უკრაინის რადამ მესამე მოსმენით მიიღო კანონი რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების აკრძალვის შესახებ
უკრაინის უმაღლესმა რადამ მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მოღვაწეობას კრძალავს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
კანონს მხარი 265 დეპუტატმა დაუჭირა. ის გამოქვეყნებიდან 30 დღეში შედის ძალაში. კანონში ჩაწერილი გარდამავალი დებულების თანახმად, უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას 9-თვიანი ვადა მიეცემა, რათა მან მოსკოვის საპატრიარქოსთან კავშირები გაწყვიტოს.
2019 წელს უკრაინის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ავტოკეფალია მიიღო და რუსეთის საპატრიარქოს გამოეყო, თუმცა ქვეყნის ტერიტორიაზე მოღვაწე რიგი სასულიერო პირები ამ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმნენ და მოსკოვის საპატრიარქოსგან გამოყოფაზე უარი თქვეს.
ამის გამო უკრაინაში გარკვეული დროის მანძილზე ორი ეკლესია არსებობდა. ერთი - ავტოკეფალიური, ხოლო მეორე - მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული, რომელსაც ქვეყნის ხელისუფლება არ აღიარებდა. ორივე საკუთარ თავს უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას უწოდებდა.