კარგი იქნება თუ სებ-ი სესხებს უფრო ხელმისაწვდომს გახდის და შიდა განვადების ნაწილშიც უფრო კომფორტული და მყიდველზე მორგებული პირობები იქნება - ვაჟა მებაღიშვილი
გარემოს დაცვის საკითხები XXI საუკუნეში უფრო და უფრო აქტუალური ხდება, ამიტომ გარემოზე ზიანის შესამცირებლად, მშენებლობის პროცესში ეკოლოგიური მასალების გამოყენება და მათი საზოგადოებაში პოპულარიზაცია დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. რას ნიშნავს ეკოლოგიური სამშენებლო მასალები, იყენებენ თუ არა მათ ქართული სამშენებლო კომპანიები და როგორ უნდა მოწესრიგდეს ეს მიმართულება? ამ და სხვა თემებზე TEA.GE-ს უძრავი ქონების კომპანია Noble Real Estate • ნოუბლ რიალ ისთეით-ის თანადამფუძნებელი ვაჟა მებაღიშვილი ესაუბრა:
_ ძალიან კარგია, რომ ეკოლოგიურ მშენებლობასთან დაკავშირებით ინტერესი არსებობს და ამაზე მედიაც საუბრობს, რაც ხელს უწყობს ამ მიმართულებით მოთხოვნის გაზრდას. ეს მნიშვნელოვანი საკითხია, თუნდაც იმიტომ, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა პირდაპირ გვავალდებულებდა, რომ ქვეყანაში სამშენებლო ხარისხი გაგვეზარდა. ცხადია, ეკოლოგიური სამშენებლო მასალები მარტივად ხელმისაწვდმი არაა და კარგი იქნება, თუ ადგილობრივი საწარმოები დაინტერესდებიან და ამ მიმართულებას განავითარებენ. დიახ, არიან ისეთი კომპანიები, რომლებიც ინტერესით და პასუხისმგებლობით ეკიდებიან, რომ დანერგონ და განავითარონ სტანდარტები, რომლებსაც თანამედროვე რეალობამოითხოვს, თუმცა ასეთი კომპანიები საქართველოს ბაზარზე ბევრი არა, რადგან ზოგს იაფი და ხელმისაწვდომი პროდუქციის გამოყენება ურჩევნია, რომ მეტი მოგება მიიღოს.
_ რით განსხვავდება და რატომ ღირს ეკოლოგიური სამშენებლო მასალა ჩვეულებრივზე უფრო ძვირი?
_ რისგან მზადდება მასალები ვერ გეტყვით, რადგან ამის სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ეს საერთაშორისო სტანდარტებისა და სერტიფიკატების მქონე მასალებია, რაც უზრუნველყოფს, რომ მძიმე მეტალებს არ შეიცავენ, ეკოლოგიურად მედეგები და არატოქსიკურები არიან. ცხადია, ხარისხის გაზომვის სტანდარტი საკმაოდ ძვირადღირებულია და ამაზე ყველა კომპანიას წვდომა არა აქვს, მაგრამ ეს პროექტის თვითღირებულებაში უნდა შედიოდეს და ვცდლობდეთ მაღალი ხარისხის შენობების აშენებას.
_ როგორ წარმოგიდგენიათ ისეთი პრობლემების მოგვარება, როგორიცაა ინფრას¬ტრუქ¬ტუ¬რის გა¬დატ¬ვირ¬თვა და მწვა¬ნე სა¬ფა-რის შემ¬ცი¬რე¬ბა, რაც უფრო და უფრო მწვავდება?
_ პირველ რიგში, აუცილებელია, რომ ქალაქის გენერალური გეგმა უფრო გამართული იყოს და რასაც ვხედავ, ამაზე არქიტექტურის სამსახურიც მუშაობს და თბილისის მერიაც. ვხედავთ, რომ ქალაქს ბაღები, სკვერები, პარკები და ინფრასტრუქტურის ნაწილი ემატება, რომელიც აუცილებელია ეკოლოგიურად ცხოვრებისთვის. გასათვალისწინებელია და მეტი ყურადღება უნდა მიექცეს გამონაბოლქვის ნაწილს. ეს მარტო თბილისის პრობლემა არ არის, რეგიონებშიც ასეთი ვითარებაა, რადგან იქაც როდესაც მოსახლეობისთვის მეტ-ნაკლებად რისკების შემცველი სხვადასხვა სამუშაო ხორციელდება, მეტი ყურადღება უნდა მიექცეს უსაფრთხოების ნაწილს სიცოცხლის და ჯანმრთელობის თვალსაზისით.
_ დიდი ხანია, ბაზარზე ეს პრაქტიკა დაინერგა და იქნებ გვითხრათ როგორ შეცვალა ბაზარი მშენებარე ბინების განვადების შეძენის შესაძლებლობამ.
_ ჩვენი მოქალაქეების გარკვეულ ნაწილს არ აქვს იმის საშუალება, რომ ბინა მთლიანი დაფარვით შეიძინოს, ამიტომ მისთვის შიდა განვადების ფორმები ძალიან კომფორტულია. ცხადია, ამან ძალიან დიდი გავლენა მოახდინა გაყიდვებზე იმიტომ, რომ უფრო მეტს მიეცა უძრავი ქონების შეძენის საშუალება როგორც პირადი გამოყენებისთვის, ასევე როგორც პასიური ინვესტიცია, იმიტომ, რომ თუ გრძელვადიან პერსპექტივას შევხედავთ, ვნახავთ, რომ შემდგომში ამ ქონებას უკუგება აქვს. დღეს ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე აკეთებს ინვესტიციას უძრავ ქონებაში იმ მიზნით, რომ შემდგომში იჯარის სახით შემოსავალი მიიღოს. როდესაც საბანკო სისტემაზე ვსაუბრობთ. კარგი იქნება თუ ეროვნული ბანკი უფრო ხელმისაწვდომს გახდის სესხებს და შიდა განვადების ნაწილშიც უფრო კომფორტული და მყიდველზე მორგებული პირობები იქნება.
_ ბოლო თვეებში უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა შემცირდა. როგორ ფიქრობთ რა გახდა ამის მიზეზი და რა მოლოდინი გაქვთ?
- ეს გამოიწვია საარჩევნო წელმა და ეს არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, მთელ მსოფლიოში ხდება. ბევრ ადამიანს, რომელსაც ფაქტობრივად გადაწყვეტილი ჰქონდა ბინის შეძენა დროებით, სანამ სიტუაცია დარეგულირდება, დალოდება ურჩევნია, რომ შემდეგ შეიძინოს მისთვის სასურველი უძრავი ქონება. ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელმაც უძრავი ქონების ბაზარზე ტრანზაქციების შენელების ტენდენცია გამოიწვია. რაც შეეხება მოლოდინებს, შეგვიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩვენს ქვეყანაში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა არსებობს და აქტიური მშენებლობები ამის განმსაზღვრელია. მიწოდების ნაწილში როგორც წესი, უფრო ჭირს ხოლმე იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში მოთხოვნა კონკრეტულ ქონებებზე არ ემთხვევა და ამიტომ უძრავი ქონების საბროკერო სექტორს დამკვეთისთვის შესაფერისი უძრავი ქონების მოძებნა უძნელდება. ალბათ ხშირ შემთხვევაში ამიტომაც მიმართავენ უძრავი ქონების საბროკერო კომპანიებს, რომ დაზოგონ დრო და ენერგია და პროფესიონალმა სწორად შეურჩიოს მისთვის სასურველი უძრავი ქონება. ამიტომ ამ მიმართულებითაც მე ვერანაირ საგანგაშო მდგომარეობას ვერ ვხედავ. ბაზარი უკვე ნელ ნელა გააქტიურდა, დამკვეთების მხრდან მეტი მოთხოვნა წამოვიდა და ვცდილობთ მიწოდების ნაწილში არ ჩამოვრჩეთ და გავწიოთ ჩვენი მომსახურება.
ესაუბრა TEA.GE