"მათთვის, ვინც ჩემს ინტერვიუს უყურა და სხვაგვარი ინტერპრეტირება გააკეთა..." - რას აცხადებს მამუკა ხაზარაძე?
"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
"მათთვის, ვინც ჩემს გუშინდელ ინტერვიუს უყურა და სხვაგვარი ინტერპრეტირება გააკეთა - ვიყავი და ვიქნები ქართული ბიზნესის მხარდამჭერი, მასზე დგას ქვეყნის ბიუჯეტი, სტაბილურობა და სამუშაო ადგილები. კონკრეტული ბიზნეს სტრუქტურების ხელმძღვანელების და მფლობელების დასანქცირება არანაირად არ უნდა აისახოს იმ ხალხზე, ვინც დასაქმებულია ამ კომპანიებში (ეს ვთქვი გუშინ).
საუბარია ათობით ათას ადამიანზე, ეს ხალხი მუშაობს და ქმნის ყოველდღიურად დოვლათს, იღებენ გასამრჯელოს და არჩენენ ოჯახს.
სანქციებზე გადაწყვეტილებას იღებენ აშშ-ს შესაბამისი სტრუქტურები. რუსული რეჟიმის დამფინანსებლები, ანუ ძალადობის დამფინანსებლები უნდა დასანქცირდნენ, ეს პოზიცია გვქონდა და რჩება უცვლელი.
აქვე, ჩემი რჩევა დასასანქცირებლად გამზადებულ ბიზნესმენებს - ნუ ჩაყვებით ბიძინას, ნუ ჩაიყოლებთ თქვენს თანამშრომლებს და ბიზნესპარტნიორებს ამ უბედურებაში.
როცა მე და ბადრის წინააღმდეგ ბიძინამ და მისმა ყურმოჭრილმა პროკურატურამ შეტევა დაიწყო, საქმის აღძვრამდე მე და ბადრიმ დავტოვეთ ყველა ბიზნესსტრუქტურა და თანამდებობა, დავტოვეთ კომპანიები და ამით გადავარჩინეთ ათასობით თანაგუნდელის სამუშაო ადგილი, ჩვენი ბიზმესპარტნიორები ბევრ
პრობლემას და პროექტების დახურვას.
თქვენი დასანქცირება პირდაპირ ნიშნავს თქვენი კომპანიებისა და თანამშრომლებისთვის გამოუსწორებელ ზიანს.
გაემიჯნეთ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს, გადაარჩინეთ ათასობით თქვენი თანამშრომელი სამუშაოს დაკარგვას.
რუსულ რეჟიმთან თანამშრომლობას თავისი ფასი აქვს და მძიმე შედეგები მოჰყვება!" - წერს ხაზარაძე.