თეგებით ძიება

ქართველი და აფხაზი ახალგაზრდები პოულობენ გზებს ერთმანეთთან ურთიერთობისთვის და ჯობია პოლიტიკოსები ამ საკითხს საერთოდ შეეშვან - ვაჟა კაკაბაძე

ვნებათაღელვა, რომელიც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებული განცხადებას მოჰყვა, დღემდე გრძელდება. ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთითა და დაფინანსებით, ამერიკულმა ორგანიზაციამ Edison Research-მა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარა რომლის თანახმად, მოსახლეობის 85% არ ეთანხმება ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებას, რომ საქართველომ 2008 წლის ავისტოს მოვლენების გამო ბოდიში უნდა მოიხადოს.

არავითარი ბოდიში! ეს უკურეაქციას გამოიწვევს - ამის შესახებ TIA.GE-თან  ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ინჟინერ–გეოლოგი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ–კორესპოდენტი და პუბლიცისტი ვაჟა კაკაბაძე საუბრობს. 

- მე აფხაზეთში დაბადებული ადამიანი, რომელიც აფხაზების გარემოცვაში ვიზრდებოდი და აფხაზი ძმადნაფიცი მყავდა, აფხაზებისა და ოსებისთვის ბოდიშის მოხდის კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ. ჩემი აზრით, ბოდიშის მოხდაზე საუბარი აფხაზეთში დაღუპული ქართველი ბიჭების და ქართველი დევნილების შეურაცხყოფაა და უკურეაქციას გამოიწვევს. იმ ომმა მე უძვირფასესი ადამიანები წამართვა. სოხუმის დამცველთა შორის იყო ჩემი ბიძაშვილი ზურა გაგუა, რომელიც ანძასთან დაიღუპა. ჩამოსულებმა მითხრეს ბავშვები გამოატარა, თვითონ კი ტყვედ რომ არ ჩავადნილიყო, თავი აიფეთქაო. ბოდიში რისთვის მოუვუხადოთ, უბედურება რომ მოგვიტანეს? იქნება მადლობაც გადავუხადოთ? არ შეიძლება ამის გაკეთება. რას ქვია ბოდიში, ხალხს შვილები დაუხოცეს..

- აფხაზებსაც ხომ დაუხოცეს?

- კი ბატონო, მაგრამ ომი ჩვენ არ დაგვიწყია. როდესაც ამა თუ იმ კონფლიქტზე ვსაუბრობთ, ისტორიული ფაქტების მიმოხილვიდან უნდა დავიწყოთ.  თავად პლინიუს პირველს (პლინიუს უფროსი) აქვს დაწერილი, რომ აფსუები და აბაზგები ჩრდილოეთ მხარეს ცხოვრობდნენ და არა ამ ტერიტორიაზე. ოსებმაც და აფხაზებმაც უნდა იცოდნენ, რომ ჩვენს ტერიტორიაზე მოსულები არიან  და მასპინძლებს პატივი უნდა სცენ. სხვათა შორის, ისტორიული წყაროებით დასტურდება, რომ რუსეთის იმპერიამ აფხაზეთის სამთავრო 1810 წელს შეიყვანა თავის „მფარველობაში“ და, როგორც მანამდე ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოები, ასევე მისი ოკუპაციაც ამ სახით მოახდინა. აფხაზეთი რუსეთის შემადგენლობაში შევიდა წებელდისა და სხვა მთის საზოგადოებების გარეშე. 1864 წელს რუსეთის იმპერიულმა ხელისუფლებამ გააუქმა აფხაზეთის სამთავრო და ტერიტორია მდინარე ენგურიდან გაგრის ჩათვლით, „სოხუმის სამხედრო განყოფილებაში“ შეიყვანა, რომელსაც შემდეგში სოხუმის ოლქი ეწოდა.1910 წელს, მთავრობის წარმომადგენელთა მიერ შედგენილ ერთ დოკუმენტში წერია, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ კავკასიის სხვა ადგილები მხოლოდ კულტურული რუსი ადამიანებისათვის არის განკუთვნილი და არა ადგილობრივი ბრიყვი, ხეპრე და უვიცი აფხაზებისათვის. ნამდვილმა აფხაზებმა ეს უნდა იცოდნენ. 

- აფხაზეთში ცხოვრების პერიოდიდან რა გახსენდებათ? 

- ასლან ტარბა, რომელიც მერე ბოევიკი გახდა ჩემი მეზობელი იყო და ერთად ვიზრდებოდით. ჩვენს მეზობლად ცხოვრობდნენ მიმინოშვილები, ქადარიები, რობაქიძეები და სხვა ქართული ოჯახები, მაგრამ როდესაც ჩემი მშობლები სადმე მიდიოდნენ, ასლან ტარბას ოჯახში მტოვებდნენ. ომის დროს  გავიგე, ასლანს უთქვამს რომ ვისვრი, მეშინია ვაჟას არ მოხვდესო და რომ გაიგო არ ვიბრძოდი, ამოუსუნთქავს. ეს სხვა ურთიერთობა იყო, რომელსაც დრო ვერაფერს აკლებს, მაგრამ რუსეთმა ჩვენს შორის შუღლის ჩამოგდებისთვის ყველაფერი გააკეთა. 

აფხაზების ქართველებთან დაპირისპირება ხრუშოვის ჩამოსვლის მერე დაიწყო. ჩემმა დამ სკოლა აფხაზეთში დაამთავრა, მე მესამე კლასის მერე წამომიყვანეს. ჩემი წამოსვლიდან ხუთი წლის შემდეგ ილია ჭავჭავაძის სახელობის პირველი საშუალო სკოლა, სადაც მე ვსწავლობდი,  გადააკეთეს და აფხაზი ბავშვები, რომლებიც მეხუთე კლასამდე ჩვენთან ერთად სწავლობდნენ, რუსულ სკოლებში ძალით გადაიყვანეს.

მამაჩემს, რომელიც განათლების განყოფილებაში მუშაობდა  და თან კულტურის სახლის დირექტორი იყო, უთხრეს გვარი კაკაბაძიდან კაკბაზე გადაიკეთე ან თანამდებობას დაემშვიდობეო. მამამ უარი რომ  თქვა, ახლობელმა ადამიანმა გაგვაფრთხილა, რომ მის დაპატიმრებას გეგმავდნენ და ერთმა შემთხვევამ გადაარჩინა.  ასე, რომ არავითარი ბოდიში. ეს არც არის გამოსავალი.

- აბა რა არის?

- მშვენივრად ლაგდება ურთიერთობა სახალხო დიპლონატიის გზით. ქართველი და აფხაზი ახალგაზრდები პოულობენ გზებს ერთმანეთთან ურთიერთობისთვის და ჯობია პოლიტიკოსები ამ საკითხს საერთოდ შეეშვან. ურთიერთობა მაშინვე დალაგდება, როგორც კი უკრაინა გაიმარჯვებს და რუსეთი დასუსტდება, თუმცა ზოგი პოლიტიკოსისგან განსხვავებით,  არ ვფიქრობ, რომ ამერიკას რუსეთის საბოლოო განადგურება აწყობს. ამერიკაში მშვენივრად იციან, რომ რუსეთის განადგურების შემდეგ აღმოსავლეთიდან ჩინეთი წამოიწევს, რომელიც რუსეთზე საშიში ძალაა. ასე, რომ თუ ამერიკასა და რუსეთს შორის მოლაპარაკება შედგა, ყველაფერი კარგად დამთავრდება. 

საუბრის ბოლოს გეტყვით, რომ ერთი ოცნება მაქვს - მინდა საქართველოში მოქმედი ყველა პოლიტიკური პარტია და პოლიტიკოსი უკაცრიელ კუნძულზე გადავასახლო. ამ კუნძულს შემოვავლებდი 

ღობეს და ბავშებს წავიყვანდი ექსკურსიაზე იმის საჩვენებლად, როგორები არ უნდა იყვნენ. 

საქართველოს ხელისუფლების ინიციატივას აფხაზებისა და ოსებისთვის ბოდიშის მოხდაზე რუსეთის ხელისუფლება გამოეხმაურა.  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, "მოსკოვი მზადაა, დაეხმაროს საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში, თუ ეს ქვეყნები თავად იქნებიან დაინტერესებული, მათ შორის თავდაუსხმელობის შეთანხმებების უზრუნველყოფის საკითხშიც".


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა