სისტემურ გამოწვევებს ტრაგედიებამდე მივყავართ, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ბავშვთა დაცვის მიმართულებით სახელმწიფომ თავისი პასუხისმგებლობა გაიაზროს - სალომე შუბლაძე
ზუგდიდში მომხდარ ტრაგედიაზე, რომელსაც 6 წლის ტყუპი ძმების სიცოცხლე შეეწირა, შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო. შეიძლებოდა თუ არა ამ ტრაგედიის თავიდან აცილება და რამდენად დაცულია ბავშვების უფლებები ქვეყანაში, სადაც ყოველი მე-3 ბავშვი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს? - ამ კითხვებით TIA.GE-მ „სოციალური სამართლიანობის ცენტრის"იურისტს, სალომე შუბლაძეს მიმართა:
- ჩვენი ორგანიზაცია ადამიანის უფლებებსა და სოციალურ სამართლიანობაზე მუშაობს და ჩვენი კვლევები აჩვენებს, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფოს პოლიტიკაში სერიოზული ჩავარდნაა. სტატისტიკის თანახმად, ჩვენი ბავშვების 30% სოციალურად დაუცველია და ქვეყანაში 677 000 ადამიანზე მეტი (მოსახლეობის 18%) სახელმწიფოსგან სოციალურ დახმარებას იღებს. ეს ძალიან მაღალი რიცხვია, თანაც სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ ადამიანები, რომლებიც სოციალური შემწეობის პროგრამაში ერთვებიან, ამ პროგრამაში 5 წელზე მეტს რჩებიან. პროგრამაში ჩართულთა ნახევარზე მეტი 5 წელზე მეტია, რაც შემწეობას იღებს და ათასობით ადამიანი შეიძლება 10 და 15 წელი. აი, ასეთი სამწუხარო სტატისტიკა გვაქვს.
რაც შეეხება უშუალოდ ბავშვებს, გარდა იმისა, რომ მესამედი სოციალურ შემწობას იღებს, სხვადასხვა კვლევები, მათ შორის, გაეროს შარშანდელი კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოში ბავშვების დაახლოებით, 38% სოციალური და მატერიალური დანაკლისი აქვს ანუ ბავშვს რაღაც აკლია. ესეც ძალიან მაღალი ციფრია და ასევე ქვეყანაში არსებულ მძიმე მდგომარეობას უკავშირდება. კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ბავშვთა უფლებების შესახებ ანგარიშებში სახალხო დამცველიც უთითებს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების კომპეტენციები და მათი რესურსებია. უწყებაში, რომელიც პასუხისმგებელია, რომ ზედამხედველობა გასწიოს, პერიოდულად ბავშვის მდგომარეობა შეამოწმოს და თუ რაღაც ისე არ არის, რეაგირება ჰქონდეს, ადამიანური რესურსის პრობლემაა.
- თანამშრომლები არ ჰყოფნით?
- შარშანდელი ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში სულ 255 სოციალური მუშაკია, უწყებაში კი სულ 19 ფსიქოლოგი მუშაობს. წარმოიდგინეთ, თითოულ მათგანს რამდენი ადამიანის მომსახურეობა უწევს. სოციალური მუშაკები ამას ხშირად აპროტესტებენ, ამბობენ, რომ მათი შრომითი უფლებები დაუცველია და რა თქმა უნდა, არის რისკები, რომ შეცდომა დაუშვან ან რაღაც არასათანადოდ გააკეთონ, რაც საბოლოო ჯამში, ბავშვების მდგომარეობაზე აისახება. სისტემურ გამოწვევებს ტრაგედიებამდე მივყავართ, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ბავშვთა დაცვის მიმართულებით სახელმწიფომ თავისი პასუხისმგებლობა გაიაზროს.
- თქვენი აზრით, გამართლებული იყო თუ არა ბავშვების მინდობითი აღზრდიდან დედასთან დაბრუნება, რომელსაც სხვადასხვა მიზეზით, მათი მარტო დატოვება ხშირად უწევდა?
- სააგენტოს განცხადებაში ეწერა, რომ ეს ბავშვებისა და რეინტეგრაციის ინტერესების გათვალისწინებით მოხდა და მეც ვფიქრობ, რომ ბავშვი ოჯახში, დედასთან უნდა იყოს. მთავარია, დედას სახელმწიფოს მხრიდან შექმნილი ჰქონდეს მხარდაჭერის იმგვარი სერვისები, რომ თუ მას მუშაობა უწევს, იყოს დღის ცენტრი ან დამხმარე ადამიანი, რომელიც ბავშვს დაიტოვებს. ასეთი სერვისების შეთავაზებაც შეიძლება და ამის პრაქტიკაც არსებობს. თუ ძალადობა არ არის და ჯანსაღი გარემოა, ბავშვი ოჯახში უნდა იყოს და სოციაური სიდუხჭირე მისი გამოყვანის მიზეზი და საფუძველი არ უნდა გახდეს.
- კი, მაგრამ ოჯახს დენი სწორედ სიდუხჭირის გამო ჩაუჭრეს, რასაც ტრაგედია მოჰყვა.
- სახელმწიფომ ოჯახში უნდა შექმნას ისეთი პირობები, რომ ბავშვები მატერიალურად უზრუნველყოფილები იყვნენ. ის, რომ ასეთ ოჯახს დენი ჩაუჭრეს, მიუთითებს რამდენად ფრაგმენტულია სახელმწიფოს დახმარება. შეიძლება რაღაც რესურსები იხარჯება, მაგრამ ყველა სტრუქტურას და კომპანიას უნდა ესმოდეს, რომ ასეთი ოჯახისთვის ელექტროენერგიის გათიშვა არ შეიძლება. როცა ოჯახი სოციალურად დაუცველია, უნდა ვიცოდეთ, რომ ამ სოციალურად დაუცველობას და სოციალური დაცვის ქულას ბევრი რაღაცა უკავშირდება. მუნიციპალურ დონეზეც არის რაღაც სერვისები, რომლებიც სოციალურად დაუცველობას ებმის. ერთ-ერთი, რაც ნამდვილად უნდა ებმოდეს და არ ებმის, ენერგო რესურსებზე წვდომაა. მდგომარეობას, როდესაც ელექტრო ენერგიაზე სიღარიბის გამო წვდომა არ არსებობს, სპეციალურ ტერმინს- ენერგეტიკულ სიღარიბეს (Energy poverty) უწოდებენ. არსებობს რეკომენდაციები, რომ სახელმწიფომ იზრუნოს ამ ენერგეტიკული სიღარიბის აღმოფხვრაზე და მგონია, რომ ამ მიმართულებითაც უნდა გადაიდგას ნაბიჯები. სულ მცირე, სოციალურად დაუცველ, ბავშვებიან ოჯახებს დავალიანების გამო ელექტრო ენერგია არ უნდა ჩაუჭრან. დავალიანების განაწილების სქემა და სხვა მექანიზმები უნდა იყოს შემუშავებული იმისთვის, რომ ბავშვები ელექტროენერგიის გარეშე არ დარჩნენ, როგორც ამ შემთხვევაში მოხდა. კომპანიის კეთილ ნებაზე რომ არ ვიყოთ დამოკიდებული, უნდა არსებობდეს რეგულაცია, რომელიც კომპანიას დენის ჩაჭას აუკრძალავდა.
- მინდობით აღზრდასთან დაკავშირებითაც უამრავი კითხვა არსებობს, რადგან სახელმწიფო მიმღებ ოჯახს გაცილებით მეტს უხდის, ვიდრე ბიოლოგიურ ოჯახს. არ ჯობია, რომ ეს თანხა ბიოლოგიურ ოჯახს გადასცენ, რომ შვილი დედასთან დარჩეს და დედა შვილთან?
- ზოგადად, სახელმწიფო პრევენციაზე სათანადოდ არ ზრუნავს, რაც ბევრ სფეროში ჩანს და ეს მიდგომა შესაცვლელია. ოჯახებში, სადაც განგრძობადი სიღარიბეა, ბავშვებს ძალიან ბევრი განგრძობითი პრობლემა უდგება. ასე რომ სახელმწიფოს ნამდვილად უღირს რესურსების დახარჯვა იმისთვის, რომ ბავშვებს ელემენტალური პირობები ჰქონდეთ.
- 2019 წელს, თბილისში, აფრიკის დასახლებაში 12 წლის ბავშვის ცხედარი ნახეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ბიჭი თხრილში ჯართის შესაგროვებლად ჩავიდა, რა დროსაც მიწა ჩამოიშალა და ბავშვი ცოცხლად დაიმარხა. თქვენი აზრით, რა არის საჭირო, რომ ბავშვები სიდუხჭირის გამო არ იღუპებოდნენ?
- როგორც იმ ორგანიზაციის წარმომადგენელმა, რომელიც დიდი ხანია, სოციალურ უფლებებზე მუშაობს, შემიძლია ვთქვა, რომ ამ საკითხებზე სისტემურად, რუტინულად და სტრუქტურულად ძალიან ცოტა ორგანიზაცია მუშაობს. როგორც წესი, ასეთი თემები არჩევნები წინ უფრო ახსენდებათ და პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო დაპირებებში პოპულისტურად ხვდება. დიახ, სოციალური დაცვის პოლიტიკა გადასახედია და ეს მარტო სახელმწიფო დახმარების პროგრამას არ ეხება. ეს ეხება ასევე შრომის პოლიტიკასაც. თუნდაც ის, რაც ახლა „ევოლუშენში“ ხდება. რატომ არის ქვეყანაში ასე ხშირად გაფიცვები? იმიტომ, რომ შრომის დაფასების ხარისხი ძალიან დაბალია, შრომითი უფლებები კომპანიების მიერ ყოველდღიურად და მასობრივად ირღვევა. როცა ვამბობთ, რომ მოსახლეობის 18% სოციალურად დაუცველია, უნდა გვახსოვდეს, რომ დაუცველი იმიტომაა, რომ შრომის ბაზარზე ისეთი ანაზღაურებაა, რომ შეიძლება ადამიანს არც უღირდეს მუშაობა და ურჩევნია დახმარებაზე დამოკიდებული იყოს. როცა პარლამენტში ამდენი მილიონერი ზის და ბიზნესის ლობი ძალიან ძლიერია, და ცოტა ვინმე თუ ზრუნავს იმაზე, რომ რიგითი ადამიანების ცხოვრება გაუმჯობესდეს. ამიტომ ცოტა არარეალისტურად ჟღერს, რასაც ვამბობ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ბიუჯეტი რიგითი ადამიანების კეთილდღეობას მოხმარდეს და ისე გადანაწილდეს, რომ ადამიანი სიღარიბეში არ ვარდებოდეს და სახელმწიფოს დახმარებებზე ჩამოკიდება არ უწევდეს. ყველა გამოკითხვაში ჩანს, რომ დღეს საქართველოს მოქალაქეებს აწუხებთ სიღარიბე, ინფლაცია, დაბალი ანაზღაურება და ა.შ. მაგრამ ამ საკითხებს ნაკლები ყურადღება ეთმობა. ასეთმა შემთხვევებმა მაინც უნდა გვაიძულოს, რომ დავფიქრდეთ და მეტი ყურადღება დავუთმოთ საზოგადების ყველა შრემ: საზოგადოებამაც, არასამთავრობო ორგანიზაციებმაც, მედიამაც, პოლიტიკურმა აქტორებმაც და პირველ რიგში სახელმწიფომ.