საქსტატი: ადგილობრივი ექსპორტის კუთხით რუსეთი, თურქეთი და ჩინეთი საქართველოს უმსხვილესი პარტნიორებია
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის თანახმად, 2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 3 532.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.3%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 44.9%-ს შეადგენს. ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 7.2%-ით შემცირდა და 1 586.5 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა
2024 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 73.5% შეადგინა.
ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი (325.8 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (258.9 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (156.9 მლნ. აშშ დოლარი).
2024 წლის იანვარ-ივლისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ფეროშენადნობები არის წარმოდგენილი 201.1 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 12.7%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 173.7 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 10.9%), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები, 117.2 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.4%).
რაც შეეხება საქართველოს საგარეო ვაჭრობას, საქსტატის ცნობით:
2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 566.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.6 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 3 532.2 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (შემცირდა 1.3 პროცენტით), ხოლო იმპორტი 9 034.6 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 2.9 პროცენტით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2024 წლის იანვარივლისში, 5 502.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.8 პროცენტია.
2024 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 81.3 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (587.5 მლნ. აშშ დოლარი), ყაზახეთი (446.5 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (407.2 მლნ. აშშ დოლარი).
2024 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 68.9 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 519.7 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 020.6 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (991.2 მლნ. აშშ დოლარი).
2024 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.2 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 809.5 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 427.8 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (1 078.4 მლნ. აშშ დოლარი).
2024 წლის იანვარ-ივლისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 1 192.7 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 33.8 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 201.4 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 5.7 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 174.4 მლნ. აშშ დოლარით (4.9 პროცენტი).
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2024 წლის იანვარ-ივლისში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 1 608.0 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 17.8 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 769.7 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 8.5 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სამკურნალო საშუალებები დაფასოებული 370.1 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 4.1 პროცენტი).