თეგებით ძიება

ნიდერლანდებში გოგონამ ბოლო წუთს ევთანაზიაზე უარი თქვა

ნიდერლანდებში გოგონამ, რომელმაც გადაწყვიტა ევთანაზიის ჩატარება, პროცედურის დღეს უარი თქვა მასზე.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ექიმმა დაუსვა საბოლოო შეკითხვა: დარწმუნებული იყო თუ არა პაციენტი თავის გადაწყვეტილებაში.

ლეიდენის მკვიდრს, 22 წლის რომის ბავშვობაში გადატანილი ძალადობის შედეგად განუვითარდა ანორექსია და კლინიკური დეპრესია. ექიმებთან, საკუთარ ოჯახთან და სხვადასხვა თანამდებობის პირებთან თითქმის ოთხწლიანი ბრძოლის შემდეგ, გოგონამ მოახერხა ნებართვის მიღება.

საქმე ისაა, რომ ნიდერლანდებში ევთანაზია ნებაყოფლობით ტარდება. თუმცა არის მნიშვნელოვანი პირობა: პაციენტმა, მისმა ახლობლებმა ან კანონიერმა წარმომადგენლებმა უნდა დაამტკიცონ, რომ გამოჯანმრთელების პერსპექტივა არ არსებობს.

დანიშნულ დღეს რომიმ ოჯახს და ექიმებს დაურიგა მაისურები. ექიმმა კვლავ გააცნო პაციენტს და მის ოჯახს პროცედურა. ბოლოს ექიმმა კიდევ ერთხელ ჰკითხა, იყო თუ არა გოგონა დარწმუნებული თავის გადაწყვეტილებაში. ექიმებს ეს კითხვა კანონით მოეთხოვებათ.

იმ მომენტში, დაგეგმილ ინექციამდე ერთი წუთით ადრე, რომის ცრემლები წამოუვიდა და ცხოვრების გაგრძელება გადაწყვიტა.

ამის შემდეგ მალევე გოგონას ფსიქიკური მდგომარეობა კვლავ გაუარესდა. თუმცა მან გადაწყვეტილება არ შეცვალა. რომიმ განაგრძო მკურნალობა ფსიქიატრთან.

წელს იგი ჩაირიცხა უნივერსიტეტში და საცხოვრებლად როტერდამში გადავიდა.

ევთანაზია ჰოლანდიაში სიკვდილიანობის ხუთ პროცენტს შეადგენს. ოცდასამი წლის წინ, ნიდერლანდები გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც მოახდინა აქტიური ევთანაზიის დეკრიმინალიზაცია და დაეთანხმა თვითმკვლელობას ექიმის მხარდაჭერით.

ევთანაზია ტარდება ნებაყოფლობით საფუძველზე იმ პაციენტებისთვის, რომლებიც „გულწრფელად და სრული რწმენით“ აჩვენებენ, რომ განიცდიან აუტანელ ტანჯვას გაუმჯობესების შესაძლებლობის გარეშე.

გასულ წელს ნიდერლანდებში ევთანაზიით გარდაიცვალა 9068 ადამიანი, რაც 2022 წლის მაჩვენებელთან (8720) შედარებით კიდევ გაიზარდა და ქვეყანაში გარდაცვალების ყველა შემთხვევის ხუთ პროცენტზე მეტი შეადგინა.

ევთანაზიის თითქმის ყველა შემთხვევაში ექიმი ლეტალობის გამომწვევ ინექციას აკეთებს.

ევთანაზიით სიცოცხლის დასრულების პროცედურა დაკანონებულია ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის: ესპანეთში, ბელგიაში, ნიდერლანდებში და აშშ-ის რამდენიმე შტატში. შვეიცარია ევთანაზიის დედაქალაქად ითვლება. ამ სახელმწიფოში მუშაობს მსოფლიოში ერთადერთი კომპანია, რომელიც ლეგალურად ახორციელებს ევთანაზიას სხვა ქვეყნების მცხოვრებთათვის.

ევთანაზია ლეგალურია ავსტრალიის ყველა შტატში, გარდა ჩრდილოეთ ტერიტორიისა და ხელმისაწვდომი ხდება ფედერალურ ტერიტორიაზეც 2025 წლის 3 ნოემბრიდან.

მიუხედავად იმისა, რომ კანონები თითოეულ შტატში ოდნავ განსხვავდება, ძირითადად ისინი ერთმანეთის მსგავსია.

თუ პირი არის 18 წლის ან მეტის, არის ავსტრალიის მოქალაქე ან მუდმივი რეზიდენტი, ის უფლებამოსილია, მიიღოს ევთანაზიის გადაწყვეტილება. პირი უნდა მოქმედებდეს ნებაყოფლობით, იძულების გარეშე, ჰქონდეს გრძელვადიანი მოთხოვნა ევთანაზიაზე, ჰქონდეს დაავადება ან სამედიცინო მდგომარეობა, რომელიც მძიმეა და გამოიწვევს სიკვდილს ან განუკურნებელია (ვადები განსხვავდება შტატებს შორის) და შედეგად ადამიანი განიცდის ტანჯვას, რომლის შემსუბუქება შეუძლებელია იმგვარად, რომ მდგომარეობა ასატანი გახდეს.

პირს არ შეუძლია ევთანაზიის გამოყენება მხოლოდ ინვალიდობის ან ფსიქიკური დაავადების გამო – ის უნდა აკმაყოფილებდეს ყველა სხვა კრიტერიუმს

წყარო: მკურნალი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა