რუსეთ-უკრაინის ომი უნდა დასრულდეს და თითოეულ მხარეს მოუწევს რაღაცის დათმობა - მარკო რუბიო
აშშ-ის ახალმა სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სენატში მისი თანამდებობაზე დამტკიცებისთანავე განაცხადა, რომ რუსეთისა და უკრაინის ომის დასრულების კონკრეტულ ვადებს ვერ დაასახელებს, მაგრამ თითოეულ მხარეს რაღაცის დათმობა მოუწევს. ამის შესახებ CNN წერს.
რუბიოს თქმით, დათმობები ნებისმიერი კონფლიქტის მოგვარების ბუნებრივი ნაწილია.
"ჩვენ გვინდა, რომ ომი დასრულდეს. ეს ძალიან ნათელია. თქვენ ნახეთ, რა თქვა პრეზიდენტმა, მას სურს, იყოს პრეზიდენტი, რომელიც ხელს შეუწყობს მშვიდობას და დაასრულებს კონფლიქტებს და ეს ასევე რთული იქნება. არ მინდა და არ შემიძლია ვადების განსაზღვრა, გარდა იმისა, რომ ვთქვა, ნებისმიერ დროს, როდესაც ცდილობ დაასრულო კონფლიქტი ორ მხარეს შორის, რომელთაგან ვერც ერთი ვერ ახერხებს თავისი მაქსიმალური მიზნების მიღწევას, თითოეულ მხარეს მოუწევს რაღაცის დათმობა“, - განაცხადა რუბიომ.
რუბიოს კონკრეტულად არ უთქვამს, რა სახის დათმობაზე უნდა წავიდეს უკრაინა.
"მოლაპარაკებებზე საუბრისას მოვლენებს წინ არ გავუსწრებთ და იმის შესახებ, რომ ეს მოლაპარაკებები ასეთ დონეზე, ასეთი ფსონებით, საუკეთესოდ წარიმართება დიპლომატიური გზით და არა საჯარო ფორუმებით. აშკარაა, რომ მონაწილე ქვეყნებმა, როგორც რუსებმა, ასევე უკრაინელებმა, უნდა მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილებები იმაზე, თუ რაზე თანხმდებიან“, - განაცხადა რუბიომ.
კითხვაზე, თუ რამდენად მალე შეიძლება დაიწყოს ცეცხლის შეწყვეტა უკრაინაში, რუბიომ თქვა, რომ ეს პრეზიდენტის პრიორიტეტი იქნება.
"ასე რომ, ეს მოხდება თითქმის დაუყოვნებლივ. ფაქტობრივად, რაღაც უკვე დაწყებულია. შეიძლება, ვიმედოვნოთ, რომ გარკვეული საფუძვლები უკვე არსებობს, მაგრამ ეს რთული იქნება. ვგულისხმობ იმას, რომ ეს რთული კონფლიქტია, მაგრამ სისხლიანი და ის უნდა დასრულდეს. რუსეთი არის აგრესორი ამ კონფლიქტში, მაგრამ ეს ომი უნდა დასრულდეს. ეს არის, საბოლოო ჯამში, საგარეო პოლიტიკის სირთულე“, - აღნიშნა აშშ-ის ახალმა სახელმწიფო მდივანმა.