ამ პროტესტს ვერც საპოლიციო ძალები უშველის, ვერც დარბევები და ვერც მდინარაძის განცხადებები - ვახტანგ ძაბირაძე
თბილისის მთავარ გამზირზე 28 ნოემბერს დაწყებული საპროტესტო აქციები გრძელდება. როდის დასრულდება პროტესტი, როგორ განვითარდება მოვლენები ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, რას შეცვლის დონალდ ტრამპის პრეზიდენტობა და უკრაინაში ომის შესაძლო დასრულება? - ამ და სხვა თემებზე TIA.GE პოლიტოლოგ და კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა:
- ბატონო ვახტანგ საქართველოში განვითარებული მოვლენების და ამაზე დასავლეთის რეაქციის გათვალისწინებით, მოსალოდნელია თუ არა ვიზალიბერალიზაციის გაუქმება?
- ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას ევროკავშირის 27-ვე წევრი სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება. თუ გავითვალისწინებთ რა ხდება უნგრეთთან მიმართებაში, ძნელი სავარაუდოა, რომ ვიზალიბერალიზაციის გაუქმება მოხდეს. ყველა სახელმწიფოს თანხმობა არ სჭირდება ვიზალიბერალიზაციის შეჩერას, რომელიც ფაქტობრივად, გაუქმებას ნიშნავს, ამიტომ ვიზალიბერალიზაციის გაუქმებაზე მოსალოდნელი შეჩერება მგონია. თუ აქაც რაღაც პრობლემები შეიქმნა, ალბათ ამ მიმართულებით გადაწყვეტილებას ცალკეული ქვეყნები მიიღებენ, თუმცა ვიზალიბერალიზაციამდე უფრო რეალურია, სანქციების შემოღება დაიწყონ.
- მამუკა მდინარაძის თქმით, გახარიას წამოსცდა, რომ ოპოზიცია ცდილობს, პროტესტი ტრამპის ინაუგურაციამდე მოასწროს, რადგან ამის შემდეგ აღარაფრის იმედი აქვთ. თქვენი აზრით, რას შეცვლის ტრამპის პრეზიდენტობა საქართველოსთვის?
- არ ვიცი რას გულისხობენ ხელისუფლების წარმომდგენლები, როდესაც ამბობენ, რომ ოპოზიციას რესურსი ეწურება. პროტესტი, რომელიც ქუჩაშია, სადმე გაქრება? რა თქმა უნდა, შეიძლება, რომ ქუჩიდან სახლებში, როგორც იტყვია, სამზარეულოებში გადაინაცვლოს, მაგრამ არსად გაქრება. ხელისუფლებას მინდა ვუთხრა, რომ ჯობია, ეს ხალხი ქუჩაში იდგეს, ვიდრე პროტესტმა „სამზარეულოებში“ გადაინაცვლოს, იმიტომ, რომ პროტესტის „დაღვინება“დაიწყება და ღმერთმა არ ქნას, რომ ეს დაღვინებული პროტესტი ისევ ქუჩაში გადმოიღვაროს. როგორც მიწისძვრას ვერ იწინასწამეტყველებ, ისე ვერ მიხვდები, როდის შეიძლება სახლებში დაგროვებული პროტესტი ქუჩაში გადმოიღვაროს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს იქნება კატასტროფა პირველ რიგში ხელისუფლებისთვის და შემდეგ ქვეყნისთვის. აქ პროტესტის გაქრობაა მნიშვნელოვანი და არა „სამზარეულოებში“ გადატანა. ამ პროტესტს ვერც საპოლიციო ძალები უშველის, ვერც დარბევები და ვერც მდინარაძის განცხადებები. ხელისუფლების პროპაგანდა მთლიანად აგებულია 20 იანვარზე, რომ აი, ტრამპი მოვა და დავალაგებთ, აი, ევროკავშირის ელჩმა მაკა ბოჭორიშვილს ხელი ჩამოართვა და იწყება ახალი პროპაგანდა, რომლითაც თავიანთ მომხრეებს ამშვიდებენ.
_ თქვენი აზრით, საპროტესტო აქციები როდის დასრულდება?
- არ მგონია, რომ ეს პროტესტი 20 იანვრამდე დასრულდეს. კარგი იქნება, რომ ხვალვე მორჩეს, მაგრამ არ მორჩება.. სადღაც გაზაფხულისთვის შეიძლება დასრულების კონტურები გამოიკვეთოს, მანამდე აქციის მონაწილეებმა პროტესტის ქუჩაში შენარჩუნება უნდა შეძლონ. არა იმიტომ, რომ ხელისუფლებას ეს აღიზიანებს, არმედ იმიტომ, რომ პროტესტს სახლებში და სამზარეულოებში ასე ვთქვათ, ფარული განვითარება არ მოჰყვეს. ეს ძალიან რთული პროცესია. მდინარაძეებმა და კობახიძეებმა არ იციან, მაგრამ ჩვენ ეს გავლილი გვაქვს. ამ 30 წლის განმავლობაში ყველაფერი ვნახეთ. მათ შორის, ქუჩის დარბევებიც, ნიღბიანებიც და უნიღბოებიც.. თავის დროზე, როდესაც ივანიშვილი პოლიტიკაში მოვიდა, ვამბობდი, რომ კარგია, რომ მოვიდა, კონსოლიდაცია მოახდინა და პროტესტს რაღაც მიმართულება მისცა. მაშინაც იყო საფრთხე, რომ თუ ოპოზიციური ხმების და ოპოზიციური ელექტორატის გამაერთიანებელი პოლიტიკური ძალა არ გამოჩნდებოდა, მაშინაც ზუსტად იგივე ხიფათის წინაშე ვიდექით, რა ხიფათზეც ახლა ვლაპარაკობ. მაშინ ჩვენ შევძელით ხელისუფლების შეცვლა ისე, რომ ქვეყანა არ დავანგრიეთ და დღესაც უნდა შევძლოთ, თუმცა დღეს ეს გაცილებით რთულია, იმიტომ, რომ იმ პროტესტს, რომელიც ქუჩაშია, ლიდერი არ ჰყავს. ეს ერთი მხრივ კარგია, იმიტომ, რომ ხელისუფლებამ არ იცის ვის რაში მოედავოს და ვინც ხელში მოჰყვება, ყველას დასჯას იწყებს, რაც გარკვეულ ქაოსს ქმნის და თავად ხელისუფლებაშიც გარკვეულ რყევებს იწვევს, მაგრამ მეორე მხრივ ცუდია, რადგან ასეთი მაორგანიზებელი ძალის გარეშე მიზნის მიღწევა ანუ არჩევნების დანიშვნა ძალიან რთული იქნება. ახლა არჩევნები ვინმესთვის კი არა, იმისთვის არის საჭირო, რომ ეს პროტესტი გაიფანტოს თუ „ქართულ ოცნებას“ მართლა ისეთი მხარდაჭერა აქვს, როგორზეც ლაპარაკობს, რისი ეშინია? საპარლამენტო მმართველობა ხომ იმიტომ არის კარგი, რომ შეიძლება რიგგარეშე არჩევნები დანიშნო და ამას აკეთებს ნებისმიერი ქვეყანა, სადაც კრიზისია. გერმანიაშიც შეიქმნა კრიზისი და ვადამდელი არჩევნები დაინიშნა. არჩევნებშია პრობლემა? ხელისუფლებას ურჩევნია ქვეყანაში ასეთი ვითარება იყოს, ვიდრე არჩევნები ჩაატაროს? ურჩევნია კრიზისის გააუვნებელყოფა ძალით სცადოს? ეს ცუდად დასრულდება ხელისუფლებისთვისაც და ქვეყნისთვისაც.
- სალომე ზურაბიშვილი წასვლას არ აპირებს, ოცნებას თავისი საპრეზიდენტო კანდიდატი ჰყავს, ალტერნატიული პარლამენტის იდეაც კი გაჟღერდა.. ორხელისუფლებიანობა ხომ არ გველის?
- ამას ალტერნატიული პარლამენტი არ შეიძლება ეწოდოს. საკოორდინაციო ცენტრი შეიძლება შექმნა, ოღონდ აქ მნიშვნელოვანი ისაა, რომ დღეს პოლიტიკური პარტიები და პროტესტი, რომელიც ქუჩაშია, ერთმანეთს აცდენილია. არსებული ოპოზიციური სუბიექტებიდან როგორი საკოორდინაციო ცენტრიც არ უნდა შექმნა და ვისი მეთაურობითაც არ უნდა შექმნა, ძალიან ძნელია, რომ საპროტესტოდ გამოსული ხალხის ნდობა მოიპოვოს. არც ასეთი ლიდერი ჩანს. ყველაზე დიდი შანსი თითქოს ზურაბიშვილს აქვს, მაგრამ აქციაზე გამოსულების უპირობო მხარდაჭერა არც მას აქვს, ამიტომ რაც არ უნდა შექმნან ოპოზიციურმა პარტიებმა, დღეს მისი საყრდენი ხალხი არ იქნება და ვერ იქნება. პოლიტიკურ პარტიებს და უპირველეს ყოვლისა, ზურაბიშვილს შეუძლია დიდი როლი შეასრულოს საგარეო მხარდაჭერის მოსაპოვებლად, მაგრამ არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ან ჯგუფმა არ უნდა მოინდომოს ამ პროცესების წარმართვა - ეს არის ყველაზე მოკლე ნაბიჯი იმისთვის, რომ ქუჩაში პროტესტი შეწყდეს. პროცესი, რომელიც ახლა ქუჩაში მიდის, ჩემი აზრით, უნიკალურია და 30 წლის განმავლობაში მსგავსი არაფერი ყოფილა. თუ აქციის მონაწილეების ასაკით, განცხადებებით და ქმედებებით ვისმჯელებთ, რჩება შთაბეჭდილება, რომ მართლაც სამოქალაქო საზოგადოება იბადება, რომელსაც შეიძლება პოლიტიკური სურვილები ჰქონდეს, მაგრამ არა პოლიტიკოსებისადმი უსიტყვო მორჩილება. ხელისუფლებას ერთი სული აქვს, რომ ამ პროცესში პოლიტიკური პარტიები ღიად ჩართოს. როგორც კი რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი გამოაცხადებს, რომ ხელში იღებს აქციების ორგანიზებას, ყველაფერი დასრულდება და ხელისუფლება მშვიდად ამოისუნთქავს. თუ გავითვალისწინებთ, რა კანონების მიღებასაც ხელისუფლება ამ ბოლო პერიოდში სასწრაფოდ აპირებს (თუნდაც პოლიციის შესახებ კანონში ცვლილებები), აშკარაა, რომ საკუთარ ძალოვან სტრუქტურებსაც კი ვეღარ ენდობა და ცდილობს შავრაზმული დანაყოფები შექმნას და ამ კანონის საფუძველზე მისი ლეგიტიმაცია მოახდინოს. ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებაში ოპოზიციური განწყობა ნელ ნელა, მძიმედ, მაგრამ მაინც ფეხს იკიდებს და ფართოვდება და ამ პროცესისთვის ხელის შეშლა არ შეიძლება. ეს საჭიროა იმისვის, რომ შევძლოთ და მომავალში ტოტალიტარიზმის ხელახლა ჩამოყალიბების ყოველგვარი საფუძველი მოვსპოთ. აქამდე ვერ შევძელით, ამიტომ გამსახურდიადან დაწყებული, ივანიშვილით დამთავრებული, ყველა ხელისუფალი კინსტიტუციაში ცვლილებების შეტანას და ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბებას ცდილობდა, რომ თავისი უკიდეგანო ძალაუფლებისთვის ლეგიტიმაცია მიეცა.
- არსებობს მოსაზრება, რომ საქართველო მოვლენებს წინ უსწრებს, როგორც 9 აპრილს, როდესაც საბჭოთა კავშირი ჩვენი პროტესტის გარეშეც ინგრეოდა. ბევრი ფიქრობს, რომ ჩვენი ბედი უკრაინაში გადაწყდება იმის მიუხედავად, აქ ხელისუფლება თუ ოპოზიცია რას მოიმოქმედებს. თქვენი აზრით უკრაინის ფაქტორი ამდენად მნიშვნელოვანია თუ გადაჭარბებულად ფასდება?
- შესაძლოა, გადაჭარბებული არაა, მაგრამ ეს ძირითადი განმსაზღვრელი მაინც ვერ იქნება. რაც შეეხება 9 აპრილს, მე იმ ადამიანების კატეგორიას მივეკუთვნები, რომელიც მაშინ დამოუკიდებლობის მოთხოვნის დიდად მხარდამჭერი არ იყო, მაგრამ პროტესტი სხვაგვარად განვითარდა და იძულებული ვიყავით ყველა იმ პროტესტში ჩავრთულიყავით. 8 აპრილის საღამოს ან 9 აპრილს რა განცხადებაც არ უნდა გაეკეთებინა ზვიად გამსახურდიას ან მერაბ კოსტავას, ვერაფერს შეცვლიდა. პატრიარქის მოწოდებაც გახსოვთ ალბათ.. დღესაც ისეთი ვითარებაა, რომ პოლიტიკოსებმა რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ, ამ პროცესს ვერ შეაჩერებენ. ჩვენს პოლიტიკურ სპექტრზე ხელისუფლება იქნება თუ ოპოზიცია, მაღალი წარმოდგენა არ მაქვს. ვფიქრობ, ნებისმიერი მათგანი დიდი სიამოვნებით აიღებდა მეგაფონს ხელში და პროტესტს სათავეში ჩაუდგებოდა, იმის იმედი რომ ჰქონეს, რომ აქციიდან საერთოდ არ გააგდებენ და ამ ადამიანებს ვინ მოუსმენს? რა თქმა უნდა, უკრაინის ომი მარტო ჩვენზე კი არა, მთელ მსოფლიოზე მოახდენს გავლენას, რადგან ეს რუსეთ უკრაინის კი არა, ღირებულებათა ომია დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის, მაგრამ ვინ უნდა თქვას ახლა, რომ მოდი გავჩერდეთ და უკრაინის პროცესებს დავუცადოთო, რომ ამ ხალხმა დაუჯეროს და გაჩერდეს? ამიტომ საუბარი არა პროცესების შეჩერებაზე, არამედ მშვიდობიანად განვითარებაზეა. ახლა მხოლოდ ამის გაკეთება შეგვიძლია.