"მზია ამაღლობელმა შიმშილობა დაიწყო - ის მოუწოდებს ყველას, არ დანებდნენ" - სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გამოცემა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დირექტორის, მზია ამაღლობელის მიერ შიმშილობის დაწყების ფაქტს პლატფორმა X-ზე ეხმაურება.
"(მზია) ის მოუწოდებს ყველას, არ დანებდნენ" - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დროს დაკავებულმა ქალმა ჟურნალისტმა და "ბათუმელების" მთავარმა რედაქტორმა, მზია ამაღლობელმა შიმშილობა დაიწყო. ის მოუწოდებს ყველას, არ დანებდნენ", - წერს სალომე ზურაბიშვილი.
მზია ამაღლობელმა ციხიდან წერილი გამოგავნა, რომელსაც გამოცემა ნეტგაზეთი ავრცელებს.
"ფაქტი, რის გამოც დღეს ბრალდებული ვარ, შედეგია იმ რეპრესიული, მოღალატეობრივი, ძალადობრივი, ადამიანის, სიტყვის და გამოხატვის წინააღმდეგ მიმართული პროცესების, რომელიც ბოლო ერთი წელია ვითარდება და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ფეხს იკიდებს, როგორც დიქტატურა. არ ვაპირებ მივიღო რეჟიმის დღის წესრიგი. ვშიმშილობ. სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა. ჩემს მოცემულობაში ნებისმიერი ის მოქალაქე შეიძლება აღმოჩნდეს, ვისაც დემოკრატიულ, სამართლიან, ევროპულ, რუსული გავლენებისგან თავისუფალ საქართველოში უნდა ცხოვრება. იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის. იბრძოლეთ ყველგან, სადაც არ უნდა იყოთ, ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ, სოფელსა თუ ქალაქში, ქუჩებსა თუ აუდიტორებში, საზოგადოებრივ და სამუშაო სივრცეებში. იყავით მამაცები, გაუფრთხილდით და გააძლიერეთ ერთმანეთი. არ დაუშვათ საქართველოს იზოლირება ცივილიზებული სამყაროსგან." - წერია ამაღლობელის მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაწერილ წერილში.