"არ მგონია, ჩვენი ამომრჩეველი კარავში შევიდეს, მაგრამ თუ მხარდამჭერები გადაწყვეტენ, რომ აქციებზე უნდა ვიყოთ, მათ დაკვეთას შევასრულებთ" - ნათია მეზვრიშვილი
არ მგონია, რომ ჩვენი ამომრჩეველი კარავში შევიდეს, მაგრამ თუ ჩვენი ამომრჩეველი გადაწყვეტს, რომ ჩვენ აქციებზე უნდა ვიყოთ, რა თქმა უნდა, შევასრულებთ ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთას.ასე იყო წინა აქციაზეც, - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებთან 4 ნოემბერს, 3 ოპოზიციური კოალიციის მიერ დაანონსებულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მათ როგორც შეუძლიათ, დანარჩენ ოპოზიციურ სუბიექტებს ეხმარებიან, ეს იქნება მტკიცებულებების შეგროვება თუ სხვა საორგანიზაციო საკითხები.
"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენ როგორც შეგვიძლია, ოპოზიციას ვეხმარებით, მათ შორის ვეხმარებით იმ მტკიცებულებებით, რომელიც ჩვენმა საარჩევნო გუნდმა მოიპოვა. ჩვენ ვიქნებით ყველგან, სადაც ჩვენი ამომრჩეველი იქნება, სადაც ჩვენი ამომრჩეველი ჩათვლის, რომ საჭიროა ყოფნა ხმების დაცვისთვის და იმისთვის, რომ მოპარული ხმები უკან დავაბრუნოთ. ეს არის ახლა ჩვენი N1 ამოცანა. სიმართლე გითხრათ, არ მგონია, რომ ჩვენი ამომრჩეველი კარავში შევიდეს, მაგრამ თუ ჩვენი ამომრჩეველი გადაწყვეტს, რომ ჩვენ აქციებზე უნდა ვიყოთ, რა თქმა უნდა, შევასრულებთ ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთას. ასე იყო წინა აქციაზეც.
მიუხედავად იმისა, რომ რაღაც დეტალებში შეიძლება რაღაც განსხვავებული იყოს, ჩვენ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ხაზი გვაქვს, რომელსაც არ ვაპირებთ გადავუხვიოთ. ჩვენ მაქსიმალურად ვეხმარებით ოპოზიციას - ეს იქნება მტკიცებულებების შეგროვება თუ საორგანიზაციო საკითხები“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.
მეზვრიშვილის განცხადებით, პარტია "გახარია საქართველოს“ წარმომადგენელი შეხვედრებში, რომელიც ოპოზიციას შორის მიმდინარეობს, მონაწილეობს.
"სხვა ოპოზიციურ პარტიებს მაქსიმალურად ვეხმარებით მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მიწოდებით, მათ შორის გუშინ შეხვედრა იყო, სადაც ჩვენი წარმომადგენელი იმყოფებოდა - საღამოს შეხვედრაზეც და მტკიცებულებების შეგროვებასთან დაკავშირებულ შეხვედრაზეც. აქციებშიც მივიღებთ მონაწილეობას, იმიტომ, რომ ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთა არის ეს. რაც შეეხება კარვებს, არ მგონია, რომ ჩვენი ამომრჩეველი კარავში შევიდეს.
ჩვენ გვაქვს ჩვენი ხაზი, მაგრამ ერთი მეორეს არ გამორიცხავს. პირიქით, ვფიქრობ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, საერთო მიზანსაც ემსახურება. საერთო მიზანი კი ხმების დაცვა და ჩვენი მოქალაქეებისთვის ხმების დაბრუნება გახლავთ“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.
ცნობისთვის, ოპოზიციამ 4 ნოემბერს, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე აქცია დააანონსა. აქციაზე გახდება ცნობილი ოპოზიციის სამოქმედო გეგმაც.