თეგებით ძიება
17. 10. 2024 სპორტი

საქართველოს 2024 წლის საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი მამარდაშვილი დასახელდა

გაზეთმა “სარბიელმა” ყოველწლიური ტრადიციული გამოკითხვა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც 2023/24 წლის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი მამარდაშვილი დასახელდა. ამ მიღწევით მამარდაშვილი გახდა პირველი ქართველი მეკარე, რომელმაც წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო ორჯერ მოიპოვა, მანამდე მას პრიზი 2021/22 წლების სეზონში ჰქონდა მოპოვებული.

გასულ სეზონში გიორგიმ “ვალენსიაში” 38-დან 37 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ხოლო ერთი თამაში “ბარსელონასთან” მიღებული წითელი ბარათის გამო გამოტოვა. 37 მატჩიდან კარი მშრალად 13-ჯერ შეინახა და რამდენიმე ესპანურ ენოვანმა გამოცემამ საერთოდაც ლა ლიგის საუკეთესო მეკარედაც დაასახელა.

საქართველოს ნაკრებთან ერთად მამარდაშვილმა საბერძნეთთან ერთა ლიგის ფინალში პენალტების სერიაში ერთი პენალტი მოიგერია, რის შემდეგაც გუნდი ევროპის ჩემპიონატზე მოხვდა, ხოლო უშუალოდ წლის უმთავრეს სანაკრებო ღონისძიებაზე 29 "სეივი" დააგროვა და ყველა დროის რეკორდს მცირედით ჩამორჩა.

ასეთმა თამაშმა მამარდაშვილის ღირებულება მნიშვნელოვნად გაზარდა და დღეს გიორგი 45 მილიონი ევროთი მსოფლიოში ყველაზე ძვირად შეფასებული გოლკიპერია.

ცნობისთვის, გაზეთი „სარბიელი“ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს 1993 წლიდან ასახელებს. გამოკითხვა სპორტულ ჟურნალისტებს შორის ტარდება. წელს გამოკითხვაში რეკორდული რაოდენობის, 86 სპორტული ჟურნალისტი მონაწილეობდა.

წლევანდელი გამოკითხვა 2023 წლის აგვისტოდან ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ჩათვლით პერიოდს მოიცავდა და რეიტინგის საბოლოო სამეული ასე დალაგდა:

3. გიორგი მიქაუტაძე (“მეცი”/”ლიონი”)

2. ხვიჩა კვარაცხელია (“ნაპოლი”)

1. გიორგი მამარდაშვილი (“ვალენსია”)


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა