"ვიდრე არ ამოიღებთ ხმას უღირსი კოლეგების წინააღმდეგ, თქვენც ყველანი სახეში მაფურთხებელი პოლიციელები იქნებით" - ნოდარ მელაძე
გამოცემა "ბათუმელების" დირექტორის მხარდასაჭერად და მზია ამაღლობელისთვის სოლიდარობის გამოცხადების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან "ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე იმყოფება.
ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში აცხადებს, რომ დაკავებული ქალისთვის სახეში შეფურთხება და ცემის მცდელობა სწორედ იმ სამართალდამცველების სახედ იქცა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ საქართველოს ემსახურებიან.
"ამ შენობაში ირაკლი დგებუაძის საქციელი, დაკავებული ქალის ჟურნალისტისთვის სახეში შეფურთხება, ცემის მცდელობა, საპირფარეშოში არ გაშვება, ეს მძიმე ამბავი იქცა ამ შენობაში მომუშავე ადამიანების სახედ. იმ 10 ათასობით პოლიციელის სახედ, რომელიც დღეს ამბობს, რომ დგას საქართველოს სამსახურში.
ვემსახურებით საქართველოს აწერია პოლიციის მანქანებს და ეს არის საქართველოს სამსახურში დგომა დაკავებულ ქალ ჟურნალისტს პოლიციის უფროსი რომ სახეში აფურთხებს?! ვიდრე თქვენ არ ამოიღებთ ხმას უღირსი კოლეგების წინააღმდეგ, თქვენც ყველანი იქნებით სახეში მაფურთხებელი პოლიციელები", - ამბობს ნოდარ მელაძე.
ნოდარ მელაძე იმასაც უსვამს ხაზს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან "რუსთავი 2"-ისა და "ტვ იმედის" არცერთი გადამღები ჯგუფი არ იმყოფება.
"ნინო შუბლაძე, სად არის რუსთავი 2-ის ჯგუფი, აქ რუსთავი 2 არ უნდა იდგეს დღეს?" - ეუბნება ჟურნალისტი "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელს პირდაპირი ეთერიდან და აღნიშნავს, რომ "რუსთავი 2" და "ტვ იმედი" იმ რეჟიმის გამამართლებლად იქცა, რომელიც დაკავებულ ჟურნალისტს პოლიციის შენობაში სახეში აფურთხებს.
დღეს საქართველოში ჟურნალისტებს რატომ იჭერენ იცით? ციხით რატომ აჩუმებენ და რატომ ბედავს ამდენს ხელისუფლება? იმიტომ, რომ გაიხედე, სად არის რუსთავი 2. მინდა ვკითხო რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელს, ნინო შუბლაძეს, სად არის ნინო შენი გადამღები ჯგუფი. მთელი ცხოვრება რომ ამაყობდი, 7 ნოემბერს ჯგუფი გავაგზავნე და რუსთავი 2-მა პირდაპირ ეთერში აჩვენა ეს ყველაფერიო, მე იქ ვმუშაობდი 7 ნოემბერს, ტელეკომპანია "მზის" ჟურნალისტი ვიყავი და პირდაპირ ეთერში ვაჩვენებდი ყველაფერს. ნინო, სად არის რუსთავი 2-ის ჯგუფი, აქ რუსთავი 2 არ უნდა იდგეს დღეს?
რუსთავი 2-ის ჟურნალისტებს მინდა მივმართო, თუკი რამ ოდნავ მაინც შეგრჩათ, კითხვა არ უნდა დასვათ, სად არის აქ რუსთავი 2-ის ჯგუფი?. თქვენი კოლეგები რომ აქციაზე დგანან, თქვენ სად ხართ. "იმედის" ნიუსრუმში მომუშავე ჟურნალისტები რომ ამბობთ, ეს ჩვენ არ გვეხებაო, თქვენი ჯგუფი სად არის დღეს აქ? თქვენც იმ რეჟიმის "გამპრავებლებად" იქეცით, რომელიც დაკავებულ ჟურნალისტს პოლიციის შენობაში სახეში აფურთხებს", - ამბობს ნოდარ მელაძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გამოცემა "ბათუმელების" დირექტორის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს - ადგილზე კრიტიკული მედიის წარმომადგენლები არიან შეკრებილები, რომლებიც მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვენ.