ყველაფერი თეატრიდან დაიწყო და ალბათ თეატრში დავამთავრებ ჩემს ცხოვრებას - ცუცა კაპანაძე
ის საკუთარ სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული ემიგრანტია, რომელიც ტელეეკრანებზე ბნელ და სუსხიან 90-იან წლებში გამოჩნდა, მაგრამ ადამიანების გაღიმება შეძლო. რა გზა გაიარა „პა-სეანსიდან“ დღემდე, როგორია მისი ამერიკული ცხოვრება და სამომავლოდ რას გეგმავს, ამაზე TIA.GE-ს ცუცა კაპანაძე ესაუბრა:
_ პირველ რიგში, დიდი მადლობა, რომ პა-სეანსს არ ივიწყებთ. დევიზი - „პა-სეანსი უკვდავია“, ნამდვილად ამართლებს, რადგან გადაცემამ დროს გაუძლო და მაყურებელს დღემდე ახსოვს. „პა-სეანსი“ პირველი ქართული სატელევიზიო იუმორისტული გადაცემა იყო, რომელიც 1990-იანი წლები დასაწყისში შეიქმნა. პირველი გადაცემა ეთერში 1992 წლის 13 აპრილს გავიდა. გადაცემის რეჟისორი - მამუკა ღლონტი და მონაწილეები ტექნიკური უნივერსიტეტის (იმდროინდელი პოლიტექნიკური ინსტიტუტის) სტუდენტები და ინსტიტუტის თეატრ-სტუდია „მოდი-ნახეს“ მსახიობები ვიყავით, რომლის რეჟისორი ბატონი ნუგზარ ბუცხრიკიძე გახლდათ. ისე მოხდა, რომ მამუკა ღლონტმა ახლადშექმნილ მე-2 არხზე იუმორისტული გადაცემის გაკეთება ჩაიფიქრა და ჩვენ დაგვიძახა. ახალი გადაცემა ორ კვირაში ერთხელ გადიოდა და მერე მეორდებოდა. იუმორისტულ გადაცემას თავისი სპეცფიკა აქვს - სათქმეელი ისე უნდა თქვა, რომ არც მაყურებელი გააღიზიანო და არც პიროვნება შეურაცხყო. ალბათ კარგად გამოგვივიდა, რადგან მაყურებელს გადაცემა მოეწონა და მალე უკვე ქუჩაში ყველა გვცნობდა.
_ „მერვეკლასელოს“ შექმნის იდეა როგორ გაჩნდა?
_ ამ სიმღერას ქუთაისელი ბიჭი მღეროდა. მოვისმინეთ, მოგვეწონა და მამუკა ღლონტს და გიორგი ებრალიძეს გაუჩნდათ იდეა, რომ ამ სიმღერაზე კლიპი გადაგვეღო. იდეამ გაამართლა და ამ სიმღერამ ფაქტობრივად, მთელი საქართველო მოიცვა. ალბათ მაყურებელს ჩვენი ბევრი გადაცემა ახსოვს, მაგრამ ყველაზე დიდი პოპულარობა ალბათ მაინც „მერვეკლასელომ“ მოიტანა და უკვდავ ჰიტად დარჩა. (იცინის). ამის მერე დაიწყო კონცერტები და ანშლაგები. წარმოიდგინეთ, სპორტის სასახლეში, ორი კვირის განმავლობაში, გოგონებისს ანსამბლ „სეთთან“ ერთად, დღეში ოთხჯერ საახალწლო კონცერტები გვქონდა და ოთხივე სეანსი სრული ანშლაგით მიმდინარეობდა. ასეთივე წარმატება მოჰყვა კონცერტებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. ქუთაისში სამი კონცერტის ნაცვლად, ორი კვირა დავრჩით, რუსთავში კონცერტზე იმდენი ადამიანი მოვიდა, რომ უსაფრთხოების მიზნით, კართან რკინის გალიები დადგეს და მაყურებელი დარბაზში გალიების გავლით შედიოდა.
_ ასეთი პოპულარობის შემდეგ ისეთი რა მოხდა, რამაც საქართველოდან წასვლა გაიძულათ?
_ პირველ არხზე, ახალი სტუდია - „მაესტრო“ რომ შეიქმნა, იქ გადავედით, მაგრამ მოგვიანებით, პირველმა არხმა აღარ დაგვაფინანსა და გადაცემა დაიხურა. რაღაც დროის განმავლობაში, სერიალებში მიღებდნენ, შემდეგ სერიალებიც გაჩერდა და მხოლოდ ტექნიკური უნივრსიტეტის თეატრ-სტუდია „მოდი-ნახეში“, 80 ლარიან ხელფასზე დავრჩი. რა თქმა უნდა, ასეთი ხელფასით თავის გატანა ძნელია. ძალიან არ მინდოდა, მაგრამ საბოლოოდ, მაინც ამერიკაში წასვლა მომიწია. მადლობა უფალს, რომ აქ ჩემი ბევრი მეგობარია და ყველა გვერდით დამიდგა.
_ ნიუ-იორკში ბავშვთა ქართული თეატრის შექმნის იდეა როდის გაჩნდა და ეს იდეა როგორ განახორციელეთ?
_ ნიუ-იორკში ქართული თეატრი 2007 წლიდან არსებობს, თუმცა მანამდე, 28 წლის წინ ქართული კულტურის ცენტრი შეიქმნა და ეს ჩემი მეგობრის, ლიკა ბახტურიძე-სირელნსონის მეუღლის, ვიქტორ სირელონის დამსახურებაა. როცა მე და ქალბატონი ხათუნა იოსელიანი ამერიკაში ჩავედით, ბატონი ვიტორი დაგვეხმარა, რომ საბუთები დროულად გაგვეკეთებინა და 6 თვეში მწვანე ბარათი მიგვეღო.
როგორც უკვე ვთქვი, 2007 წელს, ქალბატონმა ლიკა ბახტურიძე-სირელსონმა ქართული თეატრი შექმნა და პირველი სპეკტაკლი „6 შინაბერა და ერთი მამაკაცი“ დავდგით. იმ დროს ბატონი ოტია იოსელიანი ცოცხალი იყო და როცა ავტორი ცოცხალია, მისგან ნებართის აღება აუცილებელია. ბატონ ოტიას წლების მანძილზე ვიცნობდი. ის ჩოხოსანი, მე კი მე პირველი თაობა ჩოხოსნების მესამე მანდილოსანი ვიყავი და ვმეგობრობდით. როდესაც ამერიკიდან დავურეკე, ძალიან გაიკვირვა - რამ წაგიყვანა ბოშო ასე შორს და რამ შეგაწუხა გაღმიდანო? ვუთხარი, რომ მისი პიესის ამერიკაში დადგმა გვინდოდა და ძალიან გაუხარდა და რა თქმა უნდა, არც ჰონორარი მოუთხოვია და არც არაფერი. სპეკტაკლის პრემიერა 2008 წლის 15 სექტემბერს ჰანტერ კოლეჯის 600 კაციან დარბაზში შედგა და სრული ანშლაგით ჩაიარა. თავიდან რუსეთ-საქართველო ომის გამო თამაშის განწყობა არ გვქონდა და სპეკტაკლის გადადება გინდოდა, მაგრამ მეგობრებმა დაგვარწმუნეს, რომ სულიერად არ უნდა დავცემულიყავით და აუცილებლად უნდა გვეთამაშა. სპეკტაკლს გაეროში საქართველოს ელჩი ირაკლი ალასანია ესწრებოდა, ბატონი ვიქტორ სირელსონი ქართულ ჩოხაში გამოწყობილი მობრძანდა, ყველგან ქართული დროშები ფრიალებდა, ისმოდა შეძახილები „მშვიდობა საქართველოს“, „გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს“ და ყველას ემოციები გვავსებდა. აი, ასეთი საოცარი დასაწყისი ჰქონდა თეატრს, რომელიც დღემდე არსებობს, წარმატებებს აღწევს და საკუთარი მაყურებელი ჰყავს.
_ ამერიკაში მცხოვრები ქართველები ამბობენ, რომ ნიუ-იორკის ქართული კულტურის ცენტრისა და საბავშვო თეატრის დამსახურებით, მათ შვილებს ქართული ენა ახსოვთ და ამისთვის თქვენი უზომოდ მადლიერები არიან.
_ ნამდვილად ასეა და ამისთვის დიდი მადლობა ამერიკელ ვიქტორ სირელსონს, რომელმაც 28 წლის წინ ეს კულტურის ცენტრი შექმნა და ლამის ათასობით ქართველს მისცა საშუალება, რომ თავისი ენა და იდენტობა არ დაეკარგა. ქართული კულტურის ცენტრში ბავშვები ხელოვნების დარგების გარდა, ქართულ წერა-კითხვას და საქართველოს ისტორიას სწავლობენ. რაც შეეხება საბავშვო თეატრს, ის ხათუნა იოსელიანის ხელმძღვანელობით უკვე მესამე თაობას ზრდის. ისეთი ბავშვები გვყოლია, ქართულის გაგებაში რომ არ იყვნენ და წლის ბოლოს, როცა სპეკტაკლს ვდგამთ, ქართულად მშვეენივრად საუბრობდნენ. წელს ჩვენი მიუზიკლი „შერეკილები“ თბილისში ჩამოვიტანეთ და რუსთაველის თეატრში და ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრ-სტუდია „მოდი-ნახეში“ სრული ანშლაგით ჩავატარეთ. საერთოდ, ჩვენი მოსწავლეები საქართველოში თითქმის ყოველ წელს ჩამოდიან. ამასწინათ, კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენა“ გავიარეთ და საქართველოდან რომ დაბრუნდნენ, მომიყვნენ, რომ მცხეთაში იყვნენ და სვეტიცხოველი და ეკლესიის კედელზე მოკვეთილი მკლავი ნახეს. ხედავთ? ნახვის სურვილი გაუჩნდათ. ის თესლი, რაც ჩავდეთ, გაღვივდა და ამოვიდა არა? აი, ამას აკეთებს თითოეული პედაგოგი, ამიტომ ბევრ ბავშვს საქართველოში დაბრუნების სურვილი აქვს. წელს ამერიკიდან საქართველოში ჩემი ოთხი მოსწავლე დაბრუნდა. იციან, რომ 2 წელიწადში მეც უნდა დავბრუნდე და მთავაზობენ, მოდი, აქაც გააგრძელე თეატრი და ჩვენ მოვალთ, დავბრუნდებით შენთანო.. ყველაფერი თეატრიდან დაიწყო და ალბათ თეატრში დავამთავრებ ჩემს ცხოვრებას.
_ რა უნდა გააკეთოს ამ ქვეყანამ იმისთვის, რომ მეტ ემიგრანტს გაუჩნდეს დაბრუნების სურვილი?
_ პირველ რიგში, მშობლებს უნდა შეუქმნან პირობები, რომ დასაქმდნენ და შვილების სარჩენი შემოსავალი ჰქონდეთ. გარდა ამისა, ახალგაზრდებს უნდა შეუწყონ ხელი, რომ ევროპასა და ამერიკაში მიღებული ცოდნით საქართველოში დასაქმდნენ და თავიანთ ქვეყანას გამოადგნენ. ბევრი ახალგაზრდა ვიცი, რომელმაც ამერიკაში მიიღო განათლება, სურვილი ჰქონდა, რომ საქართველოში ემუშავა და ცოდნა გამოეყენებინა, მაგრამ არ დაასაქმეს და იმედები გაუცრუდა. გარდა ამისა, სასწავლო პროგრამა უნდა შეიცვალოს და ისეთი დიპლომები უნდა გვქონდეს, რომ მის მფლობელს ნებისმიერ ქვეყანაში შეეძლოს სწავლა თუ დასაქმება.
_ ერთ-ერთ ინტრვიუში თქვით, რომ სამშობლოს გარეშე ბედნიერება ფანჯრიდან დანახულ გაზაფხულს ჰგავს.. რას ურჩევდით ქართველებს, რომლებიც ახლა აპირებენ ემიგრაციაში წასვლას?
_ ჩვენ ემიგრაციაში საუკეთესო თაობას ვკარგავთ, ამიტომ ეს ძალიან მტკივნეული თემაა. „ფანჯრიდან დანახული გაზაფხული“ ასე ქვია პიესას, რომელიც ქალბატონმა ლიკა ბახტურიძე-სირელსონმა დაწერა და ამ სიტყვებს ჩემი გმირი ამბობს, რომელიც 60 წელია ემიგრაციაში ცხოვრობს. მე ბევრი ადამიანი მირეკავს და მწერს, რომ ამერიკაში ჩამოსვლა მინდა და რას გვირჩევთო. ვურჩევ, რომ სამშობლოს გარეშე ცხოვრება და ყველაფრის ნულიდან დაწყება იმდენად ძნელია, რომ ჯობია, სამშობლოში, საკუთარ მიწაზე იშრომონ, ვიდრე აქ იწვალონ. არ მინდა, რომ დედა შვილს დაცილდეს, ცოლი ქმარს და ოჯახები დაინგრეს, რისი უამრავი მაგალითიც გვაქვს.
მე არასოდეს დამიკარგავს იმედი და არც ახლა ვკარგავ, რომ ჩვენი უწმინდესის სიტყვები ასრულდება და საქართველო აუცილებლად გამთლიანდება და წელში გასწორდება. ჩვენს ქვეყანას ხერხემალში ვერასოდეს ვერავინ გადატეხავს იმიტომ, რომ ამაზე დიდი განსაცდელი გამოუვლია. ჩვენი თაობა, რომლის ყველაზე დიდი ტკივილი იყო აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაკარგვა, მის დაბრუნებას მოესწრება და საქართველო იქნება ძლიერი, დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელიც არავის დაკრულზე არ იცეკვებს. მე ამის იმედი არასოდეს დამიკარგავს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი თაობა ამას მოესწრება.