"მივმართავ ყველა პოლიტიკურ მხარეს..." - რა განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა ცესკოში სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე?
მივმართავ არჩევნებში ჩართულ ნებისმიერ მხარეს, მედიასაშუალებას, ადგილობრივ, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ნუ გავავრცელებთ არასწორ, გადაუმოწმებელ და უსაფუძვლო ინფორმაციებს, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა, დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი შეფასებით, დეზინფორმაციის გავრცელება წინასაარჩევნო გარემოს აზიანებს.
„თანამშრომლები, ისევე, როგორც ნებისმიერ დონეზე კომისიის წევრები, შევაფასოთ მათი საქმიანობით, მათი ქმედებებით და არა გამოგონილი, მანიპულაციურად შექმნილი მოცემულობებით, რომელიც, რა თქმა უნდა, აზიანებს არა მხოლოდ ინსტიტუციას და მის რეპუტაციას, არამედ ზოგადად, წინასაარჩევნო გარემოს", - განაცხადა კალანდარიშვილმა.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სამომავლოდ დაფიქსირდება საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა შესახებ პერსონალური ინფორმაციის, სავარაუდოდ, უკანონოდ დამუშავების მცდელობა, საკითხს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი შეისწავლის და ასევე, აცნობებენ საერთაშორისო პარტნიორებს.
"ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი თანამშრომლების კანონიერი ინტერესები“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.