„პატივი მივაგოთ დამარცხებულ მებრძოლსა და მის ქვეყანას - გამარჯვებული ქართველი რაინდი არასდროს ამცირებდა დაჩაგრულ მოწინააღმდეგეს“ - გია მურღულია
მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა. კალიფორნიაში გამართულ ღონისძიებაზე ქართველმა მებრძოლმა რუსეთის სახელით გამომსვლელი უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა. დვალიშვილის გამარჯვებას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათების საკითხებში, გია მურღულია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
როდესაც მოწინააღმდეგეს აკნინებ, შენს გამარჯვებასაც ამცირებ.
უმარ ნურმაგომედოვი შესანიშნავი, მეტიც - უბწყინვალესი მებრძოლია (ადვილი შესაძლებელია, მომავალში მსოფლიოში საუკეთესოც გახდეს), ხოლო ორთაბრძოლების დაღესტნური სკოლა კი - მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული.
სწორედ ამიტომ არის ჩვენი მერაბ დვალიშვილის გამარჯვება დიდად სასიხარულო წარმატება.
ქართველი "მანქანა" დიადი მებრძოლია - ილია თოფურიასთან ერთად სპორტის ეს სახეობა მან საქართველოში უმაღლეს საფეხურზე აიყვანა.
დღეს მისი დომინაცია, მეტ-ნაკლებად თანაბარი პირველი ორი რაუნდის შემდეგ, უცილობელი და ყოველგვარ ეჭვს მიღმა იყო - მსაჯებმა ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიიღეს.
როდესაც ასეთ დიდებულ მოწინააღმდეგეს უპირობოდ აჯობებ, შენ ადასტურებ, რომ ჭიდაობისა და ორთაბრძოლების ქართული სკოლა, შენი გენეტიკური ძალმოსილება, დაუცხრომელი სწრაფვა გამარჯვებისკენ, დაუღალავი შრომა და ვარჯიში, სამშობლოს სიყვარული და ქართველი კაცის ღირსების წინაშე პასუხისმგებლობა ყოველთვის გამარჯვების საწინდარია.
დღეს მერაბ დვალიშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, როგორი მაგარი ქართველია, როდესაც გამარჯვების პირველი წუთების შემდეგ მთელი დარბაზისა და მსოფლიოს გასაგონად დაიძახა: "მიყვარხარ, საქართველო!"
ჩვენც გვიყვარხარ, მერაბ! - ასე რომ იბრძვი და იმარჯვებ შენი სამშობლოს სახელით.
პატივი მივაგოთ დამარცხებულ მებრძოლსა და მის ქვეყანას - გამარჯვებული ქართველი რაინდი არასდროს ამცირებდა დაჩაგრულ მოწინააღმდეგეს - ბრძოლამდე თუ რამ არასწორად უთხრა მერაბს, დაე, ეპატიოს.
ეს უპირობო დამარცხება (თანაც მისთვის ჯერ-ჯერობით ერთადერთი) უმარისთვის ყველაზე დიდი სასჯელია.
ჩვენი მერაბის გამარჯვების აღსანიშნად კი ქართველებმა ერთად, ერთხმად და ძლიერად შევძახოთ:
გაუმარჯოს საქართველოს! - წერს გია მურღულია.