თეგებით ძიება
13. 10. 2023 პერსონა

„ვეცადე ჩემი ფილოსოფიური ხედვები ნახატებში გადამეტანა“ - ვინ არის მეცნიერებათა დოქტორი, რომელსაც ფილოსოფიამ მხატვრობა აპოვნინა

სანამ ბავშვობაში აღმოჩენილი ფერების სამყაროს დაუბრუნდებოდა, ვაჟა კაკაბაძემ რამდენიმე პროფესიის დაუფლება, დისერტაციების დაცვა და 95 სამეცნიერო ნაშრომის შექმნა შეძლო. როგორ დაეხმარა ფილოსოფიური განათლება ხატვაში და რა გზა გაიარა მეცნიერებიდან მესამე პერსონალურ გამოფენამდე? ამის შესახებ TIA.GE -ს ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ინჟინერ–გეოლოგი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ–კორესპონდენტი, ფაზისის აკადემიის წევრი, პუბლიცისტი და მხატვარი ვაჟა კაკაბაძე ესაუბრა:

 

- ინგლისელი ფილოსოფოსი ჰერბერტ სპენსერი „თამაშების თეორიაში“, რომელიც სახვითი ხელოვნების შესწავლის საფუძველზე შექმნა, ამბობს, რომ ყველა ბავშვი მხატვარია და ცდილობს გადმოსცეს ემოცია, რომელიც მის გარშემო ტრიალებს. ალბათ მეც ამას ვცდილობდი, რადგან ხატვა ბავშვობაში დავიწყე. ჩემი პირველი ნახატი, სახელად „გუშაგი“ ჟურნალში „საბჭოთა ხელოვნება“ რუსუდან ფეტვიაშვილისა და სოსო წერეთლის ნახატებთან ერთად გამოქვეყნდა. მოგეხსენებათ, რომ წლების მერე სოსო წერეთლის ცხოვრება ტრაგიკულად განვითარდა - ის თვითმფრინავის სხვა ბიჭებთან ერთად დახვრიტეს, რუსუდან ფეტვიაშვილი კი ცნობილი მხატვარი გახდა.

- მიუხედავად იმისა, რომ თქვენი პირველი ნახატი ცნობილ ჟურნალში გამოქვეყნდა, მხატვარი არ გამხდარხართ. იქნებ გვიამბოთ, თქვენი არჩევანი რამ განაპირობა?  

- ისე მოხდა, რომ მეხუთე კლასიდან ბუნებაზე დაკვირვებამ გამიტაცა. მოგვიანებით ექსპედიციებში სიარულიც დავიწყე, გეოლოგია შემიყვარდა და თსუ  გეოლოგიურ ფაკულტეტზე ჩავაბარე. შემდეგ იყო ასპირანტურა და ეროვნული მოძრაობა, სადაც ბევრი კარგი პიროვნება, მათ შორის, ეკონომისტი გავიცანი. ამან მეორე პროფესიის არჩევანი განაპირობა. ეკონომიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ დისერტაცია დავიცავი და 95 სამეცნიერო ნაშრომი დავწერე. შემდეგ ფილოსოფიის ფაულტეტზე   ჩავაბარე და სწორედ ფილოსოფიით გატაცებამ დამაბრუნა ხატვასთან... 


- როგორ?

- ლევ ტოლსტოი ამბობდა, რომ ხატვა ადამიანთა შორის ყველაზე მარტივი კომუნიკაციის საშუალებაა, რომლითაც ორი ადამიანი შეიძლება  ერთმანეთს დაუახლოვდეს, ჰეგელი ხატვაში ფილოსოფიის ფორმულას ხედავდა,  იტალიელმა ფილოსოფოსმა კროჩე ბენედიტომ კი თავისი იდეალისტური თეორია სახვითი ხელოვნების საფუძველზე განავითარა. მე კანტის ანტინომიებმა გამიტაცა და სწორედ ეს ანტინომიები მაქვს გამოყენებული ჩემს ნახატებში... ეს არის ორი დაშვება, რომ სამყაროს აქვს დასასრული და სამყაროს დასასრული არ აქვს. ამ დაშვების საფუძველზე  შევქმენი რამდენიმე სურათი. 

 

აინშტაინი ამბობს, რომ დრო ნულის ტოლია და მართლაც, დრო ადამიანებმა იმისთვის მოიგონეს, რომ პროცესების აღნუსხვა შეძლებოდათ. მე დავხატე ნახატი, სადაც ვაბობ, რომ დრო კი არ არის ნულის ტოლი, არამედ ნული არის ნულის ტოლი. ზოგადად, ვეცადე ჩემი ფილოსოფიური ხედვები ნამუშევრებში გადამეტანა და როგორ შევძელი, მნახველმა შეაფასოს. 

 

მე ერთი კიევში შეძენილი პერანგი მქონდა, რომელიც მიზეზთა გამო, ძალიან შემიყვარდა. როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, ამ პერანგზე დავხატე გოგონა, რომელიც ღმერთს საქართველოს და უკრაინის გადარჩენას თხოვს. ამ ნახატმა უკრაინაში ძალიან  დიდი მოწონება დაიმსახურა და ბევრ საინფორმაციო სივრცეში გავრცელდა.

წელს, ზაფხულში, სახვითი ხელოვნების მუზეუმში გამოვფინე ნახატი, რომელზეც მერაბ კოსტავა და თანამედროვე თემიდა გამოვსახე. თემიდას ხელში პუტინის მოჭრილი თავი უჭირავს, რომელსაც თევზი ყლაპავს. თევზი ქრისტიანობის სიმბოლოა და ეს დაშვება გავაკეთე, რადგან ომის დამწყები არ შეიძლება ქრისტიანი იყოს. 

 

- ხატვისას რომელ მასალას ანიჭებთ უპირატესობას?

- ტილოზე, ზეთის საღებავებით ვხატავ და ვცდილობ შევინარჩუნო ხატვის ტექნიკა, რომელსაც კლასიკოსი მხატვრები იყენებდნენ. 

 

- საკუთარი ნამუშევრები გამოფენებზე თუ გაგიტანიათ?

- ძალიან ბევრ ჯგუფურ გამოფენაში მიმიღია მონაწილეობა. რაც შეეხება პერსონალურ გამოფენას, პირველის ჩატარებაში დისშვილი, მხატვართა ლიგა და  იანქოშვილის სახლ-მუზეუმი დამეხმარნენ და სწორედ ამ სახლ-მუზეუმში მოეწყო პირველი პერსონალური გამოფენა. მეორე გამოფენა კულტურის სამინისტროს დახმარებით, აჭარის ხელოვნების მუზეუმში გაიმართა. მესამე პერსონალური გამოფენა კი სულ რამდენიმე დღეში, 25 ოქტომბერს, ლადო გუდიაშვილის 7 ნომერში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბებლიოთეკაში, ექვსის ნახევარზე გაიმართება. დასწრება თავისუფალია და ყველას წრფელი გულით გეპატიჟებით. 

 

- ქართველი მხატვრებიდან ყველაზე მეტად ვისი ნამუშევრები მოგწონთ?

- მომწონს დავით კაკაბაძის ნახატები, რომელსაც აბსტრაქციის სრულიად განსხვავებული ხედვა  ჰქონდა. როგორც ვიცი, შორეული ნათესავებიც ვართ, რაც ასევე სასიამოვნოა, თუმცა ქართველ მხატვრებს შორის ფიქროსმანი რა თქმა უნდა, უპირველესია. 

 

- საკუთარი ნახატებიდან ყველაზე მეტად რომელი გიყვართ?

- რასაკვირველია, დედაჩემის პორტრეტი... შექსირი უდიდესი მწერალია, მაგრამ მე ვაჟა-ფშაველა უფრო მიყვარს და ამით ყველაფერია ნათქვამი.

 

- ახალგაზრდა ქართველ მხატვრებს რას ურჩევდით? 

- მე და ჩემი მეუღლე ძალიან ხშირად დავდივართ საზღვარგარეთ, ძირითადად, იმ ქვეყნებში, სადაც ბევრი სიძველე და მუზეუმია. რა თქმა უნდა, თანამედროვე მხატვრების ნამუშევრებსაც ვნახულობთ და თამამად შემიძლია ვთქვა,  რომ ჩვენი მხატვრები მათზე ასი თავით მაღლა დგანან, მაგრამ მეტი დახმარება და მხარდაჭერა სჭირდებათ. სამწუხაროდ, ჩვენში ხშირად უნიჭობა ნიჭიერებაზე მეტად დაფასებულია და ეს მხოლოდ მხატვრობას არ ეხება. მუსიკალური სმენა კარგი მაქვს და ხშირად შემიმჩნევია, რომ ჩვენს მუსიკალურ კონკურსებზე უნიჭო იმარჯვებს და ნიჭიერი იჩაგრება. მერე ეს „ჩაწყობით გამარჯვებულები“ უცხოურ კონკურსებზე წარმატებას რომ ვერ აღწევენ,  გვიკვირს... ეს პატრიოტიზმი არ არის, ამას ქვეყნის სიყვარულთან საერთო არაფერი აქვს. იცით, რომ საბჭოთა კავშირის მეხოტბე არ ვარ, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ მაშინ ნიჭიერ ახალგაზრდებს მეტი მხარდაჭერა ჰქონდათ. რა თქმა უნდა, „ჩაწყობა“ მაშინაც იყო, მაგრამ გაცილებით იშვიათად. ახლა ტელევიზორს ჩართავ და ყველა ვიღაცის ნათესავი, ნაცნობი, ახლობელი და მეზობელია. ასე არ შეიძლება, ნიჭიერი ახალგაზრდები იჩაგრებიან, გული უცრუვდებათ და ქვეყნიდან მიდიან...

 

- საუბრის ბოლოს, თქვენს სამომავლო გეგმებზე გვიამბეთ...

- მთელი ცხოვრება მიმაჩნია, რომ კაცმა უნდა იშრომოს და რამე ღირებული შექმნას. უკვე შევქმენი 95 სამეცნიერო სტატია და ვაპირებ, საქმიანობა მხატვრობაში გავაგრძელო და ჩემი ნახატების სახით მომავალი თაობისთვის რაღაც ღირებული შევქმნა. იმედია, გამომივა.

 

- წარმატებას გისურვებთ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა