უკრაინელი ჟურნალისტი აცხადებს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რეზოლუცია უკრაინულმა დელეგაციამ და ქართულმა ოპოზიციამ ერთობლივად მოამზადეს
უკრაინულმა დელეგაციამ და ქართულ ოპოზიციამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რეზოლუცია ერთობლივად მოამზადეს, რომელიც ფაქტობრივად, ქართული დელეგაციის ლიკვიდაციას გამოიწვევს, – ამის შესახებ უკრაინული ტელეარხის „ფრიდომ“-ის ჟურნალისტმა, ოლეგ ბორისოვმა პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს განაცხადა.
მისი თქმით, ქართული დელეგაცია აპრილამდე ასამბლეაში ხმის უფლებით სარგებლობს, თუმცა, უკრაინული დელეგაციის და ქართული ოპოზიციის ეშმაკობა იმაში მდგომარეობს, რომ ზამთრის სესიაში მხოლოდ ერთი კენჭისყრაა, რომელიც 30 იანვარს შედგება.
„მომზადდა რეზოლუცია, რომელიც ფაქტობრივად, უკრძალავს ქართულ დელეგაციას, რომელიც პრორუსული პარტია „ქართული ოცნებისგან“ შედგება, აწარმოოს რაიმე სახის დებატები, კენჭისყრაში მიიღოს მონაწილეობა. რეზოლუციაში სამი პუნქტია: პირველი, საქართველოში ახალი არჩევნების დანიშვნა საპარლამენტო ასამბლეის აპრილის სესიისთვის; ყველა დაკავებულის გათავისუფლება, რომლებიც ანტისამთავრობო აქციების დროს დააკავეს; და მესამე, თუ ეს არ მოხდება, ასამბლეა ქართული დელეგაციის უფლებამოსილებას განიხილავს. ეს ფაქტობრივად, ქართული დელეგაციის ლიკვიდაციას მოახდენს. საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, მარია მეზენცევამ განაცხადა, რომ ეს ძალიან კარგი და ეშმაკური სვლაა, რადგან ქართული დელეგაცია აპრილამდე ხმის უფლებით სარგებლობს, მაგრამ ზამთრის სესიაში კენჭისყრის მხოლოდ ერთი დღე იქნება, ანუ 30 იანვარს. ესეც ასეთი პატარა ეშმაკობაა, რომელიც უკრაინელმა დელეგატებმა ქართულ ოპოზიციასთან ერთად შეიმუშავეს, რომ პრორუსული პარტიების მუშაობა მაქსიმალურად იყოს ბლოკირებული, აქაც კი, ამ საერთაშორისო ინსტიტუციაში“, – აღნიშნა ოლეგ ბორისოვმა.