საქველმოქმედო ორგანიზაციამ უსახლკაროებს შეცდომით, მეტამფეტამინიანი კანფეტები დაურიგა - სად მოხდა შემთხვევა?
ახალ ზელანდიაში საქველმოქმედო ორგანიზაციამ უსახლკაროებს შეცდომით დაურიგა კანფეტები, რომლებიც მეტამფეტამინის სახიფათო დოზას შეიცავდნენ - ამის შესახებ BBC News იუწყება.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ერთ-ერთი ადგილობრივი მაცხოვრებლის მიერ საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის ნაჩუქარი ტკბილეული უსახლკაროებისთვის განკუთვნილ ამანათებში მოხვდა. მალაიზიური კომპანია Rinda-ს კანფეტები 400 ამანათში გაანაწილეს და დაარიგეს. ექვსი კვირის შემდეგ სამი უსახლკარო საავადმყოფოში მოხვდა. დიაგნოზი -მეტამფეტამინის გადაჭარბებული დოზის მიღება. ამის შემდეგ საქველმოქმედო ორგანიზაციამ პოლიციას მიმართა და პოლიცია კანფეტების სასწრაფოდ ამოღებას შეუდგა.
ახალი ზელანდიის ნარკოტიკების ფონდის მონაცემებით, თითოეული კანფეტი 300-ჯერ მეტ ამფეტამინს შეიცავდა, ვიდრე შავი ბაზრის სტანდარტული დოზა. საქველმოქმედო ორგანიზაციის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საქმე შესაძლოა ნარკოტიკებით ვაჭრობას უკავშირდებოდეს - სავარაუდოდ, ნარკოტიკები საზღვარზე გადასატანად კანფეტით შენიღბეს, თუმცა რატომ შესწირეს ტკბილეული საქვემოქმედო ორგანიზაციას, ჯერჯერობით, გაურკვეველია.