ბათუმის საქალაქო სასამართლომ ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანი და სამი სტუდენტი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, ერთი სტუდენტი კი პატიმრობაში დატოვა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ხელოვნების უნივერსიტეტის სამ სტუდენტს და დეკანს პატიმრობა 5 ათას ლარიანი გირაოთი შეუცვალა, ერთი სტუდენტი კი კვლავ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ წინა სასამართლო სხდომაზე მიიღო.
აღმკვეთი ღონისძიების შეცვლა დღევანდელ პროცესზე პროკურორმა მოითხოვა.
პატიმრობაში დარჩენილი ერთი სტუდენტის, ანრი კაკაბაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიება არ შეიცვალა, რადგან ის ამავე კატეგორიის დანაშაულისთვის გირაოთი აქამდე გათავისუფლებული იყო. სწორედ ამ არგუმენტით დატოვა მოსამართლემ იგი პატიმრობაში.
ცნობისთვის, საქმე ეხება ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში მომხდარ შემთხვევას, რომლის შედეგადაც ოთხი სტუდენტი და ფაკულტეტის დეკანი მამუკა ჯორბენაძე სისხლის სამართლის წესით, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა უნივერსიტეტში 3 დეკემბერს მისულ ირაკლი დევაძეზე და მის თანმხლებ პირზე, ირაკლი ნაკაშიძეზე იძალადეს. სტუდენტებისა და ლექტორთა ნაწილი მიიჩნევდა, რომ დაკავებული სტუდენტები აქციებზე აქტიურობის გამო დასაჯეს.