„ეს წელი ჩემთვის მეორედ დაბადების წელი იყო, ექიმებმა მითხრეს, რომ სასწაულებრივად გადავრჩი, შესაბამისად, ბევრი რაღაც გადავაფასე“ – გურამ როგავა
ჟურნალისტი გურამ როგავა მოსახლეობას დამდეგ 2025 წელს ულოცავს და აცხადებს, რომ აპირებს ახალ წელს რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეებთან ერთად შეხვდეს.
„ეს წელი ჩემთვის მეორედ დაბადების წელი იყო, ექიმებმა მითხრეს, რომ სასწაულებრივად გადავრჩი, შესაბამისად, ბევრი რაღაც გადავაფასე და მივხვდი, რა არის მთავარი ჩემს პროფესიაში, ცხოვრებაში, რომ რაღაც ფორმალობის გამო არ ვაპირებ ვიღაცასთან ენის მოჩლექით საუბარს, მინდა, რომ რასაც ვფიქრობ, პირდაპირ ვთქვა, უფრო ხისტად, ვიდრე ადრე.
ვხედავ რეალობას იმაზე მკვეთრად, ვიდრე ადრე შემეძლო ამის დანახვა. ის, რაც შემემთხვა, ჩემთვის არის მაგალითი, რა წყობაა დღეს ქვეყანაში.
მინდა, 2025 წელს შევინარჩუნოთ ის ენერგეტიკა, რაც ახლა რუსთაველზე იგრძნობა და არა მხოლოდ რუსთაველზე – საქართველოს ქალაქებში, სადაც ადამიანები გამოდიან ქუჩაში, არ იღლებიან, ერთგვარი სამსახური გახდა, რომ ყოველ საღამოს, ქუჩაში უნდა შევიკრიბოთ.
მე ვაპირებ, რომ ახალ წელს შევხვდე რუსთაველის გამზირზე, ეს ჩემთვის იქნება დიდი მუხტის მომცემი, მინდა რომ ყველა ადამიანს, ვინც იქ დგას ჩავეხუტო და მადლობა ვუთხრა“, – ამბობს გურამ როგავა „ვიდეომიმართვაში“.