5 ყველაზე მაღალანაზღაურებადი საქმიანობა საქართველოში - სად იხდიან ყველაზე მეტს?
2023 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა მედიანური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 19 პროცენტით გაიზარდა და 1 238 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
„საქსტატის“ ცნობითვე, 2023 წელს მედიანური ხელფასი საშუალო თვიურ ხელფასზე 29.9 პროცენტით ნაკლებია. ცნობისთვის, 2023 წელს დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1 766.8 ლარი იყო.
სექტორების მიხედვით, 2023 წელს ყველაზე მაღალი მედიანური თვიური ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
ინფორმაცია და კომუნიკაცია - 1 960 ლარი;
სახელმწიფო მმართველობა - 1 878 ლარი;
მშენებლობა - 1 810 ლარი;
სამთომოპოვებითი მრეწველობა - 1 705 ლარი;
ფინანსური და სადაზღვევო საქმიანობა - 1 696 ლარი.
ამასთან, 2023 წელს, ყველაზე დაბალი მედიანური ხელფასი ფიქსირდება შემდეგ დარგებში:
განათლება - 835 ლარი;
წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები - 855 ლარი;
ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები - 875 ლარი;
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები - 902 ლარი;
ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები - 934 ლარი.
ცნობისთვის, საქსტატი, როგორც წესი, აქვეყნებდა ხელფასების საშუალო თვიურ მონაცემებს. საშუალო ხელფასი წარმოადგენს საშუალო არითმატიკულს და რიგ შემთხვევებში, საქართველოში დასაქმებულთა ანაზღაურება ამ მაჩვენებლისაგან არსებითად განსხვავდება. მოქალაქეთა ნაწილის ანაზღაურება გაცილებით მეტია, ნაწილის კი - გაცილებით ნაკლები.
შესაბამისად, ექსპერტების მოსაზრებით, საშუალო ხელფასს “მედიანური ხელფასი” უკეთესად ასახავს. მედიანა ზრდადობის მიხედვით დალაგებული მონაცემების შუაში მოქცეული რიცხვია.
შესაბამისად, თუ საწარმოში 5 ადამიანი მუშაობს, საიდანაც უფროსის ხელფასი 3 000 ლარია, ხოლო თანამშრომლების - 500-500 ლარი, მედიანურად დათვლის შემთხვევაში, მედიანური ხელფასი - 500 ლარი, საშუალო არითმეტიკულის გაანგარიშებით კი თანამშრომლის საშუალო ხელფასი 1 000 ლარი გამოდის.
წყარო: bpn.ge