იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, ექსპორტის, წარმოებისა და რეალიზაციასთან დაკავშირებულ ცვლილებებს მხარი დაუჭირა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილება თანმდევ კანონპროექტებთან ერთად განიხილა და მხარი დაუჭირა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით დარეგულირდება პიროტექნიკური ნაწარმის საქართველოში იმპორტი, ექსპორტი, წარმოება ან/და რეალიზაცია.
„წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსს“ ემატება ახალი ნორმა, რომლითაც რეგულირდება პიროტექნიკური ნაწარმის ბაზარზე განთავსება. ცვლილების თანახმად, იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და რეალიზაცია დასაშვები იქნება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვა/ლიცენზიის საფუძველზე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცემს შსს-ს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, კერძოდ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფოს რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო. ამასთან, პიროტექნიკური ნაწარმის უსაფრთხოების მოთხოვნაზე ზედამხედველობას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანო“, - განაცხადა საკანონმდებლო პაკეტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, რატი იონათამიშვილმა.
მისი თქმით, ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ცალკეული კატეგორიის პიროტექნიკის შეძენისა და გამოყენების უფლებამოსილება ექნება მხოლოდ სპეციალიზებული ცოდნის მქონე პირს, ხოლო ცოდნის დადასტურების სერტიფიკატს გასცემს აღნიშნული სააგენტო.
გარდამავალი დებულებების თანახმად, 2025 წლის 1-ელ თებერვლამდე საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს პიროტექნიკური ნაწარმის ბაზარზე განთავსების წესისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტისა და პიროტექნიკის ნაწარმის საქართველოში იმპორტის, ექსპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციის მიზნით ნებართვა/ ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცებას.
სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებების შემდეგ, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ საკანონმდებლო პაკეტს, მისი შემდგომი განხილვის დროს, დაემატება აქციებზე ნიღბებისა და ლაზერის გამოყენების ამკრძალავი რეგულაციები.
საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ნინო წილოსანი, ალუდა ღუდუშაური, ირაკლი შატაკიშვილი და გურამ მაჭარაშვილი.