"გვაქვს ვერსიები, რომ სხვამ დატოვა მისი ნივთები და რაღაც სცენარს ათამაშებს, ტელეფონიც ავია რეჟიმზე იყო, ეს დაგეგმილს ჰგავს" - რას ამბობს ადვოკატი ბათუმში დაკარგული 14 წლის მოზარდზე?
ბათუმში დაკარგულ 14 წლის მოზარდს, ალექსანდრე მიქელაძეს უშედეგოდ ეძებენ. იგი 16 იანვარს, 22 საათიდან გაუჩინარდა და მას შემდეგ კვალს ვერსად მიაგნეს. ალექსანდრე ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მეცხრე კლასის მოსწავლეა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მისი პირადი ნივთები და ტელეფონი ზღვის სანაპიროზე, სკამზე იპოვეს, თურმე კამერებში ჩანს, სანაპიროსკენ მიმავალი ბიჭიც და მას შემდეგ კვალი ქრება. ოჯახის წევრების თქმით, ალექსანდრე იმ საღამოს ინგლისურის გაკვეთილიდან მარტო გამოვიდა და მას შემდეგ დაიკარგა. საქმეში, ბუნებრივია, ჩართულია პოლიცია, სამაშველო სამსახურები, მაგრამ ჯერჯერობით, ხელჩასაჭიდი არაფერია.
ორი დღის წინ, საქმეში ჩაერთო ადვოკატი პაატა შავაძე, მან ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში დაწერა.
"არასრულწლოვანი ალექსანდრე მიქელაძის კანონიერ ინტერესებს სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებაში დღეიდან მე დავიცავ! გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ დაზარალებულის საპროცესო სტატუსზე დღემდე არ უფიქრია პროკურატურას. გამოძიება არ მიმდინარეობს ეფექტურად. ძალიან ბევრი შენიშვნა მექნება!" - დაწერა მან ორი დღის წინ "ფეისბუქში".
რადგან დიდია საზოგადოების ინტერესი და ყველა ელოდება ალექსანდრეს გამოჩენას, საქმეში არსებული მეტი დეტალის გასარკვევად ადვოკატმა პაატა შავაძემ "კვირის პალიტრასთან" ისაუბრა:
- ბატონო პაატა, როგორც ვიცით, ჩაერთეთ საქმეში, რას გეუბნებათ გამოძიება?
- მე ვარ ალექსანდრეს ადვოკატი, ბუნებრივია, საქმე აღძრული იყო და მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებებიც ჩატარებულია, მაგრამ ბავშვი არ იყო დაზარალებულად ცნობილი. პროკურატურას მივეცი შესაბამისი მითითება, დავუსაბუთე, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ჩემი ჩართვიდან ერთ საათში ალექსანდრე მიქელაძე ცნობილია დაზარალებულად. ახლა საქმის მასალებს ამზადებენ, რომ გადმოგვცენ და ამ სტატუსის შემდეგ, ჩვენ უკვე შეგვიძლია სრული ინფორმაცია ამოვიღოთ, თუ რა ხდება ამ საქმეზე. საქმის კურსში ვარ, არაერთი განჩინებაა სასამართლოს მიერ გაცემული, არაერთი ვიდეოა ამოღებული და მუშაობენ. ვიმედოვნებთ, რომ ბავშვი ცოცხალია, ჯანმრთელია და არ მინდა დავიჯერო, რომ ის აღარ არის. ჩემი ინტუიციაც მაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ვთქვა - ბავშვი ცოცხალია. ის რაღაცას გაექცა. ეს შინაგანი პროტესტია თუ რა, საბოლოოდ გაირკვევა. საგამოძიებო მოქმედები მიდის, რაც ნათელს მოფენს ამ საქმეს.
- როგორც მშობლები ჩვენთან საუბარში ამბობდნენ, ბავშვმა დატოვა ჩანთა, ტელეფონი, ქურთუკი, ვიდეო ჩანაწერებიდან სხვა რაიმე ხელჩასაჭიდი არ იკვეთება?
- ეს არ ვიცით, ბავშვმა დატოვა თუ არა, სხვა ვერსიებიც გვაქვს, შეიძლება სხვამ დატოვა და ვიღაც რაღაც სცენარის გათამაშებას აკეთებს. არ ვიცით, ალექსანდრე რა გარემო პირობებშია ახლა, შეიძლება თავისუფლების უკანონო აღკვეთასაც აქვს ადგილი. კამერებში ჩანს, რომ ყოფილი შაუმიანის კვეთიდან მიემართება ზღვის ნაპირისკენ, მაგრამ ადგილზე მისვლა, ნივთების დალაგება არ ჩანს კამერებში. ისე საეჭვოდ დაკეცილია და დადებულია, ტელეფონიც ავია რეჟიმზე იყო გადაყვანილი, ეს დაგეგმილს ჰგავს, კითხვებს აჩენს, შესაბამისი სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს.
- ზღვის სანაპიროზე ბავშვის სამძებრო სამუშაოები გრძელდება?
- სანაპიროზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. პარალელურ რეჟიმში მუშაობენ სხვაგანაც. ჩვენ თუ დავუშვებთ იმ ვერსიას, რომ ბავშვი ზღვაში დაიხრჩო, თვითონ როგორც განმარტავენ, ამ სეზონზე, ცივი წყლის პირობებში, თურმე ზღვიდან გამორიყვა ვერ ხდება, მაგალითად, 100 პროცენტიდან თუ ხდება, 2-3 პროცენტი. ასეთი რაღაც დაუშვეს, როგორც სპეციალისტები განმარტავენ, თუმცა იყო ამ დღეებში სხვა მამაკაცის გამორიყვის ფაქტი. ჩვენ მაინც უფრო სხვა ვერსიებზე ვმუშაობთ, მე და ჩემი ბევრი კოლეგა ნაკლებად ვფიქრობთ, რომ ბავშვი ზღვაში დაიხრჩო, ყველა ვერსია განიხილება, ყველა ვერსია იურიდიული შეფასების ღირსია, ტელეფონებზე შემოსულ ყველა ინფორმაციას ვამოწმებთ. პოლიცია ცალკე, მეც დამოუკიდებლად ვიძიებ ამ საქმეს, როგორც ადვოკატი.
- რა სახის ზარები შემოდის?
- ვთქვათ, დაგვირეკავენ აქ არის, ამა და ამ ქუჩაზე ვნახეთ მსგავსი გარეგნობის ბიჭი და ეს ყველაფერი მოწმდება. ხალხი ძალიან აქტიურობს. ხშირად რეკავენ. ახლა ალექსანდრეს დაზარალებულად ცნობის შემდეგ საქმის მასალებზე მექნება წვდომა, რომ რამე არ დარჩეს გამოუკვლეველი. საზღვარი შემოწმდა, თურქებთანაც მიდის მუშაობა, იქაც მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები ზღვის სანაპიროზე, იქ ხომ არ გამორიყა. ან ბავშვი ხომ არ არის გადაყვანილი. ყველა ვერსია მოწმდება. არის რამდენიმე საყურადღებო ვერსია, მაგრამ ახლა ამაზე ვერ ვისაუბრებ, გამოძიებას ხელს ვერ შევუშლი, ვცდილობთ, გამოვკვეთოთ, რა მოხდა.
- ბოლო კომუნიკაცია ალექსანდრეს ვისთან ჰქონდა?
- ყველაფერი ცნობილია, დაიკითხა 80-მდე ადამიანი. სახლში პრობლემებთან დაკავშირებით რაიმე გამოკვეთილი ვერსია არ არის. ოჯახის წევრებთან კონფლიქტი არ იკვეთება. ვიმედოვნებთ, რომ მალე გაირკვევა ყველაფერი და გამოჩნდება. ათასი ჭორი დადის ქალაქში, უამრავი ადამიანია დაკითხული, ვისაც ოდნავ რამე შეხება ჰქონდა, ყველა დაკითხულია. ზღვის გამორიყვა მიღრღნის გულს, მაგრამ ამით ვიწყნარებთ თავს, რომ ამდენი ხანი არ გამორიყა. მე მაინც იმედიანად ვარ ნაკლებად ვფიქრობ ამას, საქმის მასალებიდან არ იფიქრებ, რომ ბავშვი დაიხრჩო ან თავი მოიკლა, უფრო მეტად სხვა თემები მუშავდება, უფრო სხვა ვერსიებს განვიხილავთ. ჩვენ უფრო თბილისისკენ ვაკეთებთ აქცენტს. ვნახოთ, რა იქნება, ღმერთმა ქნას, კარგი ამბები გავიგოთ, რომ რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს ბავშვი ოჯახს.