შალვა პაპუაშვილი კარიბის ზღვის რეგიონის სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კარიბის ზღვის რეგიონის სახელმწიფოების - სენტ-ლუსიას, გრენადას, ანტიგუა და ბარბუდას, სენტ კიტსისა და ნევისის ფედერაციის, სენტ-ვინსენტი და გრენადინების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივ და მრავალმხრივ საპარლამენტო ფორმატებში თანამშრომლობა. საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს მიღწევებს ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების გზაზე და გამოთქვეს საუკეთესო გამოცდილების გაზიარების სურვილი, განსაკუთრებით, სახელმწიფო სერვისების, საბიუჯეტო პროცესების მართვის და ეკონომიკური რეფორმების სფეროებში.
„პარლამენტის თავმჯდომარემ საგარეო საქმეთა მინისტრებს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და გამოთქვა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუციის მხარდაჭერის გაგრძელების იმედი. მხარეებმა ხაზი გაუსვეს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დაცვის აუცილებლობას.
შალვა პაპუაშვილმა და კარიბის ზღვის რეგიონის ქვეყნების მინისტრებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე, საქართველოს პროგრესზე რეფორმების განხორციელების მიმართულებით და საქართველოს, როგორც ვაჭრობის შუა დერეფნის მნიშვნელოვანი ქვეყნის როლზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე და გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.