ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან აშშ-ს გასვლის ფონზე, ორგანიზაცია ხარჯების შემცირებას აპირებს
აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 20 იანვარს ხელი მოაწერა განკარგულებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან (WHO) შეერთებული შტატების გასვლის შესახებ.
აღმასრულებელ ბრძანებაში ორგანიზაციიდან აშშ-ის გასვლის მიზეზებად დასახელებულია ორგანიზაციის მიერ COVID-19 პანდემიის არასწორი მართვა, საჭირო რეფორმების გატარების კუთხით წარუმატებლობა და ჯანმო-ს წევრი ქვეყნების არასათანადო პოლიტიკური გავლენისგან დამოუკიდებლობის დემონსტრირების უუნარობა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან (WHO) აშშ-ს გასვლის ფონზე, ორგანიზაცია ხარჯების შემცირებას და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსების პრიორიტეტების გადახედვას აპირებს.
ამის შესახებ ინფორმაცია პირველად გამოცემა Reuters-მა გაავრცელა, რომელმაც WHO-ს დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეიუსის მიერ თანამშრომლებისთვის მიწერილი იმეილი მოიპოვა.
Reuters-ის ინფორმაციით, იმეილში წერია, რომ WHO-მ ორგანიზაციის დაფინანსების ცვლილებაზე უკვე იმუშავა, წევრი სახელმწიფოებისთვის საწევრო გადასახადი კი გაიზარდა, თუმცა, აშშ-ს გასვლის ფონზე, ორგანიზაციას მეტი დაფინანსება დასჭირდება და ხარჯების ერთდროულად შემცირება მოუწევს.
მედიის მიხედვით, ამ ზომებში შედის IT მოწყობილობების განახლების შეზღუდვა, მსხვილი კონტრაქტების გადახედვა და საოფისე განახლებების შეჩერება, თუ ეს უსაფრთხოებას ან ხარჯების შემცირებას არ უკავშირდება.
ამასთან, გამოცემა POLITICO-ს თანახმად, რომელმაც შეტყობინებაზე წვდომა ასევე მოიპოვა, ხარჯების შესამცირებლად ორგანიზაცია აპირებს, რომ "რეკრუტირება შეაჩეროს, ყველაზე კრიტიკულად მნიშვნელოვანი სფეროების გარდა".
გარდა ამისა, მედიის ცნობით, მეილში წერია, რომ განსაკუთრებული გამონაკლისების გარდა ყველა შეხვედრა დისტანციურად ჩატარდება და ქვეყნებისთვის ტექნიკური დახმარების მიწოდებისთვის განკუთვნილი მისიები "ყველაზე აუცილებლამდე უნდა იყოს შეზღუდული".
ცნობისთვის, აშშ WHO-ს ყველაზე დიდ დაფინანსებას აწვდის, რომელიც მთლიანი დაფინანსების 18%-ს შეადგენს.