თეგებით ძიება

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელები ილიაუნს სოლიდარობას უცხადებენ

საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები სოლიდარობას უცხადებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს და მიმართავენ უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს, დაიცვას ავტორიზაციის დებულებით განსაზღვრული საბჭოს საქმიანობისა და ეთიკის პრინციპები, გაითვალისწინოს დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა და უპირობო ავტორიზაცია მიანიჭოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს.

მიმართვას ამ ეტაპზე სხვადასხვა უნივერსიტეტის 100-ზე მეტი წარმომადგენელი აწერს ხელს. სია ხელმოწერებისთვის ღიაა და პერიოდულად განახლდება.

„2024 წლის 27 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი განათლების ავტორიზაციის საბჭომ 26 სექტემბერს გამართულ სხდომაზე, სადაც განიხილებოდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის მინიჭების საკითხი, აღნიშნულ უნივერსიტეტს მიანიჭა ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით. აღნიშნული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ექსპერტთა ჯგუფის პოზიტიურ დასკვნას, სადაც უნივერსიტეტს ავტორიზაციის შვიდივე სტანდარტში მიღებული აქვს შეფასება “შესაბამისობაშია მოთხოვნებთან.” სტანდარტების შეფასება დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის მიერ ცალსახად მიუთითებს, რომ უნივერსიტეტს უნდა მიეღო სრული ავტორიზაცია ყველანაირი დამატებითი მონიტორინგის გარეშე.

მიგვაჩნია, რომ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება უსაფუძვლო, არასამართლიანი და პოლიტიკურად მოტივირებულია, რაც სავარაუდოდ გაზაფხულის მასობრივი პროტესტების დროს არაერთი საზოგადოებრივი და აკადემიური დაწესებულების გვერდით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაფიქსირებულ ღირსეულ სამოქალაქო პოზიციებს უკავშირდება. ამასთან, სამწუხაროდ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი და აკადემიური პერსონალი მრავალჯერ გამხდარან ხელისუფლების მხრიდან უსაფუძვლო კრიტიკისა და შეურაცხყოფის ობიექტები სხვადასხვა პერიოდში. ეს გამოწვეული იყო სწორედ უნივერსიტეტში ჩამოყალიბებული დემოკრატიული და პლურალისტური გარემოთი და მათ მიერ გამოხატული სამოქალაქო პოზიციებით. აქედან გამომდინარე, გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ზემოხსენებული გადაწყვეტილება წარმოადგენს აშკარა ინტერვენციას უნივერსიტეტის ავტონომიაში. ეს ქმედება, ფართო კონტექსტში განხილვისას, შეიძლება აღქმულ იქნას, როგორც მცდელობა, დამყარდეს პოლიტიკური კონტროლი ქართულ საგანმანათლებლო სივრცესა და აკადემიურ თავისუფლებაზე. ასეთი მიდგომა ფუნდამენტურად შეუთავსებელია დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებთან.

უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და უმაღლესი განათლების ავტორიზაციის საბჭოს ძირითად ფუნქციას წარმოადგენს განათლების ხარისხის სისტემური უზრუნველყოფა და ამ პროცესში ობიექტური გადაწყვეტილებების მიღება. სამწუხაროდ, აღნიშნული მექანიზმის გამოყენება დღეს პოლიტიკური მიზნებისთვის ხდება, რაც, თავის მხრივ, სტიმულირებულია მისი ინსტიტუციური მოწყობის სპეციფიკით. მოქმედი რეგულაციების თანახმად, ავტორიზაციის საბჭოს მუდმივი და მოწვეული წევრების დანიშვნა და გათავისუფლება ხორციელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ, სამინისტროს წარდგინების საფუძველზე. ეს ინსტიტუციური მოწყობა ქმნის პოტენციურ საფრთხეს პოლიტიკური ინტერესების ინტერვენციისთვის საგანმანათლებლო სფეროში და შესაძლოა, ხელს უწყობდეს აღნიშნული მექანიზმის არადემოკრატიულ გამოყენებას.

ამ საკითხებზე მსჯელობის დროს, ცხადია, რომ უნდა გავითვალისწინოთ ათიათასობით სტუდენტის ინტერესი და უფლება უმაღლესი განათლების მიღებაზე. ამგვარი არაცხადი გარემო და უკანონო პროცესები მძიმედ აისახება მათ მდგომარეობაზე და მომავალზე. ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიკერძოებული და გაუმჭვირვალე გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ სტანდარტებს და საფრთხეს უქმნის საქართველოს წევრობას ევროპული უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციაში. ეს კი რეპუტაციულ ზიანს აყენებს ქართულ საგანმანათლებლო სისტემას და საფრთხეს უქმნის საქართველოში მიღებული განათლების აღიარებას საერთაშორისო დონეზე.

ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესების არამართლზომიერი გამოყენება წარმოადგენს სიმპტომატურ გამოვლინებას იმ მნიშვნელოვანი პრობლემატიკისა, რომელიც უკავშირდება პოლიტიკურ მმართველობაში ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას, გამოხატვის თავისუფლებისა და აკადემიური ავტონომიის შეზღუდვას, აგრეთვე მოქალაქეთა დემობილიზაციის მზარდ ინტერესებს. ავტორიტარიზმის აღმავლობას ხშირად თან ახლავს პოლიტიკური სისტემის მისწრაფება, შეამციროს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომია, ვინაიდან ეს ინსტიტუციები წარმოადგენენ კრიტიკული აზროვნების, ცოდნის გენერირებისა და თავისუფალი პოლიტიკური იდეების ფორმირების კერებს. საგანმანათლებლო დაწესებულებების მასობრივი კონტროლის მიღმა აშკარად იკვეთება ინტერესი, შეიზღუდოს სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის სამოქალაქო აქტივობა. შესაბამისად, არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმის გააზრებას, რომ მსგავსი გამოწვევები შესაძლოა წარმოიშვას სხვა საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ ორგანიზაციების წინაშეც. ამ კონტექსტში, უაღრესად მნიშვნელოვანია სოლიდარობისა და თვითორგანიზების პრინციპების დაცვა.

მოვუწოდებთ ავტორიზაციის საბჭოს, განუხრელად დაიცვას ავტორიზაციის დებულებით განსაზღვრული საბჭოს საქმიანობისა და ეთიკის პრინციპები, გაითვალისწინოს დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა და უპირობო ავტორიზაცია მიანიჭოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს! ამასთან, მოვითხოვთ, სახელმწიფომ შეწყვიტოს ზეწოლა უნივერსიტეტებზე!“, – აღნიშნულია განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა