თეგებით ძიება

„ოცნება“ არჩევნებს წააგებს, მაგრამ პირველ ადგილზე გავა, რაც იმის საშუალებას მისცემს, რომ ძალაუფლება პირდაპირი თუ არა, ირიბი გზით მაინც შეინარჩუნოს - ვახტანგ ძაბირაძე

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ევროკავშირის 13-მა ქვეყანამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ კურსის ცვლილების გარეშე საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება. ხელისუფლება კურსის შეცვლას არ აპირებს, მაგრამ გვიმტკიცებს, რომ ეს სწორედ ევროპისკენ მიმავალი კურსია და ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას ხელს ოპოზიცია უშლის. სად არის სიმართლე, სად ტყუილი და სინამდვილეში რა ხდება, ამის გასარკვევად, TIA.GE პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძეს დაუკავშირდა.

- ის ხალხი, ვინც ხმა უნდა მოგვცეს და მხარი დაგვიჭიროს, რომ ევროკავშირის წევრები გავხდეთ, ყველა ერთხმად გვეუბნება, რომ არასწორი გზით მივდივართ და „ქართული ოცნება“ თუ სხვა ევროპას იცნობს, არ ვიცი. სხვათა შორის, ურალს აქეთ, რუსეთიც ევროპაა. ამას თუ გულისხმობენ, არ ვიცი.. ამ მხრივ სრულიად გამაოგნებელი განცხადებები გვესმის, თუმცა ორი აზრი არ არსებობს, რომ ეს არის არჩევანი დასავლეთსა და რუსეთს შორის, იმიტომ, რომ თუ მარტო დავრჩით, ჩვენ კი არა, 40 მილიონიან უკრაინას დასავლეთის დახმარების მიუხედავად, როგორ უჭირს, ყველა ვხედავთ და ჩვენ საერთოდ რა შეგვიძლია? სამწუხაროდ, ორი-სამი ტანკიც საკმარისი, რომ რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია მოახდინოს. ერთი ენგურიდან შემოვა, მეორე ცხინვალიდან და მესამე სომხეთიდან იმიტომ, რომ იქ ბაზა აქვს. ეს ხომ 2008 წელს ვნახეთ? ამიტომ ჩვენი დამოუკიდებლობა დამოკიდებული და მიბმულია იმაზე, რომ პარტნიორები მხარს გვიჭერენ. თუ ეს ხაზი მოიშალა და გაწყდა, რუსეთთან პირისპირ დავრჩებით. იმ რუსეთის პირისპირ, რომელიც  20 წლის წინ რომ იყო, იმაზე უარესია. იმპერიული ამბიციები სულ ჰქონდა, მაგრამ 20 წლის წინ დასავლეთს  მეტ-ნაკლებად ანგარიშს უწევდა, უკრაინის ომის შემდეგ კი ეს წითელი ხაზები საერთოდ მოიშალა. დღევანდელმა რუსეთმა, რომელიც სამხედრო ძალის გამოყენებით აპირებს რუსული იმპერიის აღდგენას ისიც კი არ გააკეთა, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებულ „ქართული ოცნების“ განცხადებას დათანხმებოდა. ლავროვის განცხადება თუ გახსოვთ, დაგვიკონკრეტეს და გვითხრეს, რომ ჯერ უნდა აღიაროთ ცხინვალის და სოხუმის დამოუკიდებლობა და მერე დაგეხმარებით, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან ურთიერთობები დაალაგოთო. შესაბამისად, არანაირი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე საუბარი არ არის. ასე, რომ თუ ადამიანს შუბლზე ძარღვი მთლად გაწყვეტილი არ აქვს, ლაპარაკი იმაზე, რომ ევროპაში მივდივართ ზღაპარია. სინამდვილეში, „ქართული ოცნება“ არქიფო სეთურის პოლიტიკას ახორციელებს და ჩვენი პარტნიორებიც ხედავენ თუ რა ხდება და ღიად გვეუბნებიან, რომ თუ ამ პოლიტიკას გავაგრძელებთ, ევროპისკენ მიმავალი გზა უნდა დაივიწყოთ. მეტი რა უნდა ქნან, არ ვიცი.. 

- იქნებ ორბანის და ფიცოს ევროპას გულისხმობენ? „ოცნებას“ ევროპაში მეგობრებიც ხომ ჰყავს?

- კი ბატონო, ამბობენ, რომ ნელ -ნელა დასავლეთის პოლიტიკა შეიცვლება, მაგრამ იცით რა მაინტერესებს? თუ ორბანისთვის ევროკავშირის პოლიტიკა ასე მიუღებელია, რატომ არ გამოდის უნგრეთი ევროკავშირიდან? ევროკავშირში არაფერი შეიცვლება. ისტორიას თუ გადავხედავთ, 70-იანი წლების შუა წლებში საფრანგეთსა და იტალიაში კომუნისტური პარტიები იმდენად ძლიერი იყო, რომ იტალიაში ლამის ხელისუფლებაში მოვიდნენ, მაგრამ საბოლოოდ, სხვა რამე მოხდა. დემოკრატიას ასეთი თვისება აქვს, რომ ნელა, მაგრამ სტაბილურად მუშაობს და ძირითად პრინციპებს, რომლებზეც ლიბერალიზმია დამყარებული, მუდმივად ინარჩუნებს. 

- დაბნეულობას ისიც იწვევს, რომ „ქართული ოცნება“ ამ დრომდე  პროევროპული ძალის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, აქციებზე ევროკავშირის დროშების ფრიალი და ა.შ. ხომ ამ ხელისუფლების დროს იყო? ორიენტაციის ცვლილება უკრაინასთან ომის დროს მოხდა თუ „ოცნება“ თავიდანვე პრორუსული ძალა იყო და ინიღბებოდა?

- რთული სათქმელია, მაგრამ ზოგადად, ავტორიტარიზმი ნახევრად დემოკრატიიდან  დიქტატურისკენ გარდამავალი ფაზაა. შესაძლოა, ივანიშვილი თავიდანვე დღევანდელ პოზიციაზე იდგა, მაგრამ იმ ძალების გარეშე, რომლებიც მაშინ შემოიკრიბა, ვგულისხმობ „თავისუფალ დემოკრატებს“, „რესპუბლიკელებს“, „კონსერვატორებს“ მათ გარეშე ხელისუფლებაში ვერ მოვიდოდა. ბადრი პატარკაციშვილმა არჩევნები იმიტომ წააგო, რომ არასწორი ნაბიჯები გადადგა და ამასთანავე, ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე, დამოუკიდებლად თამაში დაიწყო. ივანიშვილმა თავისი პრორუსულობის შეფუთვა ზემოთხსენებული  ძალებით მოახერხა. იმ დროს მის საყრდენ ძალას მკაფიოდ გამოხატული პროევროპული ძალები წარმოადგენდნენ. გარდა ამისა, ტრადიციულად, ჩვენთან ხელისუფლებაში მოდის ბლოკი, შემდეგ ეს ბლოკი იშლება. მეორე არჩევნებზე ეს ოთხწლიანი პერიოდი  მეტნაკლებად დემოკრატიული და თავისუფალია, შემდეგ კი უკვე ერთპარტიული მმართველობა ყალიბდება. ასე მოხდა შევარდნაძის დროს, ასე მოხდა სააკაშვილის დროს და ასე მოხდა ივანიშვილის დროსაც. ვნახეთ, რომ ორი, ვითომ საიმედო კადრი შეარჩია პრეზიდენტის პოსტზე და საბოლოდ, ორივე ოპოზიციაში გადავიდა, ამას მოჰყვა გახარიას პროტესტი და ა.შ.  იმ გუნდის ჩამოყალიბებას, რომელიც ყველაფერზე ხელის მომწერია, დრო სჭირდებოდა და ეს დრო იყო საჭირო იმისთვის, რომ მიგვეღო ის, რაც მივიღეთ. მეორე ფაქტორია რუსეთი, რომელიც იზოლაციაში მოექცა და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან ბელორუსიის გარდა კიდევ ვიღაც სჭირდება, ვინც რუსულ საგარეო პოლიტიკას პირდაპირ თუ არა ირიბად მაინც მხარს დაუჭერს და ანტიდასავლურ პროპაგანდაში ჩაერთვება. ვფიქრობ, რომ დღეს ქართული ოცნების ანტიდასავლური პროპაგანდა გაცილებით მკაფიო, მკვეთრი  და ძლიერია, ვიდრე რუსული და რუსეთს დღეს ეს პროპაგანდაც სჭირდება. ეს ორი ფაქტორი ერთმანეთს დაემთხვა და მივიღეთ ის პოლიტიკა, რა პოლიტიკაც დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს.  წარმოდგენა არ მაქვს როგორ უნდა აუხსნა ადამიანს უფრო უკეთ თუ რა საფრთხე გველის და რას მივიღებთ. ჩვენი იზოლაციაში მოქცევა ნიშნავს, რომ რუსეთის უკანა ეზო ვხდებით.

- საერთოდ, ხელისუფლებები არაპოპულარულ გადაწყვეტილებებს ყოველთვის არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის ინახავენ, „ოცნება“ კი პირიქით მოიქცა. მაშინ, როდესაც მაღალი რეიტინგი ჰქონდა და მოგებული არჩევნები „ჯიბეში ედო“ შემოიტანა არაპოპულარული კანონი და მხარდამჭერების გარკვეული რაოდენობა დაკარგა. თქვენი აზრით, რამდენიმე თვე რატომ არ მოიცადეს?

- „ოცნებამ“ რა თქმა უნდა, იცოდა, რომ ორი წლის და ცოტა მეტის  წინ საკმაოდ მაღალი რეიტინგი ჰქონდა, მაგრამ აქაც რამდენიმე ფაქტორი ერთმანეთს დაემთხვა: უკრაინაში ომი და რუსეთს მოთხოვნა, რომ მის გარდა, ანტიდასავლური განწყობის პროპაგანდისტი სხვაც იყოს. მეორე - იქიდან გამომდინარე, რომ თითქოს რეიტინგი არჩევნების უპრობლემოდ მოგების საშუალებას აძლევდა, რაც საკამათოა თუნდაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან გამომდინარე, მაგრამ დავუშვათ, ჰქონდა ასეთი განცდა. „ოცნებამ“  გადაწყვიტა, რომ ეს ნიადაგი როგორც ანტიდასავლური პოლიტიკისთვის, ისე არაპოპულარული კანონების მიღებისთვის სრულად გამოეყენებინა, მაგრამ თუ სხვა მხრიდან შევხედავთ, ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში ეს კანონი ხომ დღის წესრიგიდან იხსნება? „ოცნება“ იტყვის, რომ კანონის მიღების მიუხედავად, მოსახლეობის მხარდაჭერა მქონდა და მაქვს, ამიტომ ჩემთვის სადავო არაფერია. ფაქტობრივად, ეს არ არის მარტო არჩევანი დასავლეთსა და რუსეთს შორის თუ შიდაპოლიტიკაში განვიხილავთ, „ოცნება“ ამზადებს ნიადაგს იმისთვის, რომ ავტორიტარიზმის სრულფასოვანი ჩამოყალიბება მოხდეს და ეს დიქტატურისკენ გაგრძელდეს. ფაქტობრივად, ოცნება საქართველოში ლუკაშენკოს რეჟიმის კოპირებას ცდილობს. თავის დროზე, ბელორუსიაშიც ძალიან დიდი პროტესტი იყო, მაგრამ ლუკაშენკომ პროტესტი ჩაახშო და დაამყარა ის რეჟიმი, რა რეჟიმიც ბელორუსიაშია. ყველაფერი აქეთ მიდის. ჩემი აზრით, „ოცნებამ“ ამიტომ გარისკა და გადადგა ის ნაბიჯი, რა ნაბიჯიც გადადგა.

- არჩევნებზე „ოცნების“ შანსების შესახებ რას გვეტყვით?

- სიტუაციას რეალურად თუ შევხედავთ, რა თქმა უნდა, 50% ვერ აიღებენ.  „ოცნება“ არჩევნებს წააგებს, მაგრამ პირველ ადგილზე გავა, რაც  იმის საშუალებას მისცემს, რომ ძალაუფლება პირდაპირი თუ არა, ირიბი გზით მაინც შეინარჩუნოს. დღეს ოცნების რეიტინგი ამ ყველაფრის ფონზე ცოტა უფრო მეტია, ვიდრე 35%, რომელსაც ვვარაუდობდი. როგორც ჩანს, იმუშავეს და დღეს რეიტინგი 35-დან 40%-მდე აქვთ. თუ ჩავთვლით, რომ არჩევნებზე 2 მილიონი ამომრჩეველი მივიდა ეს 65 მანდატი და შეიძლება მეტია. ამას თუ ივანიშვილის ფინანსებსაც დავუმატებთ, ვფიქრობ, რომ ოპოზიციურ სპექტრში 10 კაცის მოძებნა, რომელიც ოცნებას ან მის მთავრობას მხარს დაუჭერს,არ გაუჭირდებათ. აი, ამ რეალობის წინაშე ვდგავართ.

- ამაზე დასავლეთს რა რეაქცია ექნება?

- დასავლეთს ძალიან მკვეთრი და მკაფიო რეაქცია ექნება. რა თქმა უნდა, დასავლეთი ყველა იმ ნაბიჯს და შეიძლება უარესსაც გადადგამს, რომელიც ბოლორუსის წინააღმდეგ  გადადგეს. საბოლოოდ,  ჩვენ პოლიტიკურადაც, ეკონმიკურადაც  და სოციალურადაც იმაზე რთულ ვითარებაში აღმოვჩნდებით, ვიდრე ბოლორუსია.

- ალბათ იცით, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას მიმართა და განმარტა, რომ ნებისმიერ მომენტში შესაძლოა გაჩნდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობა.

- ეს საკითხი შეიძლება მხოლოდ რუსეთ უკრაინის ომში უკრაინის გამარჯვების შემთხვევაში დადგეს,  მაგრამ თუ ასეთი რამ მოხდა, „ქართული ოცნება“ საერთოდ პოლიტიკური ასპარეზიდან გაქრება.

- უკრაინის გამარჯვება რამდენად შესაძლებლად მიგაჩნიათ?

- ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე რა გადაწყვეტილებას მიიღებს დასავლეთი. თუ დასავლეთი მიხვდება, რომ დღეს რუსეთი უკრაინასთან კი არა, მასთან ომობს და ეს უფრო იდეოლოგიური ომია, ვიდრე ტერიტორიული, სადაც ერთმანეთს ავტორიტარიზმი და დემოკრატია უპირისპირდება, თუ ამას გაიაზრებს, მაშინ ორი წელი სრულიად საკმარისი იქნება იმისთვის, რომ რუსეთმა მარცხი განიცადოს, მაგრამ თუ დასავლეთი ამას არ გააკეთებს და ისევ იმაზე ფიქრს დაიწყებს, რომ რუსეთმა ატომური ბომბი არ გამოიყენოს, მაშინ ცალკე აღებული უკრაინა როცა ომში უკვე  ჩრდილოეთ კორეაც ჩაერთო, მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება და იძულებული იქნება ზავი დადოს ან კონფლიქტი გაყინოს. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა