„მარსი ოპოზიციაში იმყოფება პლუტონთან, რაც გაზრდის საპროტესტო გამოსვლების, შეტაკებების, დაპირისპირებისა და ტრავმის ალბათობას“ - ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი რამაზ გიგაურისგან
ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში ნოემბრის ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ინგრესია:
* 2 ნოემბერი > მერკური მშვილდოსნის ზოდიაქოში
* 4 ნოემბერი > მარსი ლომის ზოდიაქოში
* 11 ნოემბერი > ვენერა თხის რქის ზოდიაქოში
* 19 ნოემბერი > პლუტონი მერწყულის ზოდიაქოში
* 21 ნოემბერი > მზე მშვილდოსნის ზოდიაქოში
რეტროგრადული პლანეტები:
* 15 ნოემბერი > დირექტიული სატურნი (თევზების მე-13 გრადუსიდან)
* 26 ნოემბერი < რეტროგრადული მერკური (მშვილდოსნის 23-ე გრადუსიდან)
* ახალმთვარეობა - 1 ნოემბერი (16:47 საათზე)
* სავსემთვარეობა - 16 ნოემბერი (1:29 საათზე)
ნოემბრის პირველ დღეებში გაგრძელდება ოქტომბერში დაწყებული ასტროლოგიური ტენდენციები, კონკრეტულად კი ხუთი პლანეტის წყლის სტიქიის ნიშნებში მოძრაობა. ეს მიანიშნებს ადამიანებში ემოციურობის გაძლიერებაზე, რაც ფსიქოლოგიურ დონეზე რთული გადასატანი იქნება, განსაკუთრებით იმათთვის, ვისაც უჭირთ საკუთარი ემოციის გაცნობიერება და მართვა. მითუმეტეს, რომ 1 ნოემბერს მორიელის ნიშანში ახალმთვარეობა იქნება და ეს კიდევ უფრო გააძლიერებს ზემოთ აღწერილ ტენდენციებს, თუმცა ეს ახალმთვარეობა ადამიანებში „გაანახლებს“ და გააძლიერებს მომავლისადმი ხედვას. დაიწყება შინაგანი ტრანსფორმაცია, რომელიც როგორც ინდივიდუალურ, ისე სოციალურ დონეზე აუცილებლად აისახება ცხოვრების წესზე. ადამიანები თუ საზოგადოება იოლად მიაგნებენ საკუთარ თავში სუსტ წერტილებს და დაიწყებენ მის დამუშავება-გამოსწორებას. ეს იქნება შინაგანი „განწმენდის“, ასევე წარსულისგან, არასაჭირო ნივთებისგან თუ ადამიანებისგან გათავისუფლების პერიოდიც.
2 ნოემბერს მერკური მშვილდოსანში გადაინაცვლებს. ეს მიანიშნებს ახალ იდეების და ფილოსოფიური დისკუსიების გააქტიურებაზე, ადამიანებში მოიმატებს ასე ვთქვათ, გლობალურ აზროვნების და ფართო პერსპექტივების დანახვის ტენდენცია. ყველა, ვისაც ორატორული ნიჭი გააჩნია, თავის უკეთესად წარმოჩენას შეძლებენ. თუმცა მერკურის ეს ინგრესია ასევე მოიტანს უტაქტობას, პირდაპირობას და სიხისტეს.
4 ნოემბრიდან მარსი ლომის ნიშანში გადაინაცვლებს და ადამიანებში ენერგია გაცილებით ძლიერად და რაც მთავარია, გაბედულად გამოვლინდება. თუ მანამდე მარსი კირჩხიბში სუსტად ვლინდებოდა ადამიანებში გაბედულება მინიმალურ ნიშნულზე იყო, 4 ნოემბრიდან, როდესაც მარსი ლომში შევა, ეს შეცვლის ამ ტენდენციას, რადგან მარსის მმართველი მზე ხდება და ეს მიანიშნებს „იან“ (მამრული) ენერგიის აქტივაციაზე. მარსი „გახდება“ კონფლიქტური და პირდაპირი. მითუმეტეს, რომ მარსი ოპოზიციაში იმყოფება პლუტონთან, რაც გაზრდის საპროტესტო გამოსვლების, შეტაკებების, დაპირისპირებისა და ტრავმის ალბათობას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ ამ დღეებში ტარდება ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები და შეიძლება ითქვას, რომ ეს საპრეზიდენტო არჩევნები ალბათ ყველაზე „ცხელი“ იქნება ისტორიაში. თითქოს და დაუჯერებელია, მაგრამ არ გამოირიცხება გარკვეულ ძალებსა და პოლიციას შორის შეიარაღებული დაპირისპირებაც კი. ეს პერიოდი ასევე რთული იქნება ყველა ქვეყნისთვის, სადაც პოლიტიკური ტემპერატურა მაღალია (მათ შორის, საქართველოში, რუსეთ-უკრაინის ომში, კორეის ნახევარკუნძულზე, ახლო აღმოსავლეთში და ა. შ.). ამ პერიოდში მოიმატებს ტერაქტების, ბუნებრივი კატაკლიზმებისა და ტექნიკური ავარიების ალბათობაც.
ინდივიდუალურ დონეზე, ამ პერიოდიდან მერკური და მარსი აღმოჩნდებიან ცეცხლის სტიქიის ნიშანში (თითქმის 2,5 თვის განმავლობაში), აქედან გამომდინარე, ცხოვრების ტემპორიტმი უფრო დინამიკური და აქტიური გახდება. ბევრი ადამიანი გეგმებისა და იდეების რეალიზაციას აქტიურად დაიწყებს. მათი ბრძოლისუნარიანობა და მიზანსწრაფვა უმეტესწილად სასიკეთო შედეგებს მოიტანს. მიუხედავად იმისა, რომ ნოემბერი საკმაოდ დაძაბული პერიოდია, მისი პირველი ნახევარი საინტერესო იქნება მოლაპარაკებებისთვის, საბუთებზე ხელის მოწერისთვის, ბიზნეს-საქმიანობისთვის, რასაც ვერ ვიტყვით ნოემბრის მეორე ნახევარზე.
ნოემბრის პირველ დეკადაში ბევრად უკეთესი მდგომარეობა უკავიათ ვენერასა და იუპიტერს. მიუხედავად იუპიტერის „გამოძევებული“ (სუსტი) პოზიციისა, ამ ორი პლანეტის გავლენა მიანიშნებს სწავლაში, ლიტერატურაში და საერთოდ კულტურულ ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებზე. თუმცა ამავე პერიოდში მოიმატებს ახლობლებთან იდეოლოგიური შეუთანხმებლობა, კამათი ან დაპირისპირება.
ნოემბრის პირველ და მეორე ორ დეკადაში საკმაოდ აქტიურად გამოვლინდება მორიელის ნიშანი. ეს მიუთითებს, რომ წარმატების მისაღწევად საჭიროა ხასიათის სიმტკიცის და მიზანსწრაფვის გამოვლენა. ამასთანავე, აუცილებელი იქნება მოვლენების ფარული მიზეზებისა და სუსტი წერტილების დანახვა, რათა შედარებით უმტკივნეულოდ და რაც მთავარია, დროულად გადაიჭრას პრობლემები და მოგვარდეს კრიზისები. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ნოემბრის მეორე დეკადიდან ვენერა თხის რქაში გადაინაცვლებს, რაც ადამიანების პირად ცხოვრებაზე სასიკეთო გავლენას მოახდენს. ბევრი წყვილი შეძლებს ის არეული ურთიერთობა, რაც მანამდე ჰქონდათ, დაალაგონ და დაასტაბილურონ. ვენერას ეს ინგრესია ასევე შეეხება ფინანსურ შემოსავლებსა და გასავლებსაც. ბევრი ადამიანი შეძლებს კრიტიკული თვალით გადახედოს თავის ბიუჯეტს და მასში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანოს.
16 ნოემბრიდან მერკურის სიჩქარე მკვეთრად დაიკლებს (ამ დღეს სავსემთვარეობაც იქნება) და 26 ნოემბრიდან ის საერთოდ რეტროგრადული გახდება, რაც მიუთითებს ინფორმაციის მიღება-გადაცემისას და ურთიერთობისას გარკვეულ დამუხრუჭებაზე. აქვე ვთქვათ, რომ სწორედ ნოემბრის ბოლო კვირაში გაჩნდება გარკვეული გამოწვევები. როგორც უკვე აღვნიშნეთ, რეტროგრადული მერკურის მოძრაობის გამო მოსალოდნელია პრობლემების შექმნა მოგზაურობასთან, საერთაშორისო თუ ადგილობრივ გადაზიდვებთან და აეროპორტებთან დაკავშირებით. შესაძლოა ვიხილოთ სკანდალები, თანამდებობის პირების გადადგომა, პრობლემები მას-მედიასთან, ასევე სატელეფონო თუ ინტერნეტ მომსახურებასთან დაკავშირებითაც.
სწორედ მერკურისა და მარსის ცეცხლის სტიქიის ნიშნებში მოძრაობა მიანიშნებს, რომ ნოემბრის მეორე ნახევარში მკვეთრად მოიმატებს ხანძრების ალბათობა, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. ეს იქნება სოციალური პროტესტი, მიტინგი, გაფიცვა და არეულობა (უნდა ითქვას, რომ ეს გავლენა კიდევ უფრო გაძლიერდება დეკემბერში).
საერთოდ, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერი ბევრი ქვეყნის, ორგანიზაციისა თუ კომპანიის მმართველისთვის რთული იქნება. დიდი ალბათობით მათი გავლენა დიდი გამოცდის წინაშე დადგება და მათი რეპუტაცია გარკვეული საფრთხის ქვეშ დადგება. შესაძლოა რამდენიმე ქვეყანაში ვიხილოთ ხელისუფლების შეცვლის მტკივნეული პროცესები. ამას 21 ნოემბრის შემდეგ დავინახავთ, როდესაც ცეცხლის სტიქიის ნიშანში მარსის გარდა, მზეც შევა (მშვილდოსანში)და ეს გააძლიერებს ცხოვრების დინამიკას. თუმცა ეს გაზრდის ძალადობრივი მოქმედებების ალბათობას (ეს რთული აღმოჩნდება იმ ადამიანებისთვის, განსაკუთრებით პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც თებერვლის მეორე, მაისის პირველ, ნოემბრის მესამე და დეკემბრის მესამე დეკადაში არიან დაბადებულები).
20 ნოემბრიდან პლუტონი საბოლოოდ გადავა მერწყულში. ეს დაუკავშირდება იმ ტენდენციების საბოლოოდ ჩამოყალიბებას, რომლებიც ჯერ კიდევ 2023 წლის მარტიდან დაიწყო. პლუტონის ეს ინგრესია მიანიშნებს ადამიანის კოლექტიურ არაცნობიერში აუცილებელ ცვლილებებსა და ტრანსფორმაციაზე. ეს იქნება ასე ვთქვათ, „ახალი ეპოქის“, „ახალი ადამიანის“ ფორმირების პერიოდი. დაიწყება დაახლოებით 19 წლიანი ციკლი, რომელიც გლობალურ დონეზე მოიტანს სერიოზულ ცვლილებებს სოციალურ ცხოვრებასა და საზოგადოებრივ სისტემებში, ადამიანის უფლებების, თანასწორობისა და სოციალური სამართლიანობის საკითხებზე მეტი ყურადღების გამახვილებას და რაც მთავარია, ამ კუთხით აქტიური ძალისხმევის გაღებას. გარდა ამისა, ეს მიანიშნებს კაცობრიობის უდიდეს ნახტომებს ასტრონომიაში (კოსმოსის შესწავლა-ათვისების კუთხით), ნანო-ტექნოლოგიებში (იგივე ხელოვნური ინტელექტის კიდევ უფრო განვითარებას). თუმცა ეს ციკლი ასევე მოიტანს ბევრი „მოძველებული“, ფსევდო-ტრადიციული ძალაუფლების სტრუქტურების ნგრევას, ცენტრალიზებული სისტემების დასუსტებას ან სრულად მოშლასა და თვითმმართველობების გაძლიერებას.
იმედი ვიქონიოთ, რომ მოვლენები როგორც საქართველოში, ისე მთელს მსოფლიოში ჰარმონიულად განვითარდება და ყველა ის ცვლილება, რომელსაც პროგრესულად მოაზროვნე ადამიანები აპირებენ, შედარებით უმტკივნეულოდ მოხდება - წერს რამაზ გიგაური.