ქადაგიშვილი: ოპოზიცია თავიდან ბოლომდე საგარეო ინტერესებზეა ორიენტირებული
იმას, რომ ადამიანს ლგბტ პროპაგანდას ახვევ თავს, არანაირი კავშირი არ აქვს არც ადამიანის უფლებასთან, არც გამოხატვის და არც სიტყვის თავისუფლებასთან, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.
უმრავლესობის დეპუტატი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს.
„აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიღებთ ისეთ პარადოქსულ ვითარებას, როდესაც ადამიანს ეუბნებიან, რომ ვერ უნდა ჩამოყალიბდეს ქალია თუ კაცი. ამის პროპაგანდირება განსაკუთრებით ახალგაზრდებში ხდება. ოპოზიცია თავიდან ბოლომდე საგარეო ინტერესებზეა ორიენტირებული. ყველაფერი რაც ქვეყნისთვის სასარგებლოა, მათთვის მეათეხარისხოვანია. რაც განცხადებებიც გარედან გაკეთდება, მხოლოდ ამით იკვებებიან“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ პარლამენტში ინიცირებულ კონსტიტუციურ კანონპროექტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მსგავსი კანონის მიღება კიდევ უფრო გამოუთხრის ძირს დემოკრატიისადმი საქართველოს მთავრობის ერთგულების მიმართ ნდობას.