მე უფრო ხშირად დავდივარ ტაძარში, ვიდრე ყველა ის ადამიანი საქართველოში, რომელიც მართლმადიდებლურ ეკლესიასთან დაკავშირებული განცხადებების გამო მაკრიტიკებს - მიხაილ როთი
მე პირადად უფრო ხშირად დავდივარ ჩემს ტაძარში და უფრო ხშირად ვესწრები მსახურებას, ვიდრე ყველა ის ადამიანი აქ, თქვენს ქვეყანაში, რომელიც მაკრიტიკებს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან დაკავშირებით ჩემი განცხადებების გამო, - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაილ როთმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
როთმა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის შესახებ მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე კრიტიკის შესახებ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ რელიგიური თავისუფლება და რელიგიის კრიტიკა ერთმანეთისგან განუყოფელია. მისივე თქმით, აზრად არ ჰქონია მართლმადიდებლური ქრისტიანობის შეურაცყოფა.
„მე სრულიად მესმის ეს, რადგან მეც მგრძნობიარე ვარ, თუ საქმე რელიგიას ეხება. მე მჯერა ღმერთის. მე ვარ ძალიან აქტიური პროტესტანტი ქრისტიანი. ჩემი აღქმა ისეთია, რომ მე პირადად უფრო ხშირად დავდივარ ჩემს ტაძარში და უფრო ხშირად ვსტუმრობ ჩემი ეკლესიის მსახურებას, ვიდრე ყველა ეს ადამიანი აქ, თქვენს ქვეყანაში, რომლებიც მაკრიტიკებენ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან დაკავშირებით ჩემი განცხადებების გამო. ყველა ლიბერალურ დემოკრატიაში არის ერთი ურთიერთგაგება.
რელიგიის თავისუფლება და რელიგიის ან ეკლესიის კრიტიკის უფლება ერთი და იმავე მონეტის ორი მხარეა. ეკლესიას რელიგიური მიზეზების გამო არ ვაკრიტიკებდი. არა, მე უბრალოდ ხაზგასმით აღვნიშნე ის, რაც მასწავლეს თქვენს ქვეყანაში ხალხმა, რომ ეკლესია არ არის მხოლოდ რელიგიური ინსტიტუტი, ის ასევე არის პოლიტიკური აქტორი. დემოკრატიაში ეკლესიის კრიტიკა ნორმალური მოვლენა უნდა იყოს, თუ ეკლესია შემოდის პოლიტიკურ ასპარეზზე. მე როგორც რელიგიური ადამიანი, სხვებისგან ველი, რომ პატივს სცემენ ჩემს რელიგიას, ჩემს ეკლესიას. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მე კრიტიკოსი ვარ. ეს დემოკრატიის ძალიან უცნაური გაგებაა“, - განაცხადა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ მიხაილ როთმა განაცხადა, რომ ვერ წარმოუდგენია საქართველოსთვის ახალგაზრდა თაობის გარეშე ნათელი მომავალი შეიქმნას მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიით, რომელიც მმართველი პარტიის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირეა. გარდა ამისა, მან სოციალურ ქსელში დაწერა: „რელიგიის თავისუფლება და რელიგიის კრიტიკა განუყოფელია. სწორედ ასე მუშაობს დემოკრატია. ყველა ეკლესია, რელიგია და მორწმუნეები უნდა შეურიგდნენ კრიტიკას. ზოგიერთს ჯერ კიდევ აქვს ამასთან დაკავშირებით პრობლემები: ჩემს შემთხვევაში საქართველოს მართლმადიდებლობა და ისევ და ისევ ისლამი“.