„ჰამასის“ ტყვეობიდან გათავისუფლებული სამი მძევალი უკვე ისრაელის ტერიტორიაზეა
ისრაელის არმიის განცხადებით, სამი მძევალი უკვე ისრაელის ტერიტორიაზეა.
„ცოტა ხნის წინ, თავდაცვის ძალებისა და უსაფრთხოების სამსახურის თანხლებით, გათავისუფლებული მძევლები ისრაელის ტერიტორიაზე გადმოვიდნენ“, – ნათქვამია თავდაცვის ძალების განცხადებაში.
როგორც „ბიბისი“ წერს, გათავისუფლებული მძევლები ამჟამად მიემართებიან სამხრეთ ისრაელში მდებარე პირველადი დახმარების პუნქტისკენ, სადაც მათ პირველად სამედიცინო შემოწმებას ჩაუტარებენ.
დორონ შტაინბრეხერი თავის ბინაში იმყოფებოდა კიბუც კფარ აზაში, როდესაც „ჰამასმა“ 2023 წლის 7 ოქტომბერს თავდასხმა განახორციელა. ემილი დამარი, რომელსაც ბრიტანეთისა და ისრაელის ორმაგი მოქალაქეობა აქვს, მძევლად აიყვანეს კიბუც კფარ აზადან. რომი გონენი კი, Supernova-ს მუსიკალურ ფესტივალზე იმყოფებოდა და „ჰამასის“ თავდასხმის დროს, გაქცევის მცდელობისას დაატყვევეს.
1tv.ge