როგორ გაანაწყენა ელისაბედ II და რაზე ეკამათა ჩარლზ III-ს? - დონალდ ტრამპი და მისი ურთიერთობა ბრიტანეთის სამეფო ოჯახთან
ბრიტანეთის სამეფო ოჯახი ისტორიულად, მნიშვნელოვან როლს თამაშობდა შეერთებულ შტატებსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის კავშირის განმტკიცებაში, ამიტომ, აშშ-ს პრეზიდენტები ყოველთვის ცდილობდნენ დიპლომატიური კავშირებისა და მეგობრული კონტაქტების დამყარებას სამეფო ოჯახის წევრებთან. ამის მიუხედავად, დონალდ ტრამპის ურთიერთობა ბრიტანეთის სამეფო ოჯახთან ყოველთვის რთული იყო და ზოგჯერ არაკორექული განცხადებებიც კი ახლდა.
დონალდ ტრამპის ურთიერთობა დედოფალ ელისაბედ II-თან
2018 წელს, უინძორის სასახლეში, დედოფალ ელისაბედ II-თან პირველი შეხვედრისას დონალდ ტრამპმა მედიის ყურადღება მიიპყრო, როდესაც სამეფო გვარდიის შემოვლის დროს მონარქს წინ გაუსწრო. ეს სამეფო პროტოკოლის უხეში დარღვევად შეფასდა, რაც მაშინვე გააშუქა New York Times-მა და რამდენიმე სხვა გამოცემამ.
დიდ ბრიტანეთში ვიზიტიდან ერთი წლის შემდეგ, დონალდ ტრამპმა ბრიტანეთის სამეფო ოჯახის და განსაკუთრებით დედოფლის მისამართით უამრავი თბილი სიტყვა თქვა და აღნიშნა, რომ მასთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს. ამის მიუხედავად, 2022 წლის სექტემბერში, როდესაც ელისაბედ II გარდაიცვალა, ტრამპი დაკრძალვას არ დასწრებია, რასაც უამრავი მითქმა-მოთქმა მოჰყვა.
თუ მწერალ კრეიგ ბრაუნის წიგნს ვენდობით, პრეზიდენტ ტრამპის ვიზიტის შემდეგ, დედოფალმა ერთ-ერთ სადილზე აღნიშნა, რომ ის ძალიან უხეშია. ელისაბედ II-ს განსაკუთრებით არ მოეწონდა როგორ ათვალიერებდა ტრამპი საზოგადოებას თითქოს ვიღაც უფრო საინტერესოს ეძებდა. წიგნის გამოსვლის შემდეგ დონალდ ტრამპმა კრეიგ ბრაუნს ნაძირალა უწოდა და თქვა, რომ ის გარდაცვლილი დედოფლის საყვარელი პრეზიდენტი იყო.
მეფე და პრეზიდენტი
დონალდ ტრამპსა და მეფე ჩარლზ III-ს შორის ურთიერთობა 2019 წელს დაიძაბა, როდესაც ისინი ლონდონში, კლიმატის ცვლილებების განსახილვებზე შეხვდნენ, თუმცა იმ დროს ტრამპი ჯერ კიდევ არ იყო აშშ-ს პრეზიდენტი და ჩარლზი არ იყო დიდი ბრიტანეთის მეფე.
დონალდ ტრამპმა, რომელიც კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით გარკვეულ ეჭვებს გამოთქვამდა, მეფესთან საუბრის შემდეგ განაცხადა: „ჩვენ სასიამოვნო საუბარი გვქონდა და მე დავინახე მეფის ზრუნვა მომავალი თაობების მიმართ. ის ამას არა საკუთარი თავისთვის, არამედ მომავალი თაობებისთვის აკეთებს“.
ბრიტანული მედიის ცნობით, დონალდ ტრამპისა და პრინცი ჩარლზის საუბარი დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა. პრინცი შეშფოთებული იყო გარემოსდაცვით საკითხებში ტრამპის პოლიტიკასა და სამეფო ოჯახის ღირებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობით, მაგრამ ის თავის პოზიციაზე დარჩა.
ტრამპის პრინცესა დიანას შესახებ
ბრიტანელ ხალხს დღემდე ახსოვს დონალდ ტრამპის არაკორექტული გამოთქმა მეფე ჩარლზ III-ის ყოფილი მეუღლის, უელსის პრინცესა დიანას მიმართ, რომელიც 1997 წელს, ავტოკატასტროფაში დაიღუპა. დონალდ ტრამპს, რომელიც The Howard Stern Show-ში მონაწილეობდა, წამყვანმა ჰოვარდ სტერნმა ჰკითხა: შეგეძლოთ ლედი დის მოხიბვლა, მისი გულში ჩაკვრა? რაზეც ტრამპმა უპასუხა - ვფიქრობ, შემეძლო.
დიალოგმა საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია, რადგან ეს პრინცესას გარდაცვალებიდან ძალიან მალე მოხდა. იმ დროს, როდესაც ჟურნალ-გაზეთები სამგლოვიარო წერილებით და პრინცესას მოგონებებით იყო სავსე ბევრმა ტრამპის კომენტარი უადგილოდ და არაკორექტულად მიიჩნია.
დონალდ ტრამპი და ქეთრინ მიდლტონი
კიდევ ერთი უსიამოვნო შემთხვევა 2012 წელს მოხდა, როცა ჟურნალებში წელს ზემოთ შიშველი ქეითის ფოტოები გამოქვეყნდა, რომელიც მზის აბაზანებს იღებდა.
„ქეთრინ მიდლტონი მშვენიერია, მაგრამ მზის აბაზანებს შიშველი არ უნდა იღებდეს“ - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში და მალე კიდევ ერთი კომენტარი დაამატა: „ ქეითი რომ შიშველი არ ყოფილიყო, ფოტოს ავტორი უზარმაზარ ფულს ვერ იშოვიდა. ასე რომ პრინცესა თავად არის დამნაშავე.“
აღსანიშნავია, რომ ბრიტანულმა მედიამ და სამეფო ოჯახმა პრინცესას პირადი ცხოვრების ხელყოფა დაგმეს და ბევრმა ადამიანმა ჰერცგინიას მხარდაჭერა გამოუცხადა, ამიტომ სამეფო ოჯახმა ტრამპის კომენტარი არაკორექტულად და შეურაცხმყოფელად მიიჩნია. მომხდარს მედიაში მწვავე დებატები მოჰყვა, სადაც საზოგადო მოღვაწეების, განსაკუთრებით სამეფო ოჯახის წევრების პირადი ცხოვრების საზღვრები განიხილეს.
ტრამპის კომენტარები მეგან მარკლისა და პრინც ჰარის შესახებ
2020 წელს, მას შემდეგ, რაც პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა სამეფო სტატუსზე უარი თქვეს, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ მოსწონს წყვილის გადაწყვეტილება, განსაკუთრებით მათი საცხოვრებლად შეერთებულ შტატებში გადასვლა. ამერიკულ მედიასთან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მათი უსაფრთხოების ხარჯებს არ დაფარავს.
„გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰარი და მეგანი, რომლებმაც დიდი ბრიტანეთი დატოვეს, კანადაში იცხოვრებდნენ, თუმცა მათ კანადა დატოვეს და საცხოვრებლად შეერთებულ შტატებში გადავიდნენ, მაგრამ შტატები მათ დაცვის ხარჯებს არ დაფარავს. ამაზე თავად უნდა იზრუნონ“ - თქვა დონალდ ტრამპმა ერთ-ერთ ინტერვიუში.
2024 წლის თებერვალში, დონალდ ტრამპი ამ თემას ისევ დაუბრუნდა და ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მასზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, არ დაიცავდა ჰარის, რომელმაც ოჯახს უღალატა. ნათელია, რომ ის სამეფო ოჯახის ყოფილი წევრების გულშემატკივარი არაა, ისევე როგორც მისი ვაჟი ერიკი, რომელსაც ჰარისა და მეგანთან დიდი ხნის მტრობა აქვს. ახლა, როდესაც დონალდ ტრამპი მეორე ვადით აირჩიეს აშშ-ის პრეზიდენტად, ბევრს აინტერესებს, რა შეიცვლება სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიასთვის და ინანებს თუ არა ჰარი ინგლისიდან წასვლას...
თარგმანი TIA.GE