ჩვენი ფავორიტი იყო ბაიდენი, ის მოხსნეს საარჩევნო რბოლიდან - ვლადიმერ პუტინი
ჩვენი ფავორიტი იყო ბაიდენი, ის მოხსნეს საარჩევნო რბოლიდან, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
პუტინს ჰკითხეს, მიულოცავს თუ არა ის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულს.
„დიდი ხანია არ დაურეკავს ამერიკელ ლიდერებს, თუმცა გარკვეული კონტაქტები შენარჩუნებულია. ჩვენ არ გვითქვამს უარი ამ კონტაქტებზე. ეს მათ შეზღუდეს, თუმცა, გარკვეული ინფორმაციის გაცვლა ხდება სხვადასხვა არხებით, უპირველეს ყოვლისა, საგარეო საქმეთა სამინისტროს არხებით.
რაც შეეხება ფავორიტებს, ეს ჩვენი განსასაზღვრი არ არის. ეს ამერიკელი ხალხის არჩევანია, მაგრამ უკვე ვთქვი, რომ ჩვენი ფავორიტი იყო მოქმედი პრეზიდენტი ბატონი ბაიდენი, ის მოხსნეს საარჩევნო რბოლიდან, თუმცა ყველა თავის მომხრეს ურჩია, მხარი დაუჭირონ ქალბატონ ჰარისს. ჩვენც ასე გავაკეთებთ, მხარს დავუჭერთ მას.
ტრამპმა რუსეთის მიმართ იმდენი შეზღუდვა და სანქცია დააწესა, რაც მანამდე არცერთ პრეზიდენტს არ დაუწესებია. ხოლო ქალბატონ ჰარისს ყველაფერი თუ კარგად აქვს, იქნებ ის თავს შეიკავებს ამგვარი ქმედებებისგან. არჩევანი საბოლოოდ ამერიკელი ხალხის გადასაწყვეტია, ჩვენ პატივისცემით მოვეკიდებით მათ არჩევანს“, – განაცხადა პუტინმა.