ღმერთის გმობა და ჩვენი მოყვასის რელიგიური მრწამსის შეურაცხყოფის უფლება პროგრესულობა არ არის - მსოფლიო საპატრიარქო ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე
მსოფლიო საპატრიარქო პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას განცხადებით გამოეხმაურა.
როგორც სასულიერო პირების განცხადებაშია აღნიშნული, ამ წარმოდგენამ არათუ გაალამაზა ეს ცერემონიალი, არამედ გააფუჭა იგი.
„ოლიმპიური თამაშები არის მთავარი სპორტული ღონისძიება, რომელიც იზიდავს მილიონობით ჩვენი მოყვასის ინტერესს მსოფლიოს ყველა კუთხიდან და მათი გახსნის ცერემონიას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ის ემსახურება მასპინძელი ქვეყნის ისტორიისა და კულტურის ხაზგასმასა და გლობალურ დონეზე პოზიტიური გზავნილების გავრცელებას.
დიდი მწუხარებით ვუყურებდით პარიზში ცერემონიის დროს ქრისტიანობისა და წმინდა სახარებისთვის შეურაცხმყოფელ წარმოდგენებს, რომლებიც, ასევე, შეურაცხყოფდა ყველა ცივილიზებულ ადამიანს, რომელიც აღიარებს რწმენის უფლებას და პატივს სცემს რელიგიურ სიმბოლოებს.
ამ წარმოდგენამ არათუ არ გაალამაზა ეს ცერემონიალი, არამედ გააფუჭა იგი, ღმერთის გმობა და ჩვენი მოყვასის რელიგიური მრწამსის შეურაცხყოფის უფლება პროგრესულობა არ არის. მსოფლიოს მხრიდან შეშფოთებისა და უკმაყოფილების სპონტანურმა გამოხატვამ, ვიმედოვნებთ, საკმარისად ხმამაღალი გზავნილი გაუგზავნა გადაწყვეტილების მიმღებებს და არის იმედი, რომ მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან იქნება აცილებული“ - აღნიშნულია მსოფლიო საპატრიარქოს განცხადებაში.