეფორმებს ჩვენი ხელისუფლებები კი არა, საერთაშორისო ორგანიზაციები ატარებდნენ, იმ ძალების ინტერესებში კი მოვლენების ასეთი განვითარება არ შედიოდა. მათ ინტერესებში არც ჩვენს ქვეყანაში განათლების მაღალი ხარისხი შედის. მითხარით, რომელ ევროპულ ქვეყანაში თუ ამერიკის შტატშია უმაღლესი განათლება შეფასებული 2250 ლარად? 

-  საქართველოში მოსახლეობის დიდ ნაწილს ამის გადახდაც უჭირს.

- ეს არაფერ შუაშია. უმაღლესი განათლების 2250 ლარად შეფასება წარმოუდგენელია. ევროპაში განათლებას საერთოდ სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს, მაგრამ საქართველოში ბიუჯეტი ამას ვერ შეძლებს და გვაქვს ის, რაც გვაქვს ანუ უხარისხო უმაღლესი განათლება. 12 წელია ამ რეალობაში ვართ და რას ვხედავთ? ჰოი, საოცრებავ! „ქართული ოცნება“ არჩევნების წინა თვეებში აკრიტიკებს განათლების რეფორმას და ფსევდოლიბერალებს. განათლებაში ცუდი შედეგები იმიტომ არის, რომ 90-იანი წლებიდან დაიწყო განათლების სისტემის ნგრევაო. კი ბატონო, მართლაც 90-იანი წლებიდან დაიწყო სისტემის ნგრევაც და ქონების განიავებაც, თუმცა მაშინ კადრები მასობრივად არ გაუშვიათ. შემდეგ სააკაშვილი მოვიდა და  დაიწყო როგორც უმაღლესი, ისე სასკოლო განათლების სისტემიდან კადრების გაშვება, თუმცა, არც ოცნებას დაუკლია. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც მასწავლებლების გაშვების საფუძველი საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებია. 

- ამის თქმის საფუძველს რა გაძლევთ?

- თუნდაც იუნისეფის საქართველოს ხელმძღვანელის 2011 წლის, ანუ იმ დროს დაწერილი რჩევები, როდესაც ჯერ კიდევ სააკაშვილი იყო პრეზიდენტი. იუნისეფი ანუ ამერიკელი ექსპერტები გვირჩევენ, რომ რაც შეიძლება მეტი მასწავლებელი გავუშვათ და დავიწყოთ შესაბამისი პოლიტიკის შემუშავება მასწავლებლის პროფესიის მიმზიდველობისთვის. სააკაშვილი რომ მოვიდა, ქვეყანაში 80 000 პედაგოგი იყო, „ქართული ოცნება“ რომ მოვიდა, 50 000 ზე ცოტა მეტი და დაგეგმილია 28 000 მდე შემცირება, რადგან ეს გეგმა ჯერ კიდევ მოქმედებაშია. მასწავლებლების გაშვების გარდა, კლასებში მოსწავლეების რაოდენობის გაზრდაც ასეთ რჩევებს ეფუძნება. თუ გახსოვთ, შევარდნაძის დროს კლასებში 25 ბავშვი იყო, ახლა 30 და მეტი გახდა. ასე ზრუნავენ სწავლის  ხარისხზე ჩვენი მრჩევლები და ჩვენი საცოდავი ხელისუფლებებიც ყველაფერს პირნათლად ასრულებდნენ, თუმცა ახლა ვითომ სუვერენიტეტისათვის ბრძოლა დაიწყეს...

- ვითომ რატომ?

- ამ სიტყვას მაშინ მოვხსნი, როდესაც ჩვენს სისტემაში ნამდვილი, ეროვნული რეფორმები დაიწყება, თუმცა ეს ნაკლებად სარწმუნოა.  

- ეროვნული რეფორმის გატარებაში რას გულისხმობთ?

- პირველ რიგში ფსევდოლიბერალური იდეოლოგიით დაწერილი ზოგადი და უმაღლესი განათლების კანონების შეცვლას. როდესაც ზოგადი განათლების, უმაღლესი განათლების, პროფესიული განათლების და სკოლამდელი აღზრდის კანონები თავიდან ბოლომდე შეიცვლება და მათთან ერთად შეიცვლება სხვა მომიჯნავე კანონები და მთელი საკანონმდებლო ბაზა და ფსევდო ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებების ნაცვლად, ეროვნულ ღირებულებებს და  მსოფლმხედველობას დაეფუძნება მაშინ დავიჯერებ, რომ ხელისუფლება რეალური სუვერენიტეტისთვის იბრძვის, მანამდე არა. განათლება არის იმის ინდიკატორი, თუ რამდენად რეალურია ეს ბრძოლა. დღეს ბრძოლა გაიმართა იმ უდღეურ, მკვდრადშობილ გამჭვირვალობის კანონზე, რომელიც არაფერს შეცვლის. ევროკავშირის ლიდერები ღიად ამბობენ, რომ გაზრდიან დახმარებას იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლების გამოც ეს კანონი შემოიღეს და არასამთავრობოებიც ღიად ამბობენ, რომ კანონს არ დაემორჩილებიან. სინამდვილეში, ამ კანონის მიღების მიზანი საკუთარი თავის დაცვა და გადარჩენაა, რომ  პოლიტიკაში უკონტროლო, რევოლუციური მიზნებისთვის განკუთვნილი თანხები არ მოხვდეს, თორემ ქვეყნის სუვერენიტეტისათვის რეალური ბრძოლა არ მიდის. რეალური ბრძოლა რომ მიდიოდეს, მაშინ დაიწყებოდა ბრძოლა განათლების და მეცნიერების სისტემის დაბრუნებისთვის, რასაც ვერ ვხედავთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა