საქართველოს პარლამენტმა ანტი ლგბტ კანონი მიიღო
საქართველოს პარლამენტმა „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, დისკრიმინაციული და ჰომოფობიური, კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო.
პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის შედეგად კანონპროექტს 84 მომხრე და 0 წინააღმდეგი ჰყავდა.
საკანონმდებლო პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება. მათგან ძირითადია პროექტი სახელწოდებით - “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, დანარჩენი 18 კი, მისგან გამომდინარე პროექტია.
კანონპროექტით განისაზღვრება ქორწინებასთან, არასრულწლოვანის შვილად აყვანასა და მინდობით აღზრდასთან, ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების მიზნით სამედიცინო მანიპულაციის გამოყენებასთან, სახელმწიფოს მიერ გაცემულ დოკუმენტში სქესის მითითებასთან, განათლებასთან, ინფორმაციის გავრცელებასთან, საჯაროდ შეკრებასა და მანიფესტაციის ჩატარებასთან, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში ბიოლოგიური სქესის უგულებელყოფასთან დაკავშირებული საკითხები. კანონპროექტის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით განსხვავებული ბიოლოგიური სქესის ორი ადამიანის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. სხვა სახის კავშირის, როგორც ქორწინების, რეგისტრირება ან/და სამართლებრივი აქტით ქორწინებად აღიარება, დაუშვებელია.
აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ინიციატივას უკვე მოჰყვა კრიტიკული შეფასებები ევროკავშირისგან. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა მაიკლ ო’ფლაჰერტიმ საქართველოს პარლამენტის წევრებს სთხოვა, თავი შეიკავონ „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტის დამტკიცებისგან. ამის შესახებ წერილშია აღნიშნული, რომელიც მან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს 6 სექტემბერს გაუგზავნა.
ამასთან, ევროკავშირმა 4 სექტემბერს, საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით ნაჩქარევად მიღება დაგმო. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ეს პაკეტი ძირს უთხრის საქართველოს მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს და მოსახლეობის ნაწილის სტიგმატიზაციისა და დისკრიმინაციის გაძლიერების საფრთხეს ქმნის. მან მიუთითა ისიც, რომ ეს საკანონმდებლო პაკეტი, სამოქალაქო საზოგადოებისთვის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით დაწესებულ შეზღუდვებთან ერთად, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებს კიდევ უფრო დაძაბავს.