BBC: ისრაელში თავდასხმის მოლოდინში მიწისქვეშა საავადმყოფოს ამზადებენ
ბრიტანული ტელეარხის BBC-ის ცნობით, ისრაელის ჩრდილოეთით განლაგებულ ქალაქ ჰაიფაში უზარმაზარი მიწისქვეშა საავადმყოფო მდებარეობს.
მას აქვს საოპერაციოები, სამშობიარო განყოფილება და საჭირო სამედიცინო აღჭურვილობა, თუმცა საავადმყოფოში პაციენტები ჯერ არ არიან.
რამბამის სამედიცინო ცენტრი აქ უკვე მეორედ შლის საავადმყოფოს. პირველად ეს 2006 წელს ისრაელსა და „ჰეზბოლას“ ომის დროს მოხდა. მშვიდობიანობის დროს ეს ადგილი მანქანების საპარკინგე სივრცეა, თუმცა მისი საავადმყოფოდ გადაკეთება სულ რაღაც სამ საათშია შესაძლებელი.
როგორც ტელეარხი ამტკიცებს, საავადმყოფო 2 ათას საწოლზეა გათვლილი. ისრაელზე მასიური შეტევის შემთხვევაში საავადმყოფოს უამრავი პაციენტის მიღება და დაჭრილების მკურნალობა შეეძლება.
ვინაიდან გასულ კვირას თეირანში „ჰამასის“ ლიდერის ისმაილ ჰანიეს და ბეირუთში „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი ლიდერის ფუად შუქრის მკვლელობების შემდეგ სრულმასშტაბიანი რეგიონული ომის საფრთხემ იმატა, ექიმები ჰაიფაზე დიდი შეტევისთვის ემზადებიან, რადგან ქალაქი ლიბანის საზღვართან ახლოს მდებარეობს.