თეგებით ძიება

ჩვენი სურვილია, რომ ვილი სანიოლთან კონტრაქტი გავახანგრძლივოთ, ეს მოლაპარაკების საგანია - დავით მუჯირი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის, დავით მუჯირის განცხადებით, ფედერაციას სურს ეროვნული ნაკრების მწვრთნელს, ვილი სანიოლს კონტრაქტი გაუხანგრძლივოს.

როგორც მუჯირმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატების შემდეგ, შესაძლოა, გადაიხედოს ვილი სანიოლთან კონტრაქტით გაფორმებული პირობები.

„პირობებზე ჯერ არ გვისაუბრია. ლოგიკურია, რომ ახლა უკვე სხვა პირობებზე მოგვიწიოს დალაპარაკება. ჩვენი სურვილია, რომ გავახანგრძლივოთ, თუმცა ამ ეტაპზე დაზუსტებულ პასუხს ვერ გეტყვით, ეს მოლაპარაკების საგანია. იმედია, მოლაპარაკებები ისე დასრულდება, როგორც ჩვენ გვსურს“, - განაცხადა დავით მუჯირმა.

მისივე თქმით, სანიოლს კონტრაქტის ვადა 31 დეკემბერს ეწურება და იმედს გამოთქვამს, რომ კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე სანიოლი იქნება ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, რადგან მისი თქმით, როგორც ფეხბურთელებს, ასევე მწვრთნელებს წარმატებული მატჩების შემდეგ აქვთ საინტერესო წინადადებები სხვა გუნდების მხრიდან.

„მინდა ვილის მადლობა გადავუხადო გაწეული სამსახურისთვის, მივულოცო წარმატება, რადგან მას პირველად მოუწია ეროვნული ნაკრების გუნდის გაწვრთნა, რაც პირველივე ცდაზე წარმატებული აღმოჩნდა. ამას გარდა, წარმატებულად და ღირსეულად გამოვედით ევროპის ჩემპიონატზე. ჩვენ არა მხოლოდ ქართველი გულშემატკივრის სიმპათია მოვიპოვეთ. ქართველი ფეხბურთის იმიჯი სულ სხვა გახდა და ამისთვის ყველა ერთად ვმუშაობდით.

სანიოლს კონტრაქტით ვალდებულება აქვს 31 დეკემბრამდე. ლოგიკურია, რომ კონტრაქტის ამოწურვამდე ფეხბურთელიც და მწვრთნელიც რამდენიმე თვით ადრე თავის მომავალს კითხულობს. ჩვენ ამაზე აუცილებლად გვექნება კომუნიკაცია. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ თავის კონტრაქტის ვადაში იქნება ეროვნული ნაკრების მწვრთნელი. მე ვისურვებდი, რომ დიდხანს გაგრძელდეს, თუმცა ამ ეტაპზე დეტალურ პასუხს ვერ გაგცემთ. ვიმედოვნებ, რომ წარმატებული იქნება მისი შემოდგომაც. შემოდგომაში 6 ძალიან მძიმე შეხვედრა გველის“,- განაცხადა დავით მუჯირმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა