თეგებით ძიება

„ქართული ოცნება“ გამოძიებაზე უარს თუ იტყვის, დაადასტურებს, რომ ხელისუფლება „შავ ფულზე“, კორუფციასა და ძალადობაზე დგას - ნათია მეზვბრიშვილი

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შექმნან.

როგორც ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, თუ „ქართული ოცნება“ გამოძიებაზე უარს იტყვის, კიდევ ერთხელ დაადასტურებს იმას, რომ ხელისუფლება „შავ ფულზე“, კორუფციასა და ძალადობაზე დგას.

მეზვრიშვილი ასევე მოუწოდებს ოპოზიციას, საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი დაუჭიროს.

„ოცნებას“ მოვუწოდებთ, ახლა მაინც შექმნან საპარლამენტო საგამოძიებო კომისია „ქოლ-ცენტრების საქმეზე“. თუ ამ დანაშაულებრივი ფულით თქვენვე არ სარგებლობთ, თქვენივე ინტერესი უნდა იყოს ამ დანაშაულის სრულყოფილი გამოძიება და არჩევნებამდე სიმართლის დადგენა, რათა საფრთხე არ შეექმნას არჩევნების თავისუფლებას და სამართლიანობას.

ჰელსინკის კომისიამ დაადგინა ის, რასაც „ოცნება“ მალავს და რასაც დღემდე ხელს აფარებს პარლამენტი, სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პროკურატურა.

ჯერ კიდევ 2023 წლის 24 აპრილს დავაყენეთ ინიციატივა ქოლ-ცენტრებზე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, რაზეც ხელისუფლებამ უარი თქვა. სიმართლის დადგენით შეშინებულმა „ოცნებამ“ პარლამენტში საბოტაჟი მოაწყო, რომ კომისიის შექმნისთვის ხმა არ მიეცა.

დღემდე პროკურატურაში შავი ფულის გამოყენებასთან და პოლიტიკურ კორუფციასთან დაკავშირებით ჩვენს მიერ შეტანილ არც ერთ განცხადებაზე გამოძიებაც არ დაწყებულა.

პენსიონერების ფულის მოპარვის პარალელურად, 2024 წლის აპრილიდან „ოცნებამ“ „ქოლ-ცენტრების“ გამოყენება აქციების მონაწილე ხალხის წინააღმდეგ დაიწყო.

ზუსტად ორი თვე გავიდა, რაც სპეციალური საგამოძიებო სამსახურისგან „ქოლ-ცენტრების“ მეშვეობით აქციის მონაწილეების მიმართ განხორციელებული მუქარის გამოძიება მოვითხოვეთ და დღემდე შედეგი არ არის.

ჰელსინკის კომისიამ დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რაც საზოგადოებას ცოტა ხნის წინ ვაცნობეთ - „ოცნება“ მის მიერ შავი ფულით მოსყიდულ ზონდერ-ჯგუფებს წინასწარ გაურიგდა, განსხვავებული აზრის მქონე ხალხზე ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას „მწვანე აუნთო“ და ამნისტიით ხელშეუხებლობას დაჰპირდა.

„ოცნების“ უარიც გამოძიებაზე, კიდევ ერთხელ დაადასტურებს იმას, რასაც ვამბობდით, რომ „ოცნება“ შავ ფულზე, კორუფციაზე და ძალადობაზე დგას. 26 ოქტომბერს ერთად უნდა დავამარცხოთ კორუფცია, შავი ფული და ძალადობა პოლიტიკაში.

მოვუწოდებთ ოპოზიციას, საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი დაუჭიროს“,- განაცხადა მეზვრიშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა