საქსტატი: 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორებმა 3.4 მილიარდი ლარი დახარჯეს
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.7 მილიონი შემოსვლა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 4.2%-ით მეტია. შემოსვლების უდიდესი ნაწილი - 45.1%, 31-50 წლის მოგზაურების მიერ განხორციელდა.
საქსტატის მონაცემებით, აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.5 მილიონი შეადგინა, რაც 4.6%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
მონაცემების მიხედვით, 2024 წლის მეორე კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1.3 მილიონს მიაღწია, რაც 5.5%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 1.2 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 9.2%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
საერთაშორისო ვიზიტორების 77.2% მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 18.8% შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 4% იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.
2024 წლის მეორე კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 287.2 ათასი, დაფიქსირდა თურქეთიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 22.5%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა რუსეთის ფედერაცია 20.9%-იანი წილით, ხოლო მესამეზე – სომხეთი 10.6%-იანი წილით. შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა თურქეთის (369.4 ათასი), რუსეთის ფედერაციის (312.1 ათასი) და სომხეთის (195.9 ათასი) მოქალაქეების მიერ.
საქსტატის ინფორმაციით, ვიზიტორების უმრავლესობა, 46.9%, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 40.6%-ს შეადგენდა.
მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი – 53.7% განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით. ხოლო ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარის ა/რ-ში, შესაბამისად, 850.4 ათასი და 569.2 ათასი ვიზიტი.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის მეორე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 5.1 ღამე შეადგინა, რაც 2023 წლის მეორე კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (4.8 ღამე) 5.1 %-ით მეტია. განხორციელებული ვიზიტების 73.9 % წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.
2024 წლის მეორე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 3.4 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 2.7%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2023 წლის მეორე კვარტალთან შედარებით 1.8%-ით შემცირდა და 2 251.8 ლარი შეადგინა.