თეგებით ძიება

ჰარისი ბაიდენზე გაცილებით დიდ წინააღმდეგობას გაუწევს ტრამპს და არ არის გამორიცხული რომ მოუგოს კიდეც - ვახტანგ ძაბირაძე

მას შემდეგ, რაც 82 წლის ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეთიშა და ესტაფეტა მოქმედ  ვიცე-პრეზიდენტს  გადააბარა, კამალა ჰარისმა წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. ბაიდენმა ჰარისს კამპანიის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრისას დაურეკა და გაამხნევა - გიყურებ, შვილო, მიყვარხარ. ახლადმოვლენილ საპრეზიდენტო კანდიდატს ბაიდენის გარდა, მთელი მსოფლიო თვალს ადევნებს და აკვირდება. "კამალა ჰარისის დამარცხება ნოემბრის არჩევნებში უფრო ადვილი იქნება, ვიდრე ბაიდენის" - ასე გამოეხმაურა დონალდ ტრამპი ახალი კონკურენტის გამოჩენას. რატომ მოუწიათ დემოკრატებს ამერიკის ისტორიაში უპრეცენდენტო გადაწყვეტილების მიღება და უჩვეულოდ მცირე დროში ახალ კანდიდატზე შეთანხმება? გამარჯვების რა შანსები აქვს ფერადკანიან ქალბატონს და როგორ განვითარდება უკრაინასა და მთელ მსოფლიოში მოვლენები ამერიკის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ? ამ კითხვებით „TIA.GE“ - მ პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძეს მიმართა.

- ვფიქრობ, დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებული სირთულეები იმის შედეგია, რომ ბაიდენმა მოინდომა კენჭი მეორედაც ეყარა. ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან ამერიკაში ფაქტობრივად, ტრადიციაა, რომ ერთი ვადის ამოწურვის შემდეგ პრეზიდენტი კენჭს მეორედაც იყრის. არ მახსენდება პრეზიდენტი, რომელსაც მეორე წრეზე წასვლა არ უცდია და როგორც წესი, ამას ამერიკაში ნორმალურად ხვდებიან. ამ შემთხვევაში, სირთულეს ჯო ბაიდენის ასაკი და მისი ფიზიკური და გონებრივი მდგომარეობა ქმნიდა. გულწრფელად გითხრათ, მე ბაიდენს ამერიკის ჩერნენკოს ვუწოდებდი. ჰყავდა საბჭოთა კავშირს ასეთი ლიდერი, რომელიც ვერ სვამდა, ვერ ჭამდა და ვერ დადიოდა და ბაიდენიც დაახლოებით, ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, არც ტრამპია პატარა ბიჭი, მაგრამ შედარებით კარგად გამოიყურება და უფრო აქტიური და უფრო მიზანმიმართულია. ამ შემთხვევაში, გადამწყვეტი როლი ითამაშა დებატებმა, რომელიც ბაიდენსა და ტრამპს შორის გაიმართა. აქ გამოჩნდა, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა ვერ გაუძლო ტრამპის შეტევას და ძალიან რეალური გახდა ის, რომ ბაიდენი არჩევნებს წააგებდა. დებატების შემდეგ დემოკრატიული პარტიის თითქმის ყველა ლიდერი ცდილობდა ბაიდენი კანდიდატურის მოხსნაში დაერწმუნებინა, და სწორია, რომ პრეზიდენტი ასე მოიქცა. 

- ამერიკას ქალი პრეზიდენტი არასოდეს ჰყოლია, მით უმეტეს ფერადკანიანი ქალი პრეზიდენტი.. შეძლებს კამალა ჰარისი ამ გამოწვევასთან გამკლავებას?

- ფერადკანიანი პრეზიდენტი ამერიკას უკვე ჰყავდა, ანუ ეს მენტალობა ფაქტობრივად, დაძლეულია. რაც შეეხება იმას, რომ ქალია, კამალა ჰარისამდე იყო ჰილარი კლინტონი ანუ ეს მეორე  მცდელობა იქნება, რომ ამერიკას ქალი პრეზიდენტი ჰყავდეს. ამის გამოყენება ერთი მხრიდანაც შეიძლება და მეორე მხრიდანაც. გააჩნია რა პოზიციას დაიკავებს და როგორ წარმართავს ჰარისი საარჩევნო კამპანიას.

- ტრამპის განცხადებაზე რას ფიქრობთ, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ კამალა ჰარისის დამარცხება ნოემბრის არჩევნებში უფრო ადვილი იქნება, ვიდრე ბაიდენის.

- არა მგონია. ჰარისი ბაიდენზე გაცილებით დიდ წინააღმდეგობას გაუწევს ტრამპს და არ არის გამორიცხული რომ მოუგოს კიდეც. კამალა ჰარისს ბევრი უპირატესობა აქვს, რომელიც შეიძლება სწორად იყოს გამოყენებული.

- თუმცა, ბოლოდროინდელი განცხადებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მსოფლიო ტრამპის გაპრეზიდენტებისთვის ემზადება. თუნდაც ბორის ჯონსონის სიტყვები, რომ ტრამპს უკრაინაის გადარჩენა შეუძლია, რად ღირს. რა მოხდება ომის კონტექსტში და მთლიანად, მსოფლიოში რა შეიცვლება იმ შემთხვევაში თუ ტრამპი ამერიკის პრეზიდენტი გახდა?

- ვფიქრობ ომის თემის ისე მოგვარება, როგორც ეს წარმოუდგენიათ, ძალიან გაჭირდება. ზელენსკის განცხადებაში ლაპარაკი იყო ცეცხლის შეწყვეტაზე და არა ომის დასრულებაზე. უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ ომის ცხელი ფაზა შეიძლება მიმდინარე ან მომავალი წლის ბოლოს დასრულდეს. ეს კი უფრო მეტად კონფლიქტის გაყინვას ნიშნავს, ვიდრე  დასრულებას. რაც შეეხება ტრამპის სიტყვებს, რომ მისი პრეზიდენტობის დროს პუტინი ომის დაწყებას ვერ გაბედავდა და ა.შ. ეს ტყუილი ქადილია. ჩვენ გაცილებით უკეთ ვიცნობთ რუსეთს ჩვენ, ვიდრე ტრამპი ან დასავლეთი.. გაყინული კონფლიქტებიც გვქონია და ისტორიულადაც ვიცით, რომ რუსეთის ნდბა არ შეიძლება. არც ის მგონია, რომ ამ ომის დასრულება მომენტალურად მოხდეს.  ტრამპს ძალიან გაუჭირდება ამ პრობლემის მარტივად მოგვარება. ის რა თქმა უნდა, შეეცდება კონფლიქტის დასრულებას. მას შეუძლია უკრაინას დახმარება საერთოდ შეუწყვიტოს, მაგრამ ამ შემთხვევაში კონფლიქტს კი არა, უკრაინას დაასრულებს და რამდენად აწყობს ეს ლიბერალურ და დასავლურ სამყაროს, სხვა საკითხია. აქ მთავარი თემა არის არა უკრაინა, არამედ ავტრიტარიზმსა და დემოკრატიას შორის ბრძოლა. ეს არის მნიშვნელოვანი. თუ პუტინი იპყრობს უკრაინას და ეს გაუვიდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ავტორიტარიზმი მსოფლიოში იმარჯვებს და დემოკრატია კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. პირდაპირ ვიტყვი, რომ მსოფლიოს შემდგომი უსაფრთხოება იმაზეა დამოკიდებული შეინარჩუნებს დასავლეთი დემოკრატიისკენ მამოძრავებელ ქვეყნებს თუ რუსეთს დაუთმობს. 

თუ პუტინი გაიმარჯვებს და უკრაინის ტერიტორიებს მიიერთებს, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნებაზე საუბარი აღარ იქნება და ეს თემა მთლიანად მოიხსნება, ჩვენდა სამწუხაროდ, მაგრამ რეალობა იქნება ასეთი. გარკვეული დროის შემდეგ იმ დასავლეთსაც შეექმნება საფრთხე, რომელიც პუტინს უკრაინას ან მის ნაწილს პუტინს დაუთმობს და თავს გამარჯვებულ მხარედ წარმოაჩეენს. ეს ცუდი გამარჯვება იქნება. თუ 1939 წლის ამბებს გავიხსენებთ, მაშინ ინგლისმა და საფრანგეთმა მიიღეს გადაწყვეტილება და ჩეხეთი, პოლონეთი და ა.შ. გერმანიას დაუთმეს, მაგრამ ომი თავიდან ვერ აიცილეს. დაახლოებით იგივე ოხდება თუ ამ კონფლიქტს გაყინავენ ან უკრაინას ტერიტორიეების დათმობას აიძულებენ. 

- ამერიკაში ახალი პრეზიდენტის მოსვლის შემდეგ საქართველოსთვის რა შეიცვლება? 

- თუ დემოკრატები შეინარჩუნებენ ძალლაუფლებას, უკვე ვიცით პროცესი დაახლოებით როგორ გაგრძელდება. ტრამპის შემთხვევაში მკითხაობა გვიწევს, ამიტომ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე პუტინი და ამერიკის პრეზიდენტი  როგორ შეათანხმებენ უკრაინის საკითხს და როგორი იქნება  საქართველოს პოზიცია. თუ დასავლეთი უკრაინაში დათმობებზე წავიდა, მარტო დარჩენილები იძულებული ვიქნებით, რომ ასეთივე ნაბიჯი გადავდგათ. 

თავის დროზე, დასავლეთი მზად არ იყო იმისთვის, რომ საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა. ისინი მზად იყვნენ აღმოსავლეთ ევროპის მიერთებისთვის,  მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლისთვის არ იყვნენ მზად. მაშინ მოხდა ისე, რომ ამ დასავლურ არეალს მხოლოდ ბალტიისპირეთი შეუერთდა. დღეს არის ამ პროცესების მეორე ეტაპი, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს არჩევნებზე რა მოხდება და პროცესები როგორ განვითარდება. თუ „ქართული ოცნება“ დარჩა, ჩათვალეთ, რომ უკეთეს შემთხვევაში, რუსეთის უკანა ეზოდ ვრჩებით, თუ ხელისუფლებაში კოალიცია მოვიდა, მაშინ კიდევ არის იმედი, რომ იმ მაგიდაზე, სადაც უკრაინის ბედი გადაწყდება, აქტიურად განხილავენ საქართვეელოს საკითხსაც. ვნახოთ, ყველაფერს დრო გვაჩვენებს. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა